ლევან ყენიას გუნდს რალფ რანგნიკი ორშაბათიდან მიხედავს

AutoSharing Option
ფელიქს მაგათის ოფიციალურად გაშვებიდან ზუსტად ერთ დღეში "შალკეს" ხელმძღვანელებმა ახალი მწვრთნელი დანიშნეს: გელზენკირხენულ კლუბს რალფ რანგნიკი მიხედავს - 52 წლის სპეციალისტი, რომელიც გელზენკირხენულ კლუბს ერთხელ უკვე წვრთნიდა.

რანგნიკმა "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტთან მოლაპარაკებები გუშინ გამართა, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელების პირობებს დათანხმდა და სამწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ეს ამბავი მოგვიანებით თვითონ ჰელდტმა დაადასტურა: "რალფი ჩვენთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებს და "შალკეს" 2014 წლამდე უთავკაცებს. იგი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ფელიქს მაგათის ასისტენტი ზეპო აიხკორნი შეასრულებს."

ამრიგად, "პროფ
ესორი რალფი", რომელსაც ეს მეტსახელი იმის გამო შეარქვეს, რომ პირდაპირ ეთერში გუნდების ტაქტიკურ მონახაზებს დაფაზე აანალიზებდა, ბუნდესლიგაში და "შალკეში" ბრუნდება. რანგნიკი ბოლოს "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა და ეს გუნდი რეგიონალლიგიდან ელიტაში გადაიყვანა.

რალფმა "ჰოფე" პირველ იანვარს დატოვა - იმის გამო, რომ მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გუნდის მფლობელმა დიტმარ ჰოპმა ნახევარმცველი ლუის გუსტავო "ბაიერნს" მიჰყიდა. "შალკეში" კი რანგნიკი 2004-დან 2005 წლის დეკემბრამდე მუშაობდა, საიდანაც ანდრეას მიულერმა გააგდო - კაცმა, რომელიც მაშინ გუნდის მენეჯერი იყო, დღეს კი "შალკეში" აღარ მუშაობს (მიულერი შარშან დაითხოვეს).

რანგნიკს კი "შალკე" დღემდე ძალიან უყვარს. ყველას გვახსოვს მისი სიტყვები: როცა გუნდიდან მიდიოდა, თქვა, ეს არის ყველაზე მაგარი კლუბი, სადაც კი ოდესმე მიმუშავიაო.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული