იუპ ჰაინკესი „ბაიერნს“ პირველ ივლისს ჩაიბარებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, „ლევერკუზენის“ თავკაცმა უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გააძლიეროს მიუნხენური გრანდი. გასულ ზაფხულს რეკორდმაისტერს ტრანსფერებში ფული არ დაუხარჯია, ახლა კი, ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ პრეზიდენტი ული ჰიონესი „დონ იუპს“ ზაფხულში ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელების უფლებას მისცემს.
„ბაიერნში“ დღეს პირველ რიგში მომავალ მატჩზე ფიქრობენ, რომელსაც რეკორდმაისტერი შაბათს მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს - მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგრამ ბავარიული გრანდის კულისებში მომავალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო - მიუნხენელები
აბსოლუტურად ყველა გერმანული საინფორმაციო სააგენტოსა თუ გაზეთის ცნობით, „ბაიერნი“ ტრანსფერებში დაახლოებით 60 მილიონ ევროს დახარჯავს. ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალი მიუნხენში გაიმართება და „ბაიერნის“ ხელმძღვანელების აზრით, იმისათვის, რომ გუნდი ფინალში გავიდეს, ჯიბეზე ხელის გაკვრაა საჭირო.
ფეხბურთელების აზრით, მომდევნო სეზონზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან გუნდს ამ სეზონშიც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მაგალითად, მარიო გომესი პირდაპირ ამბობს, რა დროს ზაფხულზე ლაპარაკია, როცა ჯერ ისიც არ ვიცით, ვითამაშებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაშიო. აი, არიენ რობენს კი სპეკულაციები ხელს სულაც არ უშლის - ჰოლანდიელი გარემარბისთვის ზაფხულში გუნდის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც რობენი თითოეულ სპეკულაციას, დადასტურებულ თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას მიესალმება.
ნოიერზე ჯერ კიდევ ფიქრობენ
როცა „ბაიერნის“ მწვრთნელობაზე ითანხმებდნენ, ჰაინკესს ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთვის და ფინანსური დირექტორისთვის, კარლ ჰოპფნერისთვის უთქვამს, ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერის გახორციელება უბრალოდ აუცილებელია, თუ ფულს ვერ დავხარჯავთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ნუ მომთხოვთო. პრეზიდენტი ჰიონესი ამბობს, გუნდის გაძლიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ დავხარჯავთ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროაო. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი იტყობინებიან, რომ „ბაიერნის“ შეფები ჯერ კიდევ სერიოზულად ფიქრობენ „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერზე. მართალია, მიუნხენელ ფანებს ეს უკანასკნელი გულზე არ ეხატებათ და პირველ ნომრად თომას კრაფტის დატოვებას უჭერენ მხარს, მაგრამ ნოიერი მაინცაა „ბაიერნისთვის“ სასურველი მოთამაშეების სიაში.
ვიდალი, ილიჩევიჩი და ბერბატოვი?
ჰიონესი და რუმენიგე პირველ რიგში მაინც დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ. უკვე ვწერდით, რომ „ბაიერნი“ სერიოზულადაა დაინტერესებული, რომ ზაფხულში ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი 15 მილიონს ითხოვს) და ფაბიო კოენტრაუ (ბენფიკადან) გადაიბიროს. სიაში არიან „აიაქსის“ მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი და „ბოლტონის“ ლიდერი გარი კეჰილიც.
დიდი შანსია, რომ ჰაინკესმა „ლევერკუზენიდან“ „ბაიერნში“ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალიც წაიყვანოს. მართალია, „ფარმაცევტების“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა თქვა, ეს არ მოხდებაო, მაგრამ თვითონ ვიდალმა განაცხადა, რომ „ბაიერნი“ ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებო გუნდია და რომ თუ მიუნხენელები მის გადაბირებას მოინდომებენ, უარს არ იტყვის. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში რეკორდმაისტერი „კაიზერსლაუტერნის“ შემტევ ნახევარმცველ ივო ილიჩევიჩსაც გადაიბირებს - მიუნხენელებმა მასთან სიტყვიერ შეთანხმებას იანვარში მიაღწიეს. ინგლისურ პრესაში კი დაიწერა, რომ „ბაიერნს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის ყიდვაც უნდა.
რაც შეეხება ნოიერს: „შალკე“ მანუელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და „ბაიერნიც“ მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს. ჰიონესი და რუმენიგე ამ შემთხვევაში ფანების აზრს არ ითვალისწინებენ და ჯიუტად ფიქრობენ ნოიერის ყიდვაზე, ბოლო სიტყვა კი, მაინც ჰაინკესმა უნდა თქვას. ფაქტია, რომ თუ რეკორდმაისტერი ნოიერს იყიდის, კრაფტი მიუნხენიდან წავა. მას უკვე ეპატიჟებიან „ჰამბურგში“.
რობენი ვან დერ ვილს ითხოვს
ნოიერთან ერთად, „ბაიერნის“ შეფების ფავორიტი პორტუგალიელი კოენტრაუა, რომლის სანაცვლოდ, „ბენფიკა“ 25 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც გაირკვა, მიუნხენელებს ამდენის გადახდა არ სურთ და თუ ტრანსფერი არ შედგება, მაშინ „ბაიერნი“ ჰოლანდიერლ ვან დერ ვილს „შეუტევს“. ეს უკანასკნელი 10 მილიონი ღირს და როგორც ხედავთ, კოენტრაუზე გაცილებით იაფია. მიუნხენელებისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, დაცვის მარჯვენა ფლანგს გააძლიერებენ, თუ მარცხენას, რადგან ფილიპ ლამი ორივე პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაშობს.
„ჩემი აზრით, უმჯობესია, ვან დერ ვილი ვიყიდოთ. გრეგორი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის „ბაიერნს“ მაგრად გამოადგება,“ - ეს ვან დერ ვილის თანამემამულე რობენის სიტყვებია, რომელმაც ისიც თქვა, მიუნხენიდან წასვლა უკვე საბოლოოდ გადავიფიქრე, ჩემპიონთა ლიგის საგზური რომც ვერ მოვიპოვოთ, „ბაიერნში“ დავრჩებიო.
ალთინთოფი და კლოზე?
საინტერესოა, რას უპირებენ „ბაიერნის“ ხელმძღვანელები მიროსლავ კლოზეს და ჰამით ალთინთოფს - მათ ხომ კონტრაქტები უმთავრდებათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰაინკესს კლოზეს შენარჩუნება სურს, ჰიონესი კი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ მირო ხელფასის შემცირებას დათანხმდება. თითქმის იგივე ეხება ჰამით ალთინთოფსაც, რომელსაც ასევე არ სურს სათადარიგოთა სკამის ხეხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰაინკესი თურქ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემს. დიდი შანსია, რომ მიუნხენური გრანდი საყრდენმა ნახევარმცველმა ანდრეას ოტლმა დატოვოს. ამ უკანასკნელს ბერლინის „ჰერტაში“ ეპატიჟებიან.
კროოსი 2015 წლამდე
ამასობაში, „ბაიერნის“ შეფრებმა ახალგაზრდა ნახევარმცველ ტონი კროოსს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს. ამ უკანასკნელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების ვადა 2012 წლის ზაფხულში ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, 21 წლის კროოსი მიუნხენში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა გრანდმა მანამდე ახალი კონტრაქტები ფილიპ ლამს, ბასტიან შვაინშტაიგერს, თომას მიულერსა და ჰოლგერ ბადშტუბერს გაუფორმა.