ჰამბურგი კრაფტს ელაპარაკება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის „უკანასკნელი დინო“ „ჰამბურგი“, ერთადერთი გუნდი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა, მეკარის ძებნას იწყებს. საქმე იმაშია, რომ გუნდის დღევანდელი მეკარე ფრანკ როსტი ხელმძღვანელებს გულზე არ ეხატებათ და თანაც, ეს უკანასკნელი ზაფხულში 38 წლის ხდება. შესაბამისად, HშV-ს შეფებმა სერიოზულად დაიწყეს ახალი კიპერის ძებნა და „კიკერის“ ინფორმაციით, მათთვის სასურველი მეკარეების სიაში პირველ ადგილზე „ბაიერნის“ პირველი ნომერი თომას კრაფტია, რომელიც ზაფხულში, შესაძლოა, უფასო იყოს.

გუნდის ბოსებმა როსტზე (419 თამაში ბუნდესლიგაში) პირველ რიგში მისი ასაკის გამო აიცრუეს გული და ესეც რომ არ იყოს, ფრანკი
ყოველთვის კრიტიკულია ხელმძღვანელობის მიმართ, რაც მათ ასევე არ მოსწონთ. რაც შეეხება კრაფტს: „ბაიერნის“ ახალგაზრდა მეკარეს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, კარს მომავალ სეზონშიც მას ანდობენ თუ ახალი მეკარის ყიდვას ეცდებიან. ფაქტია, რომ 22 წლის კრაფტი „ბაიერნის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არაფრისდიდებით არ დათანხმდება და რაკი ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ბავარიელები ზაფხულში ახალ გოლკიპერს შეიძენენ, „ჰამბურგს“ კრაფტის ხელში უფასოდ ჩაგდების ძალიან კარგი შანსი აქვს. „კიკერის“ ცნობით, ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსებმა კრაფტის აგენტთან უკვე გამართეს პირველი მოლაპარაკებები...

პარალელურად, ჰამბურგის შეფები დღენიადაგ იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. HSV-ს ამჟამად არმინ ფეეს ყოფილი ასისტენტი მიხაელ იონინგი წვრთნის, რომლის პოსტზე დატოვება ნაღდად არ არის გამორიცხული, მაგრამ როგორც ირკვევა, „ჰამბურგის“ ახალ სპორტულ დირექტორ ფრანკ არნესენს მიაჩნია, რომ უმჯობესია, გუნდი სკანდინავიელ მწვრთნელს ჩააბაროს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, არნესენის ფავორიტები მისი თანამემამულე მიქაელ ლაუდრუპი და ნორვეგიელი სტალე სოლბაკენი არიან. გაირკვა, რომ არნესენი ორივეს შეხვდა და ესაუბრა. მათ გარდა, არნესენი დანიის ნაკრების თავკაც მორტენ ოლსენზეც სერიოზულად ფიქრობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული