ვარსკვლავები გერმანიისკენ

AutoSharing Option
მეტცელდერი, არნაუტოვიჩი, ბალაკი... რაული გზაშია. ვინ იქნება შემდეგი?

ბუნდესლიგაში უკვე რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, ბევრ არანაკლებ საინტერესო გარიგებას კი აგვისტოში ელოდებიან. ზოგადად, წელს გერმანული კლუბები სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ევროპაში ფინანსურად ყველაზე სტაბილური მდგომარეობა სწორედ გერმანულ გუნდებს აქვთ. შევაჯამოთ განხორციელებული ტრანსფერები და კლუბებში შექმნილი ვითარება.

ბაიერნი: კროოსის გარდა არავინ?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები დანაპირებს შეასრულებენ და ამ ზაფხულს ძვირადღირებულ ტრანსფერს არ განახორციელებენ. დღემდე, გერმანიის მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის ყველაზე საყურადღებო
ტრანსფერი ტონი კროოსის მიუნხენურ კლუბში დაბრუნებაა, რომელიც წელიწადნახევარი "ლევერკუზენში" იყო განათხოვრებული. კროოსის გარდა, რეკორდმაისტერში კიდევ ოთხი ისეთი ფეხბურთელი დაბრუნდა, რომლებიც არენდით იყვნენ გაშვებულები: ხოსე ერნესტო სოსა, ედსონ ბრააფჰაიდი, ანდრეას ოტლი და ბრენო. პირველ სამეულს "ბაიერნში" დამკვიდრების შანსი ფაქტობრივად არ აქვს, ბრენო კი, პირველ რიგში, უნდა გამოჯანმრთელდეს. ამავდროულად, "ბაიერნმა" კრისტიან ლელი ბერლინში გაუშვა, მიხაელ რენზინგსა და ანდრეას გიორლიტცს კი ახალი კლუბები ჯერ არ უპოვიათ. ლუკა ტონიმ, როგორც იცით, "ჯენოას" მიაშურა.
მიუნხენელები არ მალავდნენ, რომ ფლანგის მცველის შეძენა უნდოდათ და ისიც დაადასტურეს, რომ გრეგორი ვან დერ ვილთან (აიაქსი) და ფაბიო კოენტრაოსთან (ბენფიკა) აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ ორივე მათგანის ტრანსფერი ჩაიშალა, რის შემდეგაც "ბაიერნის" თავკაცმა ლუის ვან გაალმა თქვა, რომ ახალგაზრდა დიეგო კონტენტოს მიენდობა. "ბაიერნის" მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა განაცხადა, რომ "იუვენტუსმა" რეკორდმაისტერს არაერთხელ შესთავაზა ბრაზილიელი დიეგო, მაგრამ მიუნხენურ კლუბს ეს ფეხბურთელი არ, უფრო სწორად, აღარ აინტერესებს.

შალკე: რაული გზაშია

...სამაგიეროდ, ბუნდესლიგიდან სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი ლევან ყენიას "შალკეა". ვიცე-ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი მომავალი სეზონისთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს და გუნდში უკვე ბევრი რამ შეცვალა. "შალკემ" "მაინციდან" ტიმ ჰოოგლანდი გადაიბირა, "კაიზერსლაუტერნს" საუკეთესო თავდამსხმელი ერიკ იენდრიშეკი წაართვა, მერე კი, "დესპოტმა ფელიქსმა" საკმაოდ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო და "რეალში" ჩამოწერილი კრისტოფ მეტცელდერი გელზენკირხენში წაიყვანა. სამაგიეროდ, მან უკვე მოიშორა მარსელო ბორდონი და ბევრისთვის გასაოცრად, გაყიდა კაპიტანი ჰაიკო ვესტერმანიც (ჰამბურგი). ბრაზილიელ მარჯვენა მცველ რაფინიას წასვლა უნდა, მაგათი ამის წინააღმდეგი არ არის. ფელიქსმა კევინ კურანიც მოიშორა, რომელიც ახლა უკვე მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია. ამავდროულად, მაგათმა ჯერალდ ასამოა "ზტ. პაულიში" გაუშვა და მას თან ახალგაზრდა მცველი კარლოს სამბრანოც გააყოლა, ოღონდ არენდით. რაც ყველაზე მთავარი და საინტერესოა: რაული გზაშია! ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკე" "რეალის" ცოცხალ ლეგენდას ხუთშაბათს წარადგენს. გუშინ, გონსალეს ბლანკო მადრიდელ ქომაგებს ცრემლებით გამოეთხოვა.

ვერდერი: არნაუტოვიჩის იმედად

ბრემენის "ვერდერი" მინიმალისტად რჩება: "მუსიკოსებმა" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გაუშვეს და ექვსი დაიმატეს. ამ ექვსიდან, ერთი მეორე გუნდიდან აყვანილი ტალანტია (ფელიქს ვიდვალდი), სამი კი განათხოვრებიდან დაბრუნებული - კევინ შინდლერი, კარლოს ალბერტო და იურიცა ვრანიეში. აქედან, ალბერტოს და ვრანიეშს "ვერდერში" მომავალი არ აქვთ. "მუსიკოსებმა" ეს ფეხბურთელები მაშინვე გაუშვეს. "ნამდვილი" ახალწვეული კი ავსტრიელი თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩია. ამ ფორვარდზე, რომელსაც ახალ ზლატან იბრაჰიმოვიჩად მოიხსენიებენ, "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი უდიდეს იმედებს ამყარებს. "ნამდვილი" ახალწვეულია ფელიქს კროოსიც, რომელიც ტონი კროოსის ძმა გახლავთ. ეს ფეხბურთელი ბრემენულმა კლუბმა როსტოკის "ჰანზადან" გადაიბირა.

ლევერკუზენი: ბალაკი, ამით ყველაფერი ნათქვამია!

ორი აზრი არ არსებობს: ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ბუნდესლიგაში "ლევერკუზენმა" განახორციელა - "ფარმაცევტებმა" ხომ მიხაელ ბალაკის გადაბირება შეძლეს. მას "ჩელსი" მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, ფეხბურთელს კი მინიმუმ ორწლიანი ხელშეკრულება სურდა, რის გამოც, ბალაკისა და ლონდონური კლუბის გზები გაიყარა და მიხაელი ბუნდესლიგაში ბრუნდება. ბალაკის ტრანსფერმა ჩრდილში მოაქცია ჰანო ბალიტშის "ჰანოვერიდან" "ლევერკუზენში" დაბრუნება და უაღრესად ნიჭიერი სიდნი სემის (კაიზერსლაუტერნიდან) ტრანსფერი. სამაგიეროდ, "ლევერკუზენმა" ტონი კროოსი დაკარგა. ამასთან, "ფარმაცევტებმა" ვეტერანი თომას ჟდებელი "ალემანიაში" გაუშვეს, იენს ჰეგელერი "ნიურნბერგში", ხოლო ლუკას ზინკევიჩი კი "აუგსბურგში".

ბორუსია (დ): იაპონია, ავსტრალია და ლევანდოვსკი

დორტმუნდის "ბორუსია" ამ ზაფხულს ძალიან "ჭრელ" სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს. ახალწვეულების ერთი ნახევარი მეორე ან ბავშვთა გუნდებიდან არიან, მეორე ნახევარი კი - მთელი მსოფლიოდან. ასე და ამგვარად, ვესტფალიელებმა იაპონიიდან ახალგაზრდა გამთამაშებელი შინჯი კაგავა წაიყვანეს, ავსტრალიიდან კი მეკარე მიჩელ ლანგერაკი. ლუკაშ პიჟჩეკი ბუნდესლიგას იცნობს, ის გასულ სეზონში "ჰერტასთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. პიჟჩეკი ერთადერთი პოლონელი არაა, ვინც "ბორუსიას" მიაშურა - შავ-ყვითლებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს და ნიჭიერი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იყიდეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოთამაშეები გაუშვა. მაგალითად, ბრაზილიელმა ტინგამ ახალი კონტრაქტი ვერ მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი დატოვა სათადარიგო მეკარე მარკ ციგლერმაც, რომელსაც მომავალ სეზონში "შტუტგარტის" სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს.

