როცა ვარსკვლავებს კაშკაშში აჯობეს

AutoSharing Option

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შემდეგ Goal.com-მა შეადგინა სიმბოლური ნაკრები. 4-3-3 - ასეთია ტურის რჩეულთა სიმბოლური ტაქტიკური განლაგება. ტური ოდნავ უცნაური გამოდგა, რადგან ვარსკვლავებმა ნაკლებად, მაგრამ მათ ჩრდილში მყოფებმა უფრო გაიბრწყინეს.

მეკარე
რიკარდო (ოსასუნა): იცით, რამდენი წლისაა "ოსასუნას" მეკარე რიკარდო ლოპეს ფელიპე? 39-ის და მალე 40-ისაც გახდება! გოლკიპერს, რომელსაც ერთ დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" უთამაშია, რეაქცია არც ახლა დაეწუნება. თუ არ გჯერათ, პრიმერას მთავარმეგოლე კრიშტიანო რონალდოს დაეკითხეთ! მოურინიოს გუნდმა პამლონაში პირველად წააგო საშუალო ესპანურ გუნდთან (აქამდე მხოლოდ "ბარსასთან" დამარცხდა).

 

ის, რომ "ოსასუნამ" კარი

მშრალად შეინახა, რიკარდოს დამსახურებაცაა. პირველ ტაიმში მან ქარიმ ბენზემას დარტყმული მოიგერია, ეპიზოდი საგოლე იყო. ერთხელ რონალდოს ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. მოკლედ, რიკარდომ უშეცდომოდ ითამაშა.

მცველები
ანდონი ირაოლა (ბილბაო): ბილბაოელებმა "ვისენტე კალდერონზე" გაიმარჯვეს, ეს კი უკვე ნახევარი გმირობაა. 28 წლის მარჯვენა მცველმა ორი ზუსტი ჩაწოდებით, ორი საგოლე პასი მიითვალა, მისი გადაცემების ადრესატი ორჯერვე გაისკა ტოკერო იყო.


გონსალო როდრიგესი (ვილიარეალი): ამ სეზონში "კორნელია ელ პრატი" ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე სტადიონია, თუმცა "ვილიარეალმა" არა მარტო მოიგო, არამედ, გოლი არ გაუშვია, რასაც "ელ სუბმარინოს" ხელმძღვანელობა 26 წლის არგენტინელ მცველ გონსალო როდრიგესს უნდა უმადლოდეს. მან გამოჯანმრთელებულ კარლოს მარჩენასთან ერთად დაცვის ცენტრში საიმედო დუეტი შექმნა.


სერხიო (ოსასუნა): კიდევ ერთ ვეტერანს გამოვარჩევთ ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდიდან. 33 წლის ტანმაღალი ასტურიელი მცველი კვირას გადაულახავი კედელი იყო "რეალის" ცენტრფორვარდებისათვის. "ლოს როხილიოსის" მცველი ჯერ იოლად გაუმკლავდა ქარიმ ბენზემას, მერე - "რეალის" დებიუტანტ ემანუელ ადებაიორსაც.


ხუანფრანი (ლევანტე): მოკლედ, ვეტერანების ტურია - "ლევანტეს" 34 წლის მარცხენა მცველმა ხუან ფრანსისკო გარსიამ "ხეტაფესთან" თავი ყოველმხრივ გამოიჩინა. ხუანფრანის კარიერა "ლევანტეში" დაიწყო, შემდეგ ნახევარი ევროპა მოიარა ("ვალენსია", "ბეშიქთაში", "აიაქსი", აეკ) და ამ სეზონში ისევ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ეს ის ხუანფრანია, რომელიც 5-10 წლის წინათ ესპანეთის ნაკრებშიც თამაშობდა. "ხეტაფესთან" მატჩში თავის ფლანგის ბატონ-პატრონი იყო.

 

ნახევარმცველები
ნიკოლას ბერტოლო (სარაგოსა): 25 წლის არგენტინელი "პალერმოს" ეკუთვნის, მაგრამ იქ ანტონიო ნოჩერინოსთან კონკურენციაში დაიჩაგრა და "სარაგოსაში" იჯარით აღმოჩნდა. ის პირველად თამაშობდა არაგონელთა სასტარტო შემადგენლობაში და იმდენად კარგად ითამაშა, რომ სიმბოლურშიც მოხვდა. "მალაგას" კარში ბერტოლომ ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. "სარაგოსა" აგებდა, როცა არგენტინელმა თავით ტყვიასავით გაისროლა ბურთი მასპინძელთა კარში.


ჩავი (ბარსელონა): ამდენი ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელის შემდეგ, სიმბოლურში პირველ ვარსკვლავსაც მივადექით. ჩავის და მის თანაგუნდელებს "ერკულესმა" დაწყობილი დაცვით გვარიანი გამოცდა მოუწყო, მაგრამ სწორედ ჩავიმ გაჭრა ეს დაცვა და პედროს პირველი და უმნიშვნელოვანესი გოლი გაატანინა.


დიეგო კასტრო (სპორტინგი): ხიხონელთა მარცხენა გარემარბი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. პალმაში "მალიორკას" 4:0 განადგურებაში მისი წვლილი დიდია - 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. ახლა მანუელ პრესიადოს გუნდი გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.

თავდამსხმელები
პედრო (ბარსელონა): 23 წლის პედრო როდრიგესის შეჩერება პრიმერაში არ გამოსდით, ზედიზედ 6 ტურია, რაც თავდამსხმელს გოლი გააქვს. "ერკულესთან" მატჩში პირველი გოლი მის ანგარიშზეა. მან ხუან კალატაიუდს მაშინ გაუტანა, როცა მის თანაგუნდელებს მოედანზე თითქმის არაფერი გამოსდიოდათ.


ალვარო ნეგრედო (სევილია): "ლოს ნერვიონენსესი" "რიასორზე" "დამარხეს" და ჩამოწერეს, "სევილია" 0:2-ს აგებდა, როცა "რეალის" ყოფილი ფორვარდი ამოქმედდა. პირველად ნეგრედომ არცთუ ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მეორე დიდებული იყო - ბრწყინვალედ გაიჩერა ბურთი მკერდზე და შემდეგ ის შორეულ კუთხეში გაგზავნა. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.


გაისკა ტოკერო (ბილბაო): ტოკეროს სეზონი ჩაუვარდა, "ატლეტიკოსთან" მატჩამდე მას გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ "ვისენტე კალდერონზე" ბასკი ფორვარდი "აფეთქდა" - დუბლი შეასრულა დავიდ დე ხეას კარში.


სხვები, ვისი აღნიშვნაც გვსურდა: დიეგო ლოპესი (ვილიარეალი), ლასად ნუინუი (დეპორტივო), ლაურე (დეპორტივო), ხავიერ კამუნიასი (ოსასუნა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ფელიპე კაისედო (ლევანტე).

 

"დონ ბალონის" შეფასებით საუკეთესო ფეხბურთელები ლა ლიგაში:

ფეხბურთელი გუნდი თ. ქულა საშუალოდ
1. ლეო მესი ბარსელონა 18 141 7,83
2. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 21 155 7,38
3. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 20 147 7,35
4. ბორხა ვალერო ვილიარეალი 19 138 7,26
5. სანტი კასორლა ვილიარეალი 20 143 7,15
6. დიეგო ალვეში ალმერია 21 149 7,10
7. კრიშტიანო რონალდო რეალი 21 148 7,05
8. ნილმარი ვილიარეალი 16 111 6,94
9. დავიდ ვილია ბარსელონა 20 136 6,80
10. ნელსონ ვალდესი ერკულესი 16 108 6,75
11. ჩავი ბარსელონა 18 121 6,72
12. პედრო ბარსელონა 21 141 6,71
13. მესუთ იოზილი რეალი 21 140 6,67
14. დიეგო ლოპესი ვილიარეალი 21 140 6,67
15. ჩაბი პრიეტო სოსიედადი 21 140 6,67
16. ხავი მარტინესი ბილბაო 20 133 6,65
17. დუდუ ავატე მალიორკა 20 133 6,65
18. კარლოს კამენი ესპანიოლი 17 113 6,65
19. კარლეს პუიოლი ბარსელონა 16 106 6,63
20. ბრუნო სორიანო ვილიარეალი 21 139 6,62.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული