ბუნდესლიგის 25-ე ტურში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ერთმა თემამ სხვა ყველაფერი დაჩრდილა: ცხადია, "ბაიერნის" კრიზისს და ვან გაალის გათავისუფლების საკითხის დღის წესრიგში დადგომას ვგულისხმობთ. ამ საკითხზე აბსოლუტურად ყველა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, აღარაფერს ვამბობთ რეკორდმაისტერის მთავარ შეფებზე, ული ჰიონესსა და კარლ-ჰაინც რუმენიგეზე, აი, მიუნხენური კლუბის
ცუდად გამოიყურება "ბაიერნის" მთავარი მარგალიტი რობენიც: "ინტერთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ მას ფეხბურთი წესიერად აღარ უთამაშია და აგერ უკვე სამი თამაშია, მხოლოდ ოხვრას ახერხებს ისე, როგორც გუნდის ლიდერს "შეეფერება". ამ დროს, თავიდან დაიბადა "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი იან შლაუდრაფი, რომელიც მიუნხენში ერთ დროს საბოლოოდ ჩამოწერეს, ახლა უკვე 27 წლისაა და "ჰანოვერში" ბრწყინავს...
თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 23-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.
უხარისხო სპექტაკლი
"აინტრახტისა" და "კაიზერსლაუტერნის" მატჩი ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, უკვე ცნობილი იყო, რომ ხარისხიან ფეხბურთს ვერ ვნახავდით. ჯერ ერთი, მეორე წრეში ფრანკფურტელებიცა და კაიზერსლაუტერნელებიც უკანასკნელი ბედოვლათები არიან და ამას ფრანკფურტის რკინიგზის მთავარ სადგურზე მომხდარი შეტაკებაც დაემატა - ფანებმა ერთმანეთს ცხვირ-პირი ამტვრიეს.
დაპირისპირება პირველ წრეშიც იყო მოსალოდნელი, მაგრამ მაშინ კაიზერსლაუტერნის პოლიციამ ყველაფერი იდეალურად გააკონტროლა, აი, ფრანკფურტელმა სამართალდამცავებმა კი მაგრად ჩაისვარეს და სწორედ შეტაკების ბრალი იყო ის, რომ გერმანიის სამხრეთდასავლეთის დერბი 15-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. 0:0 აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია და საფეხბურთო გერმანია ამ მატჩს რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი.
თავში ხომ არ აგივარდა, არიენ?
ორი აზრი არ არსებობს: არიენ რობენი ბრწყინვალე ფეხბურთელია და როცა კარგად თამაშობს, მას სავსებით სამართლიანად მოვიხსენიებთ ხოლმე ისეთი სუპერვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. მაგრამ ბოლო ორ კვირაში ჰოლანდიელმა დრიბლიორმა თავისი "მუქი მხარე" გაგვაცნო. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მსაჯი, ან მოედანზე მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელი - რობენი ყველას ყველაფერზე ეკამათება და ყველაფრით უკმაყოფილოა.
არიენი "ჰანოვერთან" მატჩის დროსაც ისე იქცეოდა, ექსპერტებსა და ქომაგების გარკვეულ ნაწილსაც ზიზღის გრძნობა გაუჩინა: რობენი ფიქრობს, რომ თუ მას ბურთი არ აქვს, ეს ფეხბურთის წინაშე უდიდესი დანაშაულია. მსაჯებთან კამათს რომ თავი დავანებოთ, რობენი უკვე თანაგუნდელებსაც ეწუწუნება. საკმარისია, რომელიმე ბაიერნელმა არაზუსტი პასი გააკეთოს და ბურთმა ჰოლანდიელამდე ვერ მიაღწიოს, რომ რობენი ხელებს შლის და წუწუნს იწყებს. ჰანოვერში "ბაიერნის" ერთადერთი გოლი არიენმა გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ძალიან ეგოისტურად მოიქცა, როცა ბრწყინვალე პოზიციაში მყოფებს, მიულერს ან რიბერის პასი არ მისცა, თვითონ დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა. არადა, იმ მომენტში მიუნხენელებს ანგარიში რომ გაეთანაბრებინათ, ვინ იცის, იქნებ "ბაიერნს" თამაში არ წაეგო.
დეგრადირებული ბალაკი
"ვოლფსბურგთან" მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ, "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ჟურნალისტები მხოლოდ ერთ თემაზე ელაპარაკებოდნენ - ხმები დაირხა, "დონ იუპსა" და მიხაელ ბალაკს შორის შავმა კატამ გაირბინაო. ბალაკი შაბათს "ლევერკუზენის" განაცხადშიც კი არ ყოფილა, იმ დღეს სულაც მარტომ ივარჯიშა, ცეცხლზე ნავთი კი იმ ფაქტმა დაასხა, რომ მიხაელი არც ტრიბუნებზე უნახავთ...
სპორტული თვალსაზრისით "ლევერკუზენში" ბალაკის საჭიროებას ვერავინ ხედავს. ლარს ბენდერმა მის ადგილზე არა მარტო კარგად ითამაშა, არამედ გოლის გატანაც შეძლო. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრწყინვალე საყრდენი არტურო ვიდალი ტრავმირებულია. ჰაინკესს ნახევარდაცვის ცენტრში ოთხი კარგი ფეხბურთელი ჰყავს: როლფესი, ვიდალი, ბენდერი და ბალიტში. რაც შეეხება ბალაკს: მისი "ლევერკუზენში" გადასვლა აშკარად შეცდომა იყო, რომელიც ზაფხულში გამოსწორდება, მაგრამ სად უნდა წავიდეს მიხაელი? საკითხავი აი, ეს არის.
ახალგაზრდა კრისტიანის ვნებანი
"ბაიერნმა" "ჰანოვერთან" რომ წააგო, გერმანელმა კომენტატორმა თქვა ის, რასაც მერე ყველა ტელერეპორტიორი იმეორებდა: "საინტერესოა, რას იტყვის ამაზე ული ჰიონესი? ან კარლ-ჰაინც რუმენიგე? ან ფრანც ბეკენბაუერი?"
...და ნერლინგერი? "ბაიერნის" სპორტული დირექტორი არავის ახსოვდა, მისი მოსაზრებით არავინ დაინტერესებულა. ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ კრისტიანის პოზიცია რეკორდმაისტერში მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. ნერლინგერს ბებერმა უდო ლატეკმაც კი დასცინა, როცა კრისტიანზე თქვა, ეს კაცი გადაწყვეტს ვან გაალის ბედსო.
როცა ული ჰიონესი "ბაიერნის" პრეზიდენტი გახდა და თავისი პოსტი ახალგაზრდა კრისტიანს ჩააბარა, ყველა ხვდებოდა, რომ ნერლინგერი ვერ იქნებოდა ისეთი ძალაუფლების მქონე მენეჯერი, როგორიც ული იყო, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. ამიტომაც, "ბაიერნისა" და ვან გაალის კრიზისი უშუალოდ ნერლინგერის კრიზისიცაა.
ფელიქს, კაი ბიჭებს პატივს სცემ?
შაბათს ფელიქს მაგათი მაგარი ტიპი იყო - "შალკეს" თავკაცი პუბლიკას მოდური მზის სათვალით წარუდგა. მართალია, სათვალე იმიტომ ეკეთა, რომ კანზე გამონაყარი ჰქონია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - მაგათს უკვე უწოდეს მაფიოზი, ტონი მონტანა, "ნათლიმამა ფელიქსი" და ა.შ.
მთავარი ისაა, რა დაინახა მაგათმა მუქი სათვალის მიღმა: ისევ საშინელი "შალკე" (თითქოს "ბაიერნის" თასიდან გაგდება და ვალენსიაში მიღწეული 1:1 სიზმარი იყო) და მისი გუნდის მჟავე მარცხი "შტუტგარტში". მიუხედავად სათვალის სიმუქისა, ფელიქს აუცილებლად დაინახავდა "შალკეს" ფანების მიერ მატჩის ბოლო წუთებზე გადმოფენილ უდიდეს ბანერს, რომელზეც ეწერა: Magath Raus! - გააგდეთ მაგათი!
ერთადერთი, რაც ფელიქსს დაამშვიდებს, ისაა, რომ მზის სათვალე მართლა ძალიან უხდებოდა... ამიტომაც Top და არა Flop.
შლაუდრაფის მეორედ დაბადება
საფეხბურთო გერმანიისთვის იან შლაუდრაფი დიდი ხნის ჩამოწერილი იყო. არცაა გასაკვირი, რადგან ფეხბურთელზე, რომელსაც "ბაიერნში" თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და მას ვერ გამოიყენებს, გერმანიაში მაშინვე ხელს ჩაიქნევენ ხოლმე. არც მის ჰანოვერულ კარიერას უჩანდა კარგი პირი - ახლა უკვე 27 წლის შლაუდრაფს მირკო სლომკა პირველ წრეში უიშვიათესად ენდობოდა, რამდენჯერმე კი სულაც განაცხადიდან ამოშალა. მირკომ იანს მეორე წრეში კიდევ ერთი შანსი მისცა და შლაუდრაფმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. შედეგი: როცა სლომკამ 81-ე წუთზე შლაუდრაფი მოედნიდან გაიყვანა, მას მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა.
ფავრის ეფექტი
კრიზისულ სიტუაციაში ერთი მწვრთნელის გაგდება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე მინიმუმ 20 ფეხბურთელის გუნდიდან გაყრა. ამიტომაცაა, ჩასვრილ გუნდებში ჯოხი ყოველთვის მწვრთნელებზე რომ ტყდება ხოლმე.
დიდი ხანია, ბუნდესლიგაში მწვრთნელის შეცვლას ისეთი ეფექტი აღარ ჰქონია, როგორც ამ სეზონში მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" მომხდარ გადაადგილებას ჰქონდა. მას მერე, რაც "გლადბახს" ლუსიენ ფავრი წვრთნის, გუნდმა სამი თამაშიდან ორი მოიგო და გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა.
გოლუხვი კრისტიან აიგლერი
კრისტიან აიგლერს აქამდე შანსი არ ჰქონდა, რომ ნიურნბერგული პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი გამხდარიყო, რადგან 2002-დან 2006 წლამდე "ნიურნბერგის" მოსისხლე მტერ "ფიურტში" თამაშობდა, მაგრამ ფრანკებმა შაბათს "ზანკტ პაული" 5:0 რომ დაამარცხეს, აიგლერმა იმ თამაშში პოკერი შეასრულა და ახლა უკვე ნამდვილად აქვს შანსი, რომ ნიურნბერგში მეტად დააფასონ. ამ გამარჯვების შემდეგ ფრანკები მეექვსე ადგილზე აღზევდნენ და ევროპის ლიგის საგზურზე სამართლიანად ოცნებობენ.
XXV ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-2-3-2)
მიხაელ რენზინგი (კიოლნი) - ტიმოთი ჩანდლერი (ნიურნბერგი), ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი), გეორგ ნიდერმაიერი (შტუტგარტი) - ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), სერჟიო პინტუ (ჰანოვერი) - რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ), რენატო (ლევერკუზენი), კონსტანტინ რაუში (ჰანოვერი) - კრისტიან აიგლერი (ნიურნბერგი), ანდრე შიურლე (მაინცი)
"კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად შვიდი დებიუტანტია და სიმბოლურის ხშირი სტუმრებიდან ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ამჯერად არავინ გამოარჩიეს. ამ შემადგენლობიდან სიმბოლურში ყველაზე ხშირად ჰანოვერელი პინტუა მოხვედრილი - სამჯერ.
ტურის გმირი
კრისტიან აიგლერი (ნიურნბერი)
თავდამსხმელი გოლების რაოდენობით ფასდება, აიგლერმა "ზანკტ პაულის" კარი ოთხჯერ დალაშქრა, რის გამოც "კიკერმა" 27 წლის ნიურნბერგელი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. საინტერესო ისაა, რომ მას მერე, რაც "ნიურნბერგის" ღირსებას იცავს, აიგლერმა პირველად ითამაშა ცენტრფორვარდის პოზიციაზე. მას აქამდე გარემარბად ათამაშებდნენ ხოლმე...
საუკეთესო ფეხბურთელები
25 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.52
2. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
3. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.60
4. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.62
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.71
7. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.71
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.71
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.81
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
მარიო გომესი ბაიერნი 18 3 21
პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 17 1 18
არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 9 18
დიდიე ია კონანი ჰანოვერი 11 7 18
თომას მიულერი ბაიერნი 8 9 17
ანდრე შიურლე მაინცი 12 5 17
ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 11 5 16
თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
იულიან შიბერი ნიურნბერგი 7 9 16
მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 4 11 15