შტუტგარტი: შვაბური ეკონომია

"შტურგარტის" შეფები ცდილობენ, ბევრი ფული არ დახარჯონ. შვაბებმა "ბარსელონადან" ნათხოვარი ალექსანდრ გლები ისევ კატალონიაში გაუშვეს, რადგან ბელორუსმა ნახევარმცველმა იმედები ვერ გაამართლა. მეკარე იენს ლემანმა კარიერა დაასრულა. ამავდროულად, ვეტერანი მექსიკელი რიკარდო ოსორიო სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ახალგაზრდა ფორვარდი იულიან შიბერი კი "ნიურნბერგში" არენდით ითამაშებს. რობერტო ჰილბერტს "ბეშიქთაში" ეპატიჟება, მაგრამ "შტუტგარტის" შვეიცარიელი მწვრთნელი კრისტიან გროსი მის გასხვისებას არ აპირებს. მარტინ ლანიგი კიოლნში წავიდა, სამაგიეროდ, შვაბენლანდში კრისტიან გენტნერი დაბრუნდა (ვოლფსბურგიდან). შვაბებს გასულ სეზონში გეორგ ნიდერმაიერი და კრისტიან მოლინარო არენდით ჰყავდათ აყვანილი და ორივე მათგანმა ისე კარგად ითამაშა, რომ "შტუტგარტმა" ნიდერმაიერიც იყიდა და მოლინაროც. რაც შეეხება გეგმებს: ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შტუტგარტელები აუგსბურგელ იბრაჰიმა ტრაორეს უმიზნებენ. სამი ხედირა კი ალბათ მადრიდის "რეალში" გადავა.

ჰამბურგი: მცველი ახლა დირექტორია

მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ გუნდის ყოფილი მცველი ბასტიან რაინჰარდტი ახლა უკვე სპორტული დირექტორია. ჩრდილოგერმანულ კლუბს განათხოვრებული ხალხი, მიკაელ ტავარესი, ენის ბენ-ჰატირა და ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი დაუბრუნდნენ. ეს ფეხბურთელები რანგით ახლოსაც ვერ მივლენ დენის დიკმაიერთან, რომლის სახითაც, "ჰამბურგმა" "ნიურნბერგიდან" მართლაც ჩინებული მარჯვენა მცველი გადაიბირა. არანაკლებ საინტერესოა "ჰერტადან" მეკარე იაროსლავ დრობნის აყვანაც, რომელიც ვეტერან ფრანკ როსტს ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებით ემუქრება. ჩრდილოელებმა "ჰერტას" ესეც არ აკმარეს და ბერლინიდან წამყვანი ნახევარმცველი გოიკო კაჩარიც წაიყვანეს. ერთი კვირის წინ კი, "ჰამბურგმა" "შალკედან" გერმანიის ნაკრების მცველი ჰაიკო ვესტერმანი იყიდა (8 მილიონად). სამაგიეროდ, გუნდი დატოვა თავდამსხმელმა მარკუს ბერგმა, რომელმაც "ჰამბურგში" იმედები ვერ გაამართლა და მომავალ სეზონში "ეინდჰოვენში" განათხოვრების წესით ითამაშებს. "ჰამბურგისთვის" მტკივნეული იყო ჟერომ ბოატენგის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა. ვესტერმანმა სწორედ ეს უკანასკნელი უნდა შეცვალოს.

