მოღალატე პატრიოტები

AutoSharing Option
როცა განაში დაიბადები, გაიზრდები, მერე გერმანიაში გადასახლდები, საფეხბურთო კარიერას აიწყობ, თავს გერმანელად იგრძნობ და გადაწყვეტ, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშო, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ალბათ მიხვდით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერალდ ასამოას ვგულისხმობთ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს გერმანიის ნაკრებში თამაში, მაგრამ მათ სხვა მოტივი ჰქონდათ და კერძოდ ის, რომ ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრის შანსი არ გააჩნდათ (რობერტო პაულო რინკი, კაკაუ...). მაგრამ პირიქითაც ხდებოდა, კერძოდ, გერმანიაში იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და მერე ფესვებს უბრუნდებოდნენ. დღეს სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე უნდა მოგითხროთ და ამ
სტატიაში ბევრ სიურპრიზს აღმოაჩენთ, რადგან გერმანიაში არერთი ცნობილი არაგერმანელი ფეხბურთელი დაბადებულა და გაზრდილა.

ერთი გერმანელ-ჰოლანდიელი თავს ყველგან უცხოელად გრძნობდა, ერთმა გერმანიაში, კერძოდ კი დორტმუნდში დაბადებულმა ფეხბურთელმა, ავსტრიის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და მერე გოლი მაინც გერმანიის სასარგებლოდ გაიტანა, ერთი საშუალო დონის თავდამსხმელი კი შვებულების გასატარებელ კუნძულზე ნამდვილი გმირი გახდა. მოკლედ, გერმანელები, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ თამაშობდნენ ან თამაშობენ.

2005 წლის 8 ოქტომბერს გერმანიის პირველმა გუნდმა თურქეთში ამხანაგური თამაში 1:4 წააგო და იმ შეხვედრაში ბუნდესგუნდის წინააღმდეგ ოთხმა გერმანელმა ფეხბურთელმა ითამაშა. ესენი იყვნენ ძმები ალთინთოფები, რომლებიც გელზენკირხენში არიან დაბადებულები, ჰერნეში დაბადებული ილდირაი ბაშთურქი და ნური შაჰინი, რომელმაც დღის სინათლე პირველად პატარა გერმანულ დაბა ლიუდენშაიდში იხილა.

შაჰინი 16 წლის იყო, როცა დიდ ფეხბურთში გამოჩნდა და არაერთი რეკორდის ავტორია. მას გერმანიის ნაკრებში თამაში სურდა, რადგან თავს გერმანელად მიიჩნევდა, მაგრამ მშობლებმა უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქციეს და რაკი თურქეთიც საკმაოდ უყვარდა, ფესვებს დაუბრუნდა და ახლა თურქეთის ნაკრებში თამაშობს. გაცილებით რთული იყო ადილ ჩიჰის შემთხვევა. ეს უკანასკნელი დიუსელდორფში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელია. 17 წლის ასაკში მან მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში ითამაშა, 2006 წლის შემოდგომაზე კი განაცხადა, მომავალში გერმანიის ნაკრების ღირსება უნდა დავიცვაო. ამის თქმა და მამამისის ჭკუიდან შეშლა ერთი იყო! როგორც ჩიჰი ამბობს, მაროკოელი პოლიტიკოსებიც კი ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ჩიჰის არც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და არც მაროკოს პირველ გუნდში.

ვილი ენტე ლიპენსის კარიერაშიც მამამ ითამაშა უდიდესი როლი. ამ ფეხბურთელმაც გერმანიის ნაკრებში თამაში ისურვა, მაგრამ მამა გაუგიჟდა. „მამაჩემმა მითხრა, თუ გერმანიის ნაკრებში ითამაშებ, თვალით აღარ დამენახოო!“ - თქვა 1945 წელს გრეცლანდში დაბადებულმა ლიპენსმა და მერე ისიც დასძინა, ვერც გერმანიაში ვგრძნობდი თავს გერმანელად და ვერც ჰოლანდიაში ჰოლანდიელადო. ჰოლანდიის ნაკრებში მან ერთადერთი მატჩი ჩაატარა (1971 წელს, 6:0 ლუქსემბურგთან) და მატჩის შემდეგ დაღონებულმა თქვა: „მთელი თამაშის განმავლობაში წინ და უკან დავრბოდი, მაგრამ თანაგუნდელები სრულ იგნორირებას მიკეთებდნენ!“

