ხედირა: ჟოზესთან მინდა!

AutoSharing Option
„შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს მას მიუნხენის „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს. 23 წლის ხედირა „სამეფო გუნდთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ტრანსფერი განხორციელდება.

„ბაიერნთან“ არანაირი შეთანხმებისთვის არ მიმიღწევია. მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და როგორც იცით, „რეალმაც“ დაადასტურა, რომ ჩემი გადაბირება უნდა. „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელებს ერთი კვირის წინ შევხვდი და მათთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, - უთხრა ხედირამ „ბილდს“ და იქვე
დასძინა, - „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ჟოზე მოურინიო კი საუკეთესო მწვრთნელი. ამ სპეციალისტით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. მადრიდელებმა მოურინიოს გადაბირებით ყველა მიახვედრეს, რომ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ. ჟოზე თავის გუნდებს ყოველთვის ისეთი ტაქტიკით ათამაშებდა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა: მისი გუნდები ყოველთვის ტაქტიკური დისციპლინით, კომპაქტური დაცვითა და სწრაფი ფეხბურთით გამოირჩევიან.“
ხედირა აცხადებს, „რეალზე“ სერიოზულად რომ არ ვფიქრობდე, მადრიდელებთან მოლაპარაკებებს არც დავიწყებდიო. მისი თქმით, ყველაფერი მომავალ კვირაში გაირკვევა. სამი ხედირას „შტუტგარტთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ანუ, შვაბურ კლუბს ახლა უკანასკნელი შანსი აქვს, რომ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველში ფული აიღოს. „შტუტგარტი“ ხედირას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული