10:30 12-01-2016
ახალი "რეალი" ზიდანის არომატით - რა და როგორ იცვლება "სამეფო კლუბში"?
AutoSharing Option
"რეალმა" 5:0 მოუგო კერკეტ "დეპორტივოს", რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგია. "რეალის" თამაშს ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა.
ჩვენ ვნახეთ გარეთ ბეილის ბენეფისი. ვერ ვნახეთ ძალიან მონდომებული კრიშტიანო რონალდოს გოლი, მაგრამ სამაგიეროდ, ვეღარ ვიხსენებთ, როდის ვნახეთ ასე მოტივირებული კრიშტიანო.
მაინც, რა ვნახეთ ახალი "რეალის" თამაშში? მივყვეთ თანმიმდევრობით და ვეცადოთ, რომ არაფერი გამოგვრჩეს. ზინედინ ზიდანის დებიუტი დაწვრილებით ანალიზს ნამდვილად იმსახურებს. ფრანგმა ძირფესვიანად არა, მაგრამ "რეალი" მაინც შეცვალა.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ "სამეფო კლუბმა" ახალი ტაქტიკური სქემით ითამაშა. ეს სქემა იყო 4-2-3-1.
ეს იყო ძალიან მოქნილი და შემტევი სქემა, თუმცა ამ განლაგების ავ-კარგის ანალიზი სამომავლოდ გადავდოთ, რადგან ერთი თამაშის შემდეგ არც ერთი სქემის გარშემო არაფერი ითქმის - ის დრომ უნდა გამოსცადოს.
ზიდანი "რეალში" რამდენიმე მისიით მივიდა და ამ მისიათა შორს ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში "შინაურები" უნდა დააბრუნოს ან დააწინაუროს.
შემთხვევით როდი მოხდა, რომ "რეალის" ძირითადში ჩვენ ვნახეთ კარვახალი და ისკო. არცერთ მათგანს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ფლორენტინო პერესი ზიდანთან აუცილებლად ისაუბრებდა ამ საკითხზე. პერესმა იცის, როგორ მოიგოს საზოგადოების გული. მან იცის, რომ დღეს მადრიდში ქარი ადგილობრივების, "რეალის" სკოლის აღზრდილების და არა ძვირად ღირებული ვარსკვლავების სასარგებლოდ ქრის.
ყველაფერი ეს კი მაშინ დაიწყო, როცა ტურინის "იუვენტუსის" ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან დაიფრინა. ეს პერესისათვის დიდი და მტკივნეული დარტყმა იყო. მოგეხსენებათ, მორატა "რეალის" აღზრდილია.
ისიც არ არის გამორიცხული, "რეალმა" პერესის უშუალო ძალისხმევით მორატას დაბრუნება ისურვოს და მაშინ ფეხბურთელთან ერთად დიდი დილემის წინაშე "იუვენტუსიც" დადგება.
როგორი საქმეა, უარი უთხრა მშობლიურ "რეალს", მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ - ალვარო მორატას ახსოვს, რომ თავის დროზე ის ზედმეტი ტვირთივით მოიშორეს.
ამის დავიწყება ძალიან ძნელია, მაგრამ "რეალი" ყოველთვის "რეალია" და ცხადია, მორატასაც აუცილებლად ეცოდინება ანდაზა, რომლის მიხედვითაც, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.
ახლა ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც. ვინც "რეალისა" და "დეპორტივოს" მატჩს ადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ მადრიდელი ფეხბურთელების თითოეულ მოძრაობაში ჩანდა განსაკუთრებული მოტივაცია, იდო დიდი ენერგია.
როგორც ჩანს, სულაც არ იყო რეალობას მოკლებული ის, რის თაობაზეც ესპანური პრესა წერდა და რაც, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჩანდა. ამ პოსტულატის თანახმად, "რეალის" ფეხბურთელები არ თამაშობდნენ მთელი ძალით, რადგან რაფა ბენიტესის მწვრთნელობა არ ეპიტნავებოდათ.
"რეალი" უფრო მეტს და სწრაფად გადაადგილდებოდა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათლად ჩანდა. კრიშტიანოც კი გამოფხიზლდა. ამბობენ, რონალდო და ბენიტესი ერთმანეთს ვერ იტანდნენო.
ღმერთმა უწყის, ეს ასე იყო თუ არა, მაგრამ ის კი ცხადი გახლდათ, რომ პორტუგალიელი რაღაცაზე ბრაზობდა და იბუტებოდა.
კარგი იქნებოდა, "დეპორტივოსთან" რონალდოს გაეტანა, მაგრამ ის აუცილებლად გაიტანს. რონალდო "დეპორთან" ფატალურ უიღბლობას წააწყდა. ასეთი რამ მომავალში აღარ გამეორდება ან თითქმის აღარ გამეორდება.
ნებისმიერი გუნდის თამაშის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სიძლიერის მოწინააღმდეგესთან უწევს მას საქმის დაჭერა. მატჩის ანგარიში სხვა რამეზე მეტყველებს, მაგრამ "დეპორტივო" წლეულს განსაკუთრებით კარგია.
ის ძალიან იშვიათად ნადგურდება ისე, როგორც "რეალთან" განადგურდა. ზიდანმა შეტევაში თამაშის რეცეპტს მიაგნო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწისია და გაგრძელება აუცილებლად უნდა იყოს.
ყველამ ვიცით, რომ "რეალში" თამასა ძალიან მაღლაა აწეული და რომ იქ დასამკვიდრებლად, თუნდაც ზიდანისათვის, შესაძლოა, ერთი დიდებული თამაში კი არა, დიდებული სეზონიც არ არ იყოს საკმარისი.
არის კიდევ ერთი დელიკატური მომენტი. როგორც აღვნიშნეთ, "რეალის" გეზი, წესით, თავისი აღზრდილების დაწინაურება უნდა იყოს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, მადრიდელთა კოლუმბიელმა და ბრაზილიელმა ვარსკვლავებმა, ხამესმა და დანილომ შედარებით უკანა პლანზე გადაიწიონ.
არც დანილო და მით უმეტეს, არც ხამესი არ შეეგუებიან იმას, რომ ხშირად დარჩნენ სათადარიგოთა სკამზე. საერთოდ, არავინ იცის, როგორი იქნება "რეალი" მომავალ სეზონში. ამბობენ, რომ პერესი და ზიდანი სრულიად ახალ "რეალს" ააწყობენ.
საერთოდ, მომავალი სეზონის წინა პერიოდი ბევრ საინტერესოს გვიქადის. ზამთარში ყველა ერიდება გუნდის კარდინალურად გადახალისებას. ზაფხული ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.
პერესი კი არასოდეს ერიდება ექსპერიმენტებს და ზიდანის ავტორიტეტიც იმხელაა, რომ ხისტი გადაწყვეტილებების მისაღებად ნამდვილად უნდა იკმაროს. დანარჩენს ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ.
ჯერ მხოლოდ ჟურნალია. კინო ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. კინო მეგამსახიობით. მთავარ როლშია ზინედინ ზიდანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცნობისათვის ბავარიას ვგულშემატკივრობ, შენი მესიც და რეალიც სულ მკიდია
0
0
გელა კარგად ხარ? :)))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული