რენე ადლერი გერმანიის ნაკრებში გამოძახებული კი იყო (მეორე მეკარედ), მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვისთვის უარი შეეთვალა - "ლევერკუზენის" 26 წლის კიპერი "შალკესთან" მატჩში (2:0 "ბაიერის" სასარგებლოდ) დაშავდა. "ბილდის" ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ "ლევერკუზენისა" და "შალკეს" მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეების მწვრთნელი ერიკ სტეელე ესწრებოდა - სერ ალექს ფერგიუსონს მისთვის ადლერზე და "შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერზე (რომელიც გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა) დაკვირვება დაუვალებია.
ნოიერიცა და ადლერიც "მანჩესტერში" გადასვლის კანდიდატებად მიიჩნევიან და "ბილდის" ინფორმაციით, "იუნაიტედი" "ლევერკუზენის"
"ლევერკუზენის" ხელმძღვანელებს კი ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ. "არ მიკვირს, რომ ადლერს "მანჩესტერელები" აკვირდებიან, ის ხომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ჩვენ რენესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდა. მისი გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის," - ეს "ბაიერის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.
გუნდის მენეჯერი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი კი პირდაპირ აღიარებს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესება სერიოზული გახდება და კონკრეტულ წინადადებაში გადაიზრდება, "ფარმაცევტებს" რენეს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
"ადლერთან პირველი მოლაპარაკებები გავმართეთ და ჯერჯერობით შეთანხმებისგან ძალიან შორს ვართ. "მანჩესტერი" კი მისი უსაყვარლესი კლუბია და კონტრაქტში მართლაც დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, წელს ჩვენგან "იუნაიტედში" გადასვლა 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. ასე რომ, თუ ინგლისური გრანდი შემოგვიტევს, ჩვენ ფაქტობრივად უძლურები ვიქნებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება," - ამბობს ჰოლცჰოიზერი.