დორტმუნდის „ბორუსიას“ გერმანიის ჩემპიონობა ჯერ არ გაუნაღდებია, იმას კი ნაღდად „აღარ გაუვა წყალი“, რომ დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ „დორტმუნდი“ უეფასგან მინიმუმ 20 მილიონ ევროს დაიბევებს და უკვე ცხადია, რომ „შავ-ყვითლები“ ამ თანხის ნახევარზე მეტს გუნდის გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების, კერძოდ კი გაზეთ „ბილდის“ ცნობით, „ბორუსიას“ ხორვატი ტალანტის ივან პერიშიჩის ყიდვა უნდა. ეს უკანასკნელი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და შაბათს, თბილისშიც ითამაშა – სლავენ ბილიჩმა ის მოედანზე 61-ე წუთზე,
პერიშიჩი „ბრიუგეს“ ღირსებას იცავს და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. მიუხედავად ამისა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს ძალიან უნდა ნიჭიერი ხორვატი ფეხბურთელის ყიდვა და მისი გადაბირებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ბრიუგეს“ ხელმძღვანელები პერიშიჩს 6 მილიონ ევროდ აფასებენ.
ივანი შემტევი ნახევარმცველია და თავს ყველაზე უკეთ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გრძნობს. მართალია, თბილისში ვერაფერი გააწყო, მაგრამ ზოგადად საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური, ამავე დროს, მეორე სართულზე კარგად მოთამაშე ნახევარმცველია და მთხოვნელების საკმაოდ დიდი რიგიც უდგას. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე (27 მატჩში) 16 გოლი და 8 საგოლე პასია, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ პერიშიჩს გოლების გატანაც ეხერხება. „ბილდის“ ცნობით, „ბორუსიას“ სკაუტები პერიშიჩს დიდი ხანია, აკვირდებიან.
კლოპს მისი ყიდვა იმიტომ უნდა, რომ პერიშიჩი 22 წლის კევინ გროსკროიტცის იდეალურ ალტერნატივად მიაჩნია. დორტმუნდს თითქმის ყველა პოზიციაზე ორი კაგრი ფეხბურთელი ჰყავს – ერთადერთი, მარცხენა გარემარბის პოზიციაა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ივან პერიშიჩის ყიდვა „ლილს“, „მონაკოს“ და „ტოტენჰემსაც“ სურთ. თვითონ ხორვატმა ფეხბურთელმა არაერთხელ თქვა, გაისად ჩემპიონთა ლიგაში მსურს თამაშიო – შესაბამისად, დორტმუნდის „ბორუსია“ მისთვის სწორედ იდეალური მისამართია...