გამიშვით, თორემ არ ვითამაშებ!

AutoSharing Option

ედინ ჯეკოს ამბავი საპნის ოპერად გადაიქცა. ბოსნიელ ფორვარდს მთხოვნელები არ აკლია, მაგრამ მასში 40 მილიონი ევროს გადახდას ვერცერთი გრანდი ვერ რისკავს, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. მართალია, ზედიზედ ორი წელია, ჯეკო ბუნდესლიგაში ძალიან ბევრ გოლს იტანს და გასულ სეზონში სულაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ „მილანი“, „იუვენტუსი“ და თვით „მანჩესტერ სიტიც“ თავს იკავებენ იმ თანხის გადახდისგან, რაც ბოსნიელის მიერ „ვოლფსბურგთან“ შარშან გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიწერა. ეს თანხა კი 40 მილიონ ევროს შეადგენს. უფრო მეტიც: ჯეკოს მსურველ კლუბს „ვოლფსბურგისთვის“ ზემოთ ხსენებული თანხა 31

მაისამდე უნდა გადაერიცხა და ედინი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიყიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ მოხდა, ზემოთ ხსენებული გრანდები მაინც ცდილობენ ჯეკოს გადაბირებას.

„ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებს კი გაუთავებელი ქაოსი ყელში ამოუვიდათ. სწორედ ამიტომ, „მგლების“ მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა გუშინწინ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მორჩა და გათავდა, ჯეკო არსად არ წავა, მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და „ვოლფსბურგში“ დარჩებაო. სხვათა შორის, ჰიონესმა ჯეკოსთან ერთად, ასეთივე კონტექსტში მოიხსენია გუნდის ფლეიმეიკერი ზვიეზდან მიშიმოვიჩიც, რომელსაც ასევე წასვლა უნდა და რომელსაც „ატლეტიკო“ და „შალკე“ უხმობენ.
„სეზონის სტარტი ახლოვდება და გაუგებრობები არ მჭირდება. ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი გაყიდვა უკვე გამორიცხულია. ჯეკო და მიშიმოვიჩი „ვოლფსბურგში“ დარჩებიან და დროა, მხოლოდ „ვოლფსბურგზე“ იყვნენ კონცენტრირებულები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რამდენს შემოგვთავაზებს. ჯეკოში სულაც 50 მილიონი რომ შემოგვთავაზონ, აღარ გავყიდით, რადგან ვადა დიდი ხანია, გავიდა. რაკი 31 მაისამდე არანაირი წინადადება არ მივიღეთ, თემა დიდი ხნის დახურულია. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ და პატივს ვცემთ ყველა კონტრაქტს. მოვითხოვ, რომ ფეხბურთელებმაც სცენ პატივი თავიანთ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს,“ - უთხრა ჰიონესმა „კიკერს“.

დიტერ ჰიონესის ასეთმა განცხადებამ ჯეკო მაგრად გააღიზიანა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მყის გააკეთა კომენტარი და თავისი უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა. „არ მესმის, რატომ მექცევიან ასე. წლებია, „ვოლფსბურგისთვის“ თავს არ ვზოგავ და ვფიქრობ, საპასუხოდაც პატრივისცემას ვიმსახურებ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ გუნდიდან წასვლა მინდა. არა იმიტომ, რომ „ვოლფსბურგში“ თავს ცუდად ვგრძნობ, არამედ იმის გამო, რომ პროგრესი მსურს. აქ ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოვწურე და დროა, უფრო მაღალი რანგის კლუბში ვცადო ბედი. მოკლედ, წასვლა მინდა და არ მიშვებენ. არადა, უნდა დაფიქრდნენ, როგორ ვითამაშებ ამ ყველაფრის შემდეგ „ვოლფსბურგში“. ნუთუ ფიქრობენ, რომ ისეთივე მოტივირებული ვიქნები, როგორც შარშან და შარშანწინ? თუ ასეა, ძალიან ცდებიან. არა მგონია, იხეირონ, თუ ძალით დამტოვებენ,“ - უთხრა ჯეკომ „ბილდს“.

„ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებს ედინის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ...

გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა დაიცადონ და შეხვდებიან მამლებს და მამლები მერე იგივე დღეს დააყრიან რასაც ეხლა უშვებიან ესენი )))
ტოტტი
19:13 10-07-2018
0

სიახლეები პოპულარული