ღამურების გასაჭირი: რა არის "ვალენსიას" ღრმა კრიზისის მიზეზი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ესპანური პრიმერა დაიწყო, "ვალენსია" საშინლად თამაშობს. "ღამურებმა" სამ შეხვედრაში ამდენივე მარცხი იწვნიეს. ისინი გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან.

შესაძლოა, წარუმატებლობისათვის დროებითი გვეწოდებინა, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხი კატასტროფულია. განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება "ვალენსია" დაცვაში. ფაქტია, "მესტალიას" ბინადრები კრიზისში არიან. ამას თავისი მიზეზები აქვს.

მმართველობა
სინგაპურელი ბიზნესმენი ბიზნესმენი პეტერ ლიმი გუნდის აქციების 70,4 პროცენტს ფლობს. მის მისვლას "ვალენსიაში" ყველა დიდი იმედით შეხვდა. აზიელს სოლიდური ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა კლუბში, რომელიც ბოლო წლებში გამუდმებით უჩიოდა ფინანსურ არასტაბილურობას.

სამწუხაროდ, ლიმის გუნდში მისვლამ ჯერ სასიკეთოდ
ვერაფერი შეცვალა. პირიქით, კვლავ გრძელდება ქაოტურზე ქაოტური სატრანსფერო პოლიტიკა. "ვალენსია" ელევა ლიდერებს და მათ ნაცვლად შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელებს ვერ ყიდულობს. ცხადია, ეს გუნდის შედეგებზე აისახება.

ვინ არის პაკო?
მოგეხსენებათ, გასულ სეზონის ბოლოსკენ პაკო აიესტარანი მივიდა.
რა ვიცით მის შესახებ? აიესტარანს თითქმის არ უთამაშია ფეხბურთი. ის რამდენიმე გუნდში იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. მათ შორის - "ვალენსიაში". მუშაობდა ისრაელში, სადაც თელ ავივის "მაკაბის" წვრთნიდა.

რამდენად საკმარისია ეს გამოცდილება ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გასაწვრთნელად? ამის პასუხს მკითხველი პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში იპოვის.

ვინ წავიდა და ვინ მოვიდა?
"ვალენსია" სეზონის დაწყების წინ ორმა ლიდერმა დატოვა. "ბარსელონას" მიაშურეს ფორვარდმა პაკო ალკასერმა და ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა. შედარებისათვის, ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრების წევრების ნაცვლად "ვალენსიამ" "ბარსელონასგან" მარად ნიჭიერი იუნიორი, მუნირ ელ ჰადადი მიიღო.

მართალია, გუნდში მოვიდნენ კვალიფიციური ფეხბურთელები (ელიაკიმ მანგალა, ლუიშ ნანი, ესეკიელ გარაი...), მაგრამ მათ ასათამაშებლად დრო და კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდებათ.

სახელებით "ვალენსიას" დაცვას თამამად შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო იყოს პრიმერაში, ჯერ კი "ღამურების" უკანახაზელების შესრულებით საშინელებებს ვხედავთ. ასე იყო თუნდაც "ბეტისთან" შეხვედრაში.

სად არის რწმენა?
თუნდაც "ბეტისთან" შეხვედრამ ნათლად გამოაჩინა, რომ "ვალენსიას" რწმენა დაკარგული აქვს. მას შემდეგ, რაც "ღამურებმა" ანგარიში გაათანაბრეს, ყველა ელოდა, რომ გუნდი მოიგებდა, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი. პირიქით, "ვალენსიამ" გაუშვა და წააგო.

ვინ დაუბრუნებს გუნდს ამ რწმენას, ეს კიდევ საკითხავია. კიდევ ერთი: უმაღლესი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს არ ეკადრება ამდენი ნათხოვარი ფეხბურთელი. თუნდაც გრანდებიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული