მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, ბრემენის „ვერდერის“ 26 წლის მცველი პერ მერტეზაკერი გერმანიის ნაკრებში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი „მერტეს“ ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად ენდობა. აი, მისი იდეალური მეწყვილე კი ჯერჯერობით ვერ იპოვნა.
გაინტერესებთ, რა საერთო აქვთ იოახიმ ლიოვს და ლუის ვან გაალს? დაცვის ხაზის ოთხეულს ორივე ძალიან ხშირად ცვლის. მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ამ სეზონში დაცვაში უკვე 18 სხვადასხვა ვარიანტი მოსინჯა, გერმანიის ნაკრების თავკაცმა კი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ,
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ ლიოვმა კრისტოფ მეტცელდერი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო, რაც ბევრს არ გაჰკვირვებია - მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ჯერ არ იყო, მეტცე ვეღარ თამაშობდა ისე, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში. შესაბამისად, იოგიმ მეორე ძირითადი მცველისთვის, პერ მერტეზაკერისთვის ახალი მეწყვილის ძებნა დაიწყო. მას მერე მერტეზაკერის მხარდამხარ ოთხმა სხვადასხვა ცენტრალურმა მცველმა ითამაშა, ბუნდესგუნდის სასტარტოში თავის დამკვიდრება კიმ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატამდე ლიოვმა მერტეზაკერს მხარში რამდენჯერმე ამოუყენა ჰაიკო ვესტერმანი და სერდარ ტასკი, მაგრამ არცერთი არ მოეწონა. დღესაც, ბუნდესნაკრების განაცხადში არცერთი მათგანი არაა შეყვანილი. მათ ნაცვლად, ლიოვი მუნდიალზე გამოცდილ არნე ფრიდრიხს ენდო - მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში ფრიდრიხის კლუბი ბერლინის „ჰერტა“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა და ყველაზე მეტი გოლი გაუშვა. უნდა ითქვას, რომ მერტეზაკერისა და ფრიდრიხის წყვილმა გაამართლა. მაგრამ მუნდიალის შემდეგ არნემ ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი პაუზა გამოიწერა, რის გამოც, ლიოვი იძულებული გახდა, დაცვის ცენტრი ისევ დაეშალა და მერე მერტეზაკერს გვერდით ახალგაზრდა ჰოლგერ ბადშტუბერი ამოუყენა, მაგრამ ეს უკანასკნელიც არასტაბილური ფეხბურთელია.
ფრიდრიხი კი დაბრუნდა, მაგრამ არ არის საუკეთესო ფორმაში, რის გამოც ლიოვმა არ იცის, როგორ გამოიყურება დღეისათვის გერმანიის ნაკრების დაცვის იდეალური ცენტრი. ერთი რამ ცხადია: მერტეზაკერს საფრთხე არ ემუქრება. „ვერდერის“ მცველი ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი წევრია და შაბათს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ბუნდესგუნდის ფორმას 75-ედ მოირგებს. მიუხედავად იმისა, რომ პერი ბუნდესლიგაში ძალიან არასტაბილურად გამოიყურება, ბოლო დროს კი აშკარად ცუდ ფორმაშია („კიკერის“ საშუალო შეფასება 3.63 ბალი), იოგი მერტეს სასტარტოდან არ ამოაგდებს. აღსანიშნავია, რომ ლიოვისთვის ხშირად არ აქვს ხოლმე დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ თამაშობს ესა თუ ის ფეხბურთელი კლუბში - ამაში დასარწმუნებლად, ლუკას პოდოლსკისა და მიროსლავ კლოზეს არაერთი მაგალითის მოყვანაც კმარა. იოგი ამბობს, მერტეზაკერი გერმანიის ნაკრებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არისო.
ახალი ერა ჰუმელსთან ერთად?
მოკლედ, ვინ უნდა ითამაშოს მერტეზაკერის მხარდამხარ? ვინ, ვინ და იოგიმ ყველაზე უკეთ უწყის ის, რომ პერი მხოლოდ მაშინ დგას ხოლმე მოწოდების სიმაღლეზე, როცა მის გვერდით კარგ ფორმაში მყოფი მეორე ცენტრალური მცველი თამაშობს. ასეა „ვერდერში“ (მას მერე, რაც ნალდო დაშავებულია, მერტეზაკერმაც აურია) და ასე იყო გერმანიის ნაკრებშიც 2006 წლის მუნდიალზე (როცა მეტცელდერი შეცდომებს უშვებდა, პერიც იჭრებოდა ხოლმე).
ბრემენში „გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს“, რადგან ნალდო კიდევ დიდხანს ვერ გამოჯანმრთელდება, აი, ბუნდესგუნდში კი შეიძლება, ყველაფერი გამოსწორდეს და შაბათიდან ახალი ერა დაიწყოს. რაკი ფრიდრიხი და ბადშტუბერი ცუდ ფორმაში არიან, დიდი შანსია, რომ ლიოვმა დაცვის ცენტრში, მერტესთან ერთად, დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა მცველი, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მატს ჰუმელსი გაამწესოს. ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაშია თუ იოგი ათამაშებს, ბუნდესგუნდის მაისურით პირველად იასპარეზებს ოფიციალურ მატჩში. ჰუმელსს გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ისიც ოთხი თვის წინ, შვედეთში გამართულ ამხანაგურ თამაშში (0:0). ამას ემატება ორჯერ შეცვლაზე თამაში მალტასთან და იტალიასთან. „სკუადრა აძურასთან“ ჰუმელსმა ბოლო 26 წუთი ითამაშა და სხვათა შორის, ბუნდესგუნდმა სწორედ იმ დროს გაუშვა გოლი (1:1), მაგრამ ეს არცისე მნიშვნელოვანი ასპექტია...