ასეა თუ ისე, ფეხბურთელი კი დაიჩაგრა, მაგრამ მამამისსაც უნდა გავუგოთ - ის ჰოლანდიელი იყო, მისი ცოლი კი გერმანელი, ფეხბურთში კი ჰოლანდიელები და გერმანელები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. ჰოლანდიელი კაცისთვის უბრალოდ მიუღებელია ის, რომ მისმა შვილმა გერმანიის ნაკრებში ითამაშოს. გერმანელებისა და ჰოლანდიელების საფეხბურთო მტრობაზე ანეკტოდებიც კია შექმნილი და აი, ერთ-ერთი მათგანიც:

მიხაელ ბალაკის, რუუდ ვან ნისტელროისა და ლილიან ტიურამის ცოლებმა იმშობიარეს. გამოდის ექიმი, მოჰყავს სამი ბავშვი და დამწუხრებული ამბობს, ცუდი ამბავი გვაქვს, თქვენი შვილები ერთმანეთში აგვერიაო. ბალაკი წამოხტება, შავკანიან ბავშვს ხელს დაავლებს და გარბის! გაოგნებული ტიურამი ხელებს შლის და ბალაკს უყვირის: „რას აკეთებ მიხაელ, ეგ ხომ ნაღდად ჩემი ბავშვია?!“ ბალაკი: „მთავარია, ჰოლანდიელი არ არის!“

* * *
გერმანელი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო. ასეთები თავიანთ ფესვებს დაუბრუნდნენ და იმ ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ ან თამაშობენ, საიდანაც მათი გვარი მოდის. მაგალითად, ბოსნიელ ფეხბურთელთა ტრიო: ზვიეზდან მიშიმოვიჩი, ივიცა გრლიჩი (ორივე მიუნხენში დაიბადა) და ზლატან ბაირამოვიჩი, ან ბერლინში დაბადებული ხორვატი ძმები რობერტ და ნიკო კოვაჩები. ამ ფეხბურთელებმა თავიდანვე თავიანთ ნამდვილი სამშობლოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვეს.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, ფესვებს დაბრუნებოდა, როცა მიხვდა, რომ გერმანიის ნაკრებში მოხვედრის შანსი არ ექნებოდა. მაგალითად, პფალცის ქალაქ ბეხჰოფენში დაბადებული, ამერიკელი ჯარისკაცის შვილი ტომ დოოლი, რომელიც 1998 წლის მუნდიალზე აშშ-ის ნაკრების კაპიტანი იყო. ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი გერმანიიდან წასვლა და სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში მას მერე გადაწყვიტა, რაც იმ ქვეყანაში რამდენიმე წელი გაატარა. მაგალითად, ბერნდ კრაუსი, რომელიც დორტმუნდში დაიბადა და ექვსი წლის მანძილზე ვენის „რაპიდში“ თამაშობდა. კრაუსმა ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო და რაკი მიხვდა, რომ ბუნდესგუნდში არასდროს ათამაშებდნენ, ავსტრიის ნაკრებში თამაში დაიწყო. სხვათა შორის, კრაუსს ავსტრიის ნაკრებში გერმანიის წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი და იმ შეხვედრაში ავტოგოლი გაიტანა.

რაინერ რაუფმანი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის თავდამსხმელი იყო. ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და ბილეფელდის „არმინიას“ რიგებში ბუნდესლიგის ეგიდით სულ რაღაც 30 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. მერე კი კვიპროსში წავიდა, სადაც „ომონიას“ რიგებში 152 მატჩი 181 (!!!) გოლი გაიტანა. 2002 წელს მან კვიპროსელი ქალი შეირთო და მოქალაქეობაც მიიღო, რის შემდეგაც კვიპროსის ნაკრებში დაიწყო თამაში. ადგილობრივი ფანებისთვის ის გმირი გახდა!

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის შემთხვევაში გერმანიაში დაბადება შემთხვევითობა იყო. ნახევრად ფინელი და ნახევრად შვედი მიკაელ ფორსელი მიუნსტერლანდში, კერძოდ შტაინფურტშია დაბადებული. რატომ? იმიტომ, რომ იმ დროს მამამისი იქ ფინური ფირმის მუშაკი გახლდათ. სამხრეთ კორეელი დუ-რი ჩა კი ფრანკფურტში მოევლინა ქვეყნიერებას, რადგან მამამისი ბუმ-კუნ ჩა იმხანად ფრანკფურტში თამაშობდა.

გერმანიაში, კერძოიდ კი ნეკარის შვენინგენშია დაბადებული ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი, მაგრამ ხორვატი მამისა და სერბი დედის შვილს არასდროს გასჩენია იმის ამბიცია ან სურვილი, რომ გერმანიის ნაკრებში ეთამაშა. და პროსინეჩკიმ ისტორია შექმნა: ის იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორი ქვეყნისთვის შეძლო გოლების გატანა: 1990 წლის მუნდიალზე იუგოსლავიის ნაკრების მაისურით გაიტანა, 1998 წლის მუნდიალზე კი ხორვატიის ნაკრების მაისურით. რობერტ პროსინეჩკი დავორ შუკერთან, ზვონიმირ ბობანთან, ალიოშა ასანოვიჩთან და სხვებთან ერთად, ხორვატიის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული!


გერმანიაში დაბადებული ფეხბურთელები, რომლებმაც სხვა ქვეყნების ნაკრებ გუნდებში ითამაშეს ან თამაშობენ

ფეხბურთელი	დაბადების ადგ.	დაბადების თარ	ნაკრები
ნური შაჰინი ლიუდენშაიდი 5.09.1988 თურქეთი
ადილ ჩიჰი დიუსელდორფი 21.02.1988 მაროკო
ჩეიუნ გიულზელამი მიუნხენი 25.12.1987 თურქეთი
მარტინ ჰარნიკი ჰამბურგი 10.06.1987 ავსტრია
სამი ალაგუი დიუსელდორფი 28.05.1986 ტუნისი
მარკ გუიფე ბიტერფელდი 12.04.1984 კამერუნი
ჰაქან ბალთა ბერლინი 23.03.1983 თურქეთი
ჰალილ ალთინთოფი გელზენკირხენი 8.12.1982 თურქეთი
ჰამით ალთინთოფი გელზენკირხენი 8.12.1982 თურქეთი
ზვიეზდან მიშიმოვიჩი მიუნხენი 5.06.1982 ბოსნია
შტეფან ლობუე პფორცჰაიმი 23.08.1981 კოტ დ’ივუარი
მიკაელ ფორსელი შტაინფურტი 15.03.1981 ფინეთი
ბაკარი დიაკიტე ფრანკფურტი 9.11.1980 მალი
დუ-რი ჩა ფრანკფურტი 25.07.1980 სამხრეთ კორეა
ივან კლასნიჩი ჰამბურგი 29.01.1980 ხორვატია
ზლატან ბაირამოვიჩი ჰამბურგი 12.08.1979 ბოსნია
ერსტენ მარტინი მარკტრედვიტცი 23.05.1979 თურქეთი
ფერიდოონ ზანდი ემდენი 26.04.1979 ირანი
ილდირაი ბაშთურქი ჰერნე 24.12.1978 თურქეთი
ალი გიუნეში დონაუეშინგენი 23.11.1978 თურქეთი
აბდელაზიზ აჰანფუფი ფლიორსჰაიმი 14.01.1978 მაროკო
უმით ქარანი ბერლინი 1.10.1976 თურქეთი
ილჰან მანშიზი კემპტენი 10.08.1975 თურქეთი
ივიცა გრლიჩი მიუნხენი 6.08.1975 ბოსნია
ოტო ადო ჰამბურგი 9.06.1975 განა
ტიმო უსტერი ბერლინი 22.10.1974 გამბია
ოკა ნიკოლოვი ერბახი 25.05.1974 მაკედონია
რობერტ კოვაჩი ბერლინი 6.04.1974 ხორვატია
ტაიფუნი შტუტგარტი 2.04.1974 თურქეთი
უმით დავალა მანჰაიმი 30.07.1973 თურქეთი
ნიკო კოვაჩი ბერლინი 15.10.1971 ხორვატია
ტაიფური ჰანაუ 23.04.1970 თურქეთი
რობერტ პროსინეჩკი შვენინგენი 12.01.1969 იუგ/ხორვატია
რაინერ რაუფმანი კლევე 26.02.1967 კვიპროსი
ანტონი ბაფოე ბონი 25.05.1965 განა
ტომ დოოლი ბეხჰოფენი 12.05.1961 აშშ
ბერნდ კრაუსი დორტმუნდი 8.05.1957 ავსტრია
ვილი ლიპენსი ბედბურგ-ჰაუ 10.11.1945 ჰოლანდია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული