- ჰერ კროოს, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომი და ახალი სეზონის წინა პერიოდია. რა უფრო მძრაფრია: მოგონებები მუნდიალის შესახებ, თუ ახალი სეზონის დაწყების მოლოდინი?
- რა თქმა უნდა, ახალი სეზონის მოლოდინი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ მე ზოგადად აწმყოსა და მომავლის ადამიანი ვარ, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. მუნდიალი უკვე წარსულია, ისტორიაა და შესაბამისად, მომავალ თავგადასავლებზე უფრო მეტს ვფიქრობ. თანაც, მე ხომ "ბაიერნში" დავბრუნდი...
- მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის სხვანაირი განწყობით ემზადებიან ხოლმე, ვიდრე ისინი, ვისაც მუნდიალზე არ უასპარეზია. თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?
- თუ იმას გულისხმობთ, რომ მუნდიალის მონაწილე მოთამაშეები კლუბში ცხვირაბზეკილები ბრუნებიან და იმ თანაგუნდელებს, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ, ზემოდან უყურებენ ხოლმე, მაშინ გეტყვით, რომ ჩემს შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ანაც, როგორ უნდა შევხედო ვინმეს ზემოდან, როცა ჯერ 20 წლის ვარ და მყავს თანაგუნდელები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი მიზნები ნათელია: გვინდა, რომ ისევ მოვიგოთ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგაც.
- პირადად თქვენი მიზანი?
- ვფიქრობ, ისედაც ყველა ხვდება, რომ ჩემი უმთავრესი მიზანი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა. მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო და ჩემით ყველა კმაყოფილი იყოს, პირველ რიგში კი ვან გაალი, რომლისგანაც უდიდეს სითბოს და რაც მთავარია, ნდობას ვგრძნობ.
- რას ნიშნავს "რაც შეიძლება ხშირად"?
- პირდაპირ გეტყვით, გერმანიის თასის პირველ სამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ყოფნა ჩემთვის საკმარისი ნამდვილად არ იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ მნიშვნელოვან მატჩებშიც მინდა ასპარეზობა. თანაც, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის...
- ლუის ვან გაალის ხელში "ბაიერნი" 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. თქვენს ადგილს სად ხედავთ?
- ყველგან, სადაც მწვრთნელი გამამწესებს. მაგრამ ლუისმა ჩვენი პირველი შეხვედრისას მითხრა, რომ მისი აზრით, ასეთ ტაქტიკურ სქემაში ჩემი ადგილი სამი შემტევი ნახევარმცველიდან, ცენტრალურის პოზიციაზეა. ანუ, ერთადერთი ცენტრფორვარდის უკან. თუმცა "ლევერკუზენში" მარცხენა გარემარბი ვიყავი, გერმანიის ნაკრებში მარჯვნივაც მითამაშია და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც და ცხადია, ეს ყველაფერი ვან გაალმაც იცის.
- იმ სამეულში, სადაც თქვენს ადგილს ხედავთ, მარცხნივ ფრანკ რიბერი თამაშობს, მარჯვნივ არიენ რობენი, ცენტრში კი თომას მიულერი. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ სასტარტოში თამაშის ჩინებული შანსი გაქვთ...
- დარწმუნებული ვარ, რომ ვან გაალი ისეთ ვარიანტს მოიფიქრებს, არც თქვენს მიერ ნახსენები სამეული დარჩება გულდაწყვეტილი და არც მე. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.
- გამოდის, რომ მაშინ ცენტრფორვარდს ემუქრებით – ივიცა ოლიჩს, მარიო გომესს ან მიროსლავ კლოზეს. თუ რომელიმე შემტევ ნახევარმცველს არ ამოვაგდებთ, ერთადერთი ხომ ვარიანტი ისაა, რომ თავდამსხმელად მიულერმა ითამაშოს და თქვენ მისი ადგილი დაიკავოთ?
- შესაძლოა, მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ეს ყველაფერი ვან გაალის გადასაწყვეტია და მე მჯერა, რომ ლუისი იდეალურ ვარიანტს მოიფიქრებს.
- ისევე, როგორც მუნდიალის მონაწილე სხვა ფეხბურთელები, "ბაიერნს" თქვენც გვიან უერთდებით. ვან გაალმა თქვა, რომ ეს რეკორდმაისტერისთვის ძალიან ცუდია. თქვენ რას ფიქრობთ?
- ცხადია, რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ ფეხბურთელების ინდივიდუალური ხარისხი იმდენად მაღალია, რომ დარწმუნებული ვარ, "ბაიერნს" სეზონის სტარტზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
- თქვენმა ყოფილმა კლუბმა "ლევერკუზენმა" მიხაელ ბალაკი გადაიბირა. არის თუ არა "ბაიერი" "ბაიერნის" სერიოზული კონკურენტი?
- ცხადია, არის. "ლევერკუზენმა" გასულ სეზონში, ბალაკის გარეშეც ბრწყინვალედ იასპარეზა და ვამაყობ, რომ ამ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი მეც შევიტანე. ახლა კი, როცა ბალაკიც მათთანაა, გუნდი უფრო ძლევამოსილი იქნება. მინდა, რომ "ლევერკუზენს" წარმატებები ვუსურვო, მაგრამ არა "ბაიერნის" წარუმატებლობის ხარჯზე. ფაქტია, რომ თუ ჩვენ პოტენციალს გამოვიყენებთ, წინ მართლა ვერავინ დაგვიდგება. "ბაიერნი" უბრალოდ ყველაზე ძლიერია და მორჩა.