ბოლო სამ კვირაში გერმანულ ფეხბურთში იმდენი რამ მოხდა, რომ სალაპარაკო და მოსაყოლი ძალიან ბევრი იყო. შესაბამისად, გასაანალიზებელიც ბევრი დაგროვდა. და ვისთვის უნდა ეთხოვათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ყველაფრის გაანალიზება, თუ არა ოლივერ კანისთვის? გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს „ტიტანთან“, რომელიც „ბილდში“ გამოქვეყნდა.
- ჰერ კან, რას იტყვით იმ სამწვრთნელო საგიჟეთის შესახებ, რაც ბუნდესლიგაში ხდება?
- ზოგიერთი კლუბის გადაწყვეტილება ძალიან არასერიოზულია. სამწუხაროდ, ხელმძღვანელები მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ და უკონცეფციოდ, შორსგათვლილი სტრატეგიის გარეშე მოქმედებენ.
- პირველ რიგში „შალკეს“, „ჰამბურგს“ და „ვოლფსბურგს“ ვგულისხმობ. ამ კლუბების შეფების საქციელი არასერიოზულია.
- როგორც ჩანს, „შალკეს“ შეფებს ბევრ რამეში ადანაშაულებთ...
- ჰო, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა ფელიქს მაგათს ზედმეტად დიდი ძალაუფლება მისცეს, რაც ზოგადად, ცუდი საქციელი არ არის, მაგრამ მათ ეს ემოციურ ფონზე გააკეთეს და იმდენი ვერ გათვალეს, რომ თუ ასე მოიქცნენ, მაგათს ბოლომდე უნდა მინდობოდნენ. თუ მწვრთნელს ასეთ ძალაუფლებას აძლევ და თან არ ენდობი, მაშინ ზუსტად ისე დაგემართება, როგორც „შალკეს“ დაემართა. ძალიან არ მომეწონა ისიც, რომ „შალკეს“ ახალმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა წინამორბედი მაგათი გააკრიტიკა. ეს არ არის კარგი საქციელი.
- იოახიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ბუნდესმწვრთნელის პოსტზე 2014 წლამდე იმუშავებს. როგორ ფიქრობთ, იოგი ტიტულს მოგვაგებინებს?
- არ მომწონს ის, რომ დაბრმავების გზას ვადგავართ. ბუნდესლიგა მართლაც წარმატებული პროდუქცია. გერმანიის ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება, გვაქვს ევროპაში საუკეთესო სტადიონები და მალე ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილსაც დავიბრუნებთ, მაგრამ ჩვენ, გერმანელები ნამდვილად არ ვართ ფეხბურთში ყველაზე წარმატებულები. ესპანელები და ინგლისელები ფეხბურთის თამაშის ხარისხით ჯერ კიდევ გვჯობნიან. დიდი ხანია, გერმანულ კლუბს ევროტურნირი არ მოუგია. იგივე უნდა ვთქვათ გერმანიის ნაკრებზეც, მაგრამ თუ საკლუბო დონეზე ტიტულებს ვერ მოვიგებთ, წარმატების მიღწევა სანაკრებო დონეზეც გაგვიჭირდება.
- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 66 წლის იუპ ჰაინკესი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. მოგწონთ მიუნხენური კლუბის შეფების არჩევანი?
- ჰაინკესი „ბაიერნს“ ძალიან კარგად იცნობს და თუ გახსოვთ, რეკორდმაისტერი კლინსმანის გათავისუფლების შემდეგაც წარმატებით ჩაიბარა. შესაბამისად, „ბაიერნის“ ბოსების გადაწყვეტილებას შეცდომას ნამდვილად ვერ ვუწოდებ. აი, სამომავლო პერსპექტივის სახით კი ჰაინკესის დანიშვნას ეჭვის თვალით ვუყურებ.
- „ბაიერნში“ მას უმძიმესი სტრესი ელის...
- ზოგი ადამიანი ცხოვრებას 66 წლის ასაკში იწყებს. ჰაინკესმა იცის, რა ელის მიუნხენში და თუ თანახმაა, რატომაც არ უნდა მივცეთ კიდევ ერთი შანსი?
- როგორ ფიქრობთ, რის გამო ჩაფლავდა მიუნხენელთა ხანგრძლივი გეგმა ლუის ვან გაალთან დაკავშირებით?
- ერთი შეხედვით, ვან გაალს, როგორც მწვრთნელს, აქვს ყველაფერი, რაც „ბაიერნს“ სჭირდებოდა. მისი საფეხბურთო ფილოსოფია რეკორდმაისტერს ზუსტად ესადაგება და ვან გაალის სტრატეგიით მოთამაშე „ბაიერნის“ ყურება საკმაოდ დიდი სიამოვნებაა...
- მაგრამ?
- ჩემი აზრით, ლუისი იმიტომ ჩაფლავდა, რომ ყურადღება არ მიაქცია ყველაზე მთავარს: ტიტულების მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სტაბილური დაცვა გყავს. „ბაიერნის“ მცველები ამ სეზონში იმდენად ბევრ ინდივიდუალურ შეცდომას უშვებენ, რომ დიდი ხანია, სათვალავი ამერია. ვან გაალს დაცვის ხაზი აუცილებლად უნდა გაეძლიერებინა - იანვარში მაინც.
- რატომ აეწეწა ლუისს ურთიერთობა ული ჰიონესთან?
- იცით, ჰიონესი როგორი კაცია? თუ დაინახავს, რომ მწვრთნელი „ბაიერნისთვის“ ყველაფერს აკეთებს, მისი გულისთვის ცეცხლში გაივლის!
- მარკ ვან ბომელის წასვლის შემდეგ „ბაიერნმა“ ლიდერი უნდა იყიდოს?
- ასეთი პროფილის მქონე ფეხბურთელის არათუ ყიდვა, პოვნაც კი ძნელია. რეკორდმაისტერის ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ხანდახან ზედმეტად კეთილები არიან ხოლმე. ჩემი აზრით, ვან ბომელის, ტერის ან გატუზოს დარი ტიპები ყველა გუნდს სჭირდება.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ვან ბომელის წასვლამ შვაინშტაიგერი დაასუსტა.
- მოსალოდნელიც იყო, რომ შვაინშტაიგერს ახლებურად მოუწევდა ორიენტირება და მარკის გარეშე თამაშის შესაჩვევად დრო დასჭირდებოდა. „ბაიერნის“ მწვრთნელსა და ხელმძღვანელებს ეს აუცილებლად უნდა გაეთვალათ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჰიონესს და რუმენიგეს ძალიან გაუჭირდათ ლუისის რაღაც-რაღაცებში დარწმუნება. როცა მწვრთნელსა და ბოსებს შორის კომუნიკაცია ოპტიმალურად არ ფუნქციონირებს, ერთხელაც ყველაფერი პრობლემატური გახდება და მიუნხენურ გრანდშიც სწორედ ასე მოხდა.
- ალბათ თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ „ბაიერნმა“ დაცვა უნდა გააძლიეროს...
- იცით, მე ყველაფერს მცველებს არ დავაბრალებდი. ბურთის დაკარგვის შემდეგ, ხანდახან წინა ხაზის ფეხბურთელებიც ისე იქცევიან ხოლმე, რომ ასეთ დროს მედგრად დადგომა მსოფლიოში საუკეთესო დაცვასაც კი გაუჭირდება. ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ოპტიმისტურად განწყობის მიზეზს და იმაზე ოცნების საშუალებას, რომ „ბაიერნი“ გაისად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს - ფინალში, რომელიც მიუნხენში უნდა გაიმართოს.
- არიენ რობენმა თქვა, თუ მესამე ადგილს ვერ დავიკავებთ და ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავალთ, „ბაიერნიდან“ წავალო...
- რობენი ასე ფიქრობს, სხვა სხვანაირად იფიქრებს. ევროპის ლიგაში თამაში კატასტროფა ნამდვილად არ არის. მე უეფას თასზე ვითამაშე და ხომ ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ. რობენს უნდა ახსოვდეს: „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ ვერ მოიპოვოს, ეს მისი ბრალიც იქნება.
- თომას კრაფტზე რა აზრის ხართ?
- ძალიან ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენელები ზაფხულში მაინც შეეცდებიან ახალი კიპერის ყიდვას. მიხაელ რენზინგის შემთხვევაშიც ასე მოიქცნენ და ახლაც ასე მოიქცევიან.
- როგორ ფიქრობთ, მანუელ ნოიერის ტრანსფერი ჩაშლილია?
- არა მგონია. მე მაინც მგონია, რომ ნოიერი „ბაიერნში“ გადავა.
- მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენური პუბილკა ვერ იტანს?
- არა უშავს, მალე შეუყვარდებათ...
- იენს ლემანი ფეხბურთში დაბრუნდა... თქვენი კომენტარი.
- იენსის კარგად მესმის - ფეხბურთი მოენატრა და „არსენალის“ წინადადებაზე უარი არ თქვა. ვფიქრობ, ის მართლაც დაეხმარება ლონდონურ კლუბს, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ინგლისურ სამეკარეო სკოლას კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება.
- იენსის კარგად მესმის - ფეხბურთი მოენატრა და „არსენალის“ წინადადებაზე უარი არ თქვა. ვფიქრობ, ის მართლაც დაეხმარება ლონდონურ კლუბს, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ინგლისურ სამეკარეო სკოლას კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება."
ოლიიიიიიიიიიიიიიი!! :DDD ცუდად ვააარ :DDDDDD დავგორდი