მისი გათავისუფლება ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული, რომ მაგათი „ვოლფსბურგში“ დაბრუნებას დათანხმდა და ფელიქსი აღიარებს, რომ ეს სიგიჟეა. გთავაზობთ გულახდილ და შესაბამისად, ძალიან საინტერესი ინტერვიუს
- ჰერ მაგათ, ყველას ეგონა, რომ „შალკეში“ გადატანილი სტრესის შემდეგ ცოტა ხანს დაისვენებდით, თქვენ კი რა გააკეთეთ - მეორე დღეს „ვოლფსბურგში“ მუშაობას დათანხმდით...
- სიმართლე გითხრათ, მეც ასე ვფიქრობდი. წინა კვირას „შალკეს“ შეფ კლემენს ტიონიესთან „კაცური“ საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ „შალკე“ ჩემთვის უკვე დამთავრებული ისტორია იყო და მეც დასვენებაზე ვფიქრობდი, მაგრამ სამშაბათს ვოლფსბურგიდან დამირეკეს.
- დიდხანს იფიქრეთ?
- ათი წამიც კი არ მიფიქრია. პრინციპში, საკმარისი იყო, კაცს, რომელიც ტელეფონზე მირეკავდა, თავისი გვარი დაესახელებინა, რომ უკვე თანახმა ვიყავი. ალბათ გაინტერესებთ, ვინ მირეკავდა - „ფოლკსვაგენის“ კონცერნის შეფი მარტინ ვინტერკორნი.
- მეუღლეს არაფერი ჰკითხეთ?
- ცხადია, ვკითხე - მე ხომ არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი მეუღლის გარეშე, მაგრამ მანაც მაშინვე მითხრა, უნდა დათანხმდეო. შეიძლება ახლა ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ ფაქტია, რომ 2009 წელს, „ვოლფსბურგიდან“ წამოსვლა ძალიან გამიჭირდა. ვინტერკორნი მაშინაც მხარში მედგა. ალბათ იცით, ჩემი დევიზი ასეთი იყო: არასდროს დავბრუნდე გუნდში, სადაც ადრეც მიმუშავია, მაგრამ ხომ ხედავთ, „ვოლფსბურგის“ შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვი.
- სამშაბათს ჯერ კიდევ „შალკეს“ მწვრთნელი იყავით, ოთხშაბათს გაგათავისუფლეს, ხუთშაბათს კი უკვე „ვოლფსბურგში“ დაინიშნეთ - არ გეჩვენებათ, რომ ეს სიგიჟეა?
- კი, ეს ნამდვილად სიგიჟეა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა კარგად ვგრძნობ თავს. ნამდვილი სიგიჟე ბოლოს უკვე „შალკე“ იყო, „ვოლფსბურგში“ კი ნამდვილი სამოთხეა.
- რა არ გიწოდეს „შალკეს“ ხელმძღვანელებმა: ასოციალური, ფულის მფლანგველი, ფეხბურთელების მტანჯველი...
- ერთია ის, რაც მიწოდეს, ხოლო მეორე კი ის, რომ ეს თემა პრესამაც მაგრად აიტაცა და კლემენს ტიონიესის ეპითეტებით ჟურნალისტებიც მამკობდნენ.
- თქვენი აზრით, სიმართლეს არცერთი ეპითეტი არ შეესაბამება?
- მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ვარ გერმანიაში, შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მუშაობის სტილი უნდა შევცვალო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჩემს შესახებ მხოლოდ ცუდი იწერებოდა, „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებმა „შალკედან“ წამოსვლიდან ერთ დღეში გამომიცხადეს ნდობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წარმატებული მწვრთნელი ვარ. საბედნიეროდ, ვოლფსბურგში არავინ მთხოვს, შეიცვალეო. აქ მხოლოდ იმას მეუბნებიან, იმუშავე ისე, როგორც აქამდე მუშაობდიო.
- თქვენმა შვილებმაც გაიგეს, როგორ გახასიათებდნენ „შალკეს“ ბოსები?
- რა თქმა უნდა - მათ ვერაფერს გამოაპარებ, მაგრამ ამას პოზიტიური ეფექტი ჰქონდა. ბავშვებმა მითხრეს, ამ ყველაფერს სერიოზულად ნუ მიიღებო, რითაც ძალიან გამახარეს.
- ნუთუ წვრთნის თქვენეული მეთოდები ფეხბურთელებისთვის იმდენად მძიმე ასატანია, რომ რამდენიმე მათგანმა მართლაც მიმართა ტიონიესს ჩივილით?
- რა გითხრათ, ჩემი აზრით, ძალიან აჭარბებენ. ისედაც ყველამ იცის, რომ ფეხბურთელებისგან ყოველთვის ძალიან ბევრს ვითხოვ. მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ისეთ პროფესიას მოჰკიდა ხელი, სადაც მუდმივად წნეხის ქვეშ იქნება მოქცეული. ფეხბურთელი ამას თავიდანვე უნდა შეეგუოს. თუ ჩემს შედეგებს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ წარმატებული მწვრთნელი ვარ: 2002 წლის შემდეგ, სადაც ვმუშაობდი, არცერთი გუნდი არ დარჩენილა ევროტურნირებს მიღმა. და არც „შალკე“ დარჩებოდა - ეს გუნდი შარშან ვიცე-ჩემპიონი გავხადე, წელს კი გერმანიის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიყვანე.
- ტიონიესს თქვენთვის უთქვამს, თუ არ შეიცვლები, გაგიშვებთო და ნუთუ ერთხელაც არ დაფიქრდით, იქნებ ღირდა მუშაობის სტილის შეცვლა?
- ჰო, რა თქმა უნდა, შემეძლო, ბევრი რამ შემეცვალა და ალბათ აღარ გამომიშვებდნენ, მაგრამ ჩემი პრინციპების ღალატს მირჩევნია, საერთოდ უმუშევარი ვიყო. იმიტომაც ვარ წარმატებული მწვრთნელი, რომ ჩემი კოლეგებისგან აბსოლუტურად განსხვავებული სტილი მაქვს.
- იყო თუ არა შეცდომა ის, რომ 2009 წელს „ვოლფსბურგი“ დატოვეთ და „შალკეში“ წახვედით?
- არა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ეს შეცდომა იყო. ვერ ვიტყვი, რომ გელზენკირხენში ცუდი წელიწადნახევარი გავატარე. ვიცე-ჩემპიონობა, გერმანიის თასის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი - მე მეჩვენება, რომ „შალკეში“ წარმატებული წელიწადნახევარი გავატარე.
- იმაში მაინც დაგვეთანხმეთ, რომ „შალკემ“ იმიჯი ცოტათი შეგილახათ...
- არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ უფრო - არა. „შალკეს“ გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩემს დატოვებას მოითხოვდა. ერთი ჯგუფი კი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ისინი ჩემს წინააღმდეგ სწორედ ტიონიესის დავალებით მოქმედებდნენ. ფეისბუქზე ქომაგების უმეტესობა ძალიან პოზიტიურად გამომეხმაურა, მათ გული დასწყდათ, „შალკედან“ რომ წამოვედი. ამ გულშემატკივრების გამო გული მეც ძალიან მწყდება, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ იყო.
- ფეისბუქზე 140 000-ზე მეტი „შალკეს“ ფანი დაგიმეგობრდათ. რას აპირებთ?
- სამწუხაროდ, ბოლო დღეებში არ მქონდა იმის დრო, რომ რამე დამეპოსტა, მაგრამ ამ მეგობრებს ნამდვილად შევინარჩუნებ და მათთვის ფეისბუქზე აქტიურობას გავაგრძელებ.
- „შალკეს“ ფეხბურთელებთან მართლა ისეთი ცუდი ურთიერთობა გქონდათ, როგორც წერენ?
- არა! როგორ ფიქრობთ, ასე რომ ყოფილიყო, გერმანიის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდოდით? იმას ვაღიარებ, რომ ფეხბურთელთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს დამიმყარებია და ამ მხრივ შეცვლას არც ვაპირებ. მიმაჩნია, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელი არ უნდა მეგობრობდნენ - მხოლოდ თანამშრომლობაა დასაშვები.
- რატომ არ გინდათ, რომ ფეხბურთელებს უყვარდეთ?
- მე, როგორც მწვრთნელს, ფეხბურთელისგან ქება და მისი სიყვარული არ მჭირდება. სულაც არ მიკვირს, რომ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც იტყვის, ფელიქს მაგათი ძალიან საყვარელი, მეგობრული და თბილი მწვრთნელიაო. ეს არცაა აუცილებელი. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი მოთამაშე, ვინც იტყვის, რომ ჩემს ხელში უდიდესი პროგრესი განიცადა და იმ დროს, როცა მისი კოლეგები გადაღლილები იყვნენ, ის ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობდა. აი, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ამბობენ, „შალკეს“ ხელმძღვანელებთან მანუელ ნოიერმაც დაიჩივლა, ფელიქსი ასოციალური ტიპიაო. როგორ ფიქრობთ, მანუელიც იტყვის, რომ თქვენს ხელში პროგრესი განიცადა?
- 2009 წელს, როცა „შალკეს“ მთავარ მწვრთნელად და მენეჯერად დავინიშნე, მანუელ ნოიერი ნიჭიერი მეკარე იყო, გერმანიის ნაკრების კარს კი მაშინ არ იცავდა. მაშინ არც მიუნხენის „ბაიერნს“ სურდა მისი შეძენა. წელიწადნახევრის შემდეგ, ნოიერი ბუნდესგუნდის პირველი ნომერია და უამრავი მთხოვნელი ჰყავს, „ბაიერნის“ შეფები კი, ქომაგებისგან განსხვავდებით, მასზე გიჟდებიან. ფაქტია, ნოიერმა სწორედ ჩემს ხელში განიცადა პროგრესი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩემს გარეშეც მოეხერხებინა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩემი აზრით, მანუელ ნოიერთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ თვითონ მანუელი სხვაგვარად ფიქრობდეს.
- თქვენ რა ისწავლეთ „შალკეში“?
- ცხადია, მეც განვვითარდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფელიქს მაგათი არ შეიცვლება. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ გაისად ჩემს შესახებ „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელებმაც ნეგატიურად ილაპარაკონ.
- 2009 წელს „ვოლფსბურგი“ ყველასათვის მოულოდნელად, გერმანიის ჩემპიონი გახადეთ. ახლა რა მიზანი გაქვთ ამ გუნდთან ერთად?
- როცა ვინტერკორნმა დამირეკა, პირველი, რაც ვკითხე, სწორედ ეს იყო - რა მიზნები გაქვთ-მეთქი. მითხრა, გვინდა, რომ „ვოლფსბურგი“ ევროპაში დააბრუნოო და იქვე დაამატა, თუ რომელიმე ტიტულსაც მოიგებ, ძალიან გაგვიხარდებაო. შესაბამისად, ჩემი მიზანია, რომ „ვოლფსბურგი“ ევროპის ან ჩემპიონთა ლიგაში გავიდეს და თუ რომელიმე ტიტულსაც მოვიგებთ, მთლად უკეთესი იქნება.
- 27 ტურის შემდეგ გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება. პირველ რიგში, ელიტაში უნდა დარჩეთ...
- ცხადია, ამ სეზონში სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. პირველ რიგში უნდა გადავრჩეთ! სეზონის ბოლომდე 7 ტურია დარჩენილი და ოთხი თამაში მაინც უნდა მოვიგოთ, ღამე მშვიდად დაძინება რომ შევძლოთ.
- გიკვირთ ის, რომ თქვენი წასვლის შემდეგ, „ვოლფსბურგმა“ უდიდესი რეგრესი განიცადა და ჩემპიონობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, პირველი ბუნდესლიგიდან გავარდნის საფრთხე სერიოზულად ემუქრება?
- მაშინაც კი, როცა „შალკეს“ მწვრთნელი ვიყავი, „ვოლფსბურგს“ ყოველთვის ვაკვირდებოდი და ძალიან ვწუხდი, როცა ჩემი ყოფილი შეგირდები თამაშება აგებდნენ. მე აქ აწყობილი, კარგად დაკომპლექტებული გუნდი დავტოვე და წესით, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.
- როგორ ფიქრობთ, სად დაუშვეს შეცდომები „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებმა თქვენი წასვლის შემდეგ?
- გუნდური სულისკვეთება ვერ შეინარჩუნეს. 2009 წელს „ვოლფსბურგი“ სწორედ გუნდური სულისკვეთების უმაღლესი ხარისხის გამო გახდა ჩემპიონი.
- ბევრი ფიქრობს, რომ ვოლფსბურგში თქვენი მისვლით, დიეგოს რთული დროება დაუდგება. ბრაზილიელი გამთამაშებელი გუნდურ მოთამაშედ ხომ ნამდვილად არ მიიჩნევა...
- ვიცი, რომ დიეგო რთული ფეხბურთელია, მაგრამ მზად ვარ, განვითარების ჩემი გზა მასაც შევთავაზო და დავპირდე, რომ თუ გამომყვება და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ვეტყვი, ნამდვილად არ ინანებს. დიეგო დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია და პლუსები უფრო მეტი აქვს, ვიდრე მინუსები. მთავარია, ამყვეს და დარწმუნებული ვარ, მასთან პრობლემები არ მექნება.
- საინტერესოა, რას დაგპირდნენ „ვოლფსბურგის“ შეფები პრემიის სახით იმ შემთხვევაში, თუ გუნდს მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნით?
- ავტომობილს.
- საინტერესოა. მოდელს თქვენ აირჩევთ?
- დიახ.
- უკვე იცით, რომელს აიღებთ?
- ვიცი: ეს იქნება „ბენტლი“. საერთოდ, ავტომობილების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ორი წლის წინ ჟურნალ „აუტო ბილდის“ მიწვევით „ბენტლი“ ვმართე და მას მერე ამ ავტომობილზე შეყვარებული ვარ...