21-ე ტურში "სამეფო კლუბმა" "ოსასუნასთან" გასვლით დაპირისპირებაში მოულოდნელად წაიფორხილა და ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსსაიდერთან 0:1 წააგო. ეს წარუმატებლობა იმ ფაქტის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი გახდა, რომ მადრიდელებს "შეტევაში" პრობლემები აქვთ და "მანჩესტერ სიტიდან" ემანუელ ადებაიორის გადმოყვანამ სიტუაცია უკეთესობისკენ ბევრი ვერაფრით შეცვალა.
ამ წაგების შემდეგ "რეალის" ჩამორჩენა ლიდერ "ბარსელონასთან" 7 ქულამდე გაიზარდა, რის გამოც ბევრმა ჩემპიონატის მოგება კატალონიელებს ვადამდე უწინასწარმეტყველა. თუმცა "ბლაუგრანას" თავკაცი მოვლენებს სხვა კუთხით უყურებს და ესპანეთის პირველობაში ინტრიგის ჩაკვლას არ ჩქარობს.
"ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და ყურადღება მხოლოდ
ჩვენს თამაშზე გადავიტანოთ. საკმარისია მოვდუნდეთ, რომ "რეალს" კვლავ გაუჩნდება მოახლოების შანსი. წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა და თუ გამარჯვება გვინდა, შეცდომები არ უნდა დავუშვათ. თუ წავაგებთ, ამაში დამნაშავე თავად ვიქნებით", - განაცხადა გვარდიოლამ.
პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში "ბარსელონა" თავის მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს, "რეალს" კი "სოსიედადი" ესტუმრება.
.