ვოლფსბურგი: მაკლარენს ქაოსი დახვდა

ყველაზე დიდი გაურკვევლობა და ქაოსი "ვოლფსბურგში" ტრიალებს, სადაც ახალ მწვრთნელ სტივ მაკლარენს ყველაფრის შეცვლა უნდა, რათა გერმანიის ექს-ჩემპიონმა თავისი სახე დაიბრუნოს. "მგლების" მაგიურ სამეულს, გრაფიტეს, ედინ ჯეკოსა და ზვიეზდან მიშიმოვიჩს წასვლა უნდათ, მაგრამ არ უშვებენ. "ვოლფსბურგმა" დაცვის ცენტრი უკვე მყარად გაამაგრა, შეიძინა რა არნე ფრიდრიხი (ჰერტადან) და სიმონ კიაერი (პალერმოდან). "მგლები" ნახევარდაცვაში (სისერო) და თავდასხმაშიც (მარიო მანჯუკიჩი) გაძლიერდნენ და ახლა "გრასჰოპერსის" უნიჭიერს ფორვარდ ნასიმ ბენ-ხალიფასაც ეპატიჟებიჟან. გუნდი დატოვეს ჯონათან სანტანამ (შოთა არველაძის "ქაისერისპორში" გადავიდა), ობაფემი მარტინსმა (რუბინი) და მცველმა იან სიმუნეკმა (კაიზერსლაუტერნი).

მაინცი: ზაფხული კარნავალის გარეშე?

"მაინცში" არცთუ დიდი გადაადგილებებია. ჰოოგლანდზე (შალკე) ზემოთ გითხარით, გუნდი დატოვა მალიკ ფათიმაც, რომელიც კარნავალელებს მოსკოვის "სპარტაკიდან" ჰყავდათ ნათხოვარი, ჩადლი ამრიმ კი "კაიზერსლაუტერნს" მიაშურა. "მაინცი" ორმა ისეთმა ფეხბურთელმაც დატოვა, რომლებიც ბოლო დროს სულ ტრავმირებულები იყვნენ. საუბარია ვეტერან მაინცელებზე, მარკო როზესა და მეკარე დიმო ვახეზე. სამაგიეროდ, მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა "შალკედან" ლუის ჰოლტბი ინათხოვრა, "ბოხუმს" კი კრისტიან ფუხსი წაართვა.

აინტრახტი: ბერძნები ფრანკფურტში

ფრანკფურტული კლუბი ბერძენი ფეხბურთელების ნავსაყუდელი ხდება. თეოფანის გეკასი ყველასათვის ნაცნობი ფიგურაა - ბერძენ თავდამსხმელს "აინტრახტში" გადასვლა ზამთარშიც უნდოდა, მაგრამ "ჰერტაში" ამოყო თავი და რაკი ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, გეკასი ახლა უკვე იქაა, სადაც უნდოდა - მიხაელ სკიბესთან, ფრანკფურტში. გეკასისგან განსხვავებით, მარცხენა მცველი გეორგიოს ცაველასი ახალგაზრდაა და ეს ბიჭი "აინტრახტში" პანიონიოსიდან გადაბარგდა. კაპიტან კრისტოფ შპიხერის წასვლამ (იანგ ბოიზში) "აინტრახტს" სიცარიელე დაუტოვა და ეს უკანასკნელი სწორედ ცაველასმა უნდა შეცვალოს. თავდამსხმელი ნიკოს ლიბეროპულოსი აეკ-ში წავიდა, სელიმ ტებერი კი "ქაისერისპორში". ფრანკფურტელებმა კონტრაქტები არ გაუგრძელეს მეკარეებს, მარკუს პრიოლსა და იან ციმერმანს. ორივე მათგანი უგუნდოდაა.

ჰოფენჰაიმი: ჰილდებრანდი უკლუბოდ!

"ჰოფენჰაიმის" შეფებმა ყველასათვის მოულოდნელად, მეკარე ტიმო ჰილდებრანდს კონტრაქტი არ გაუგრძელეს და ეს უკანასკნელი ახლა უგუნდოდაა! სამაგიეროდ, "ჰოფემ" "დუისბურგიდან" ტომ შტარკე იყიდა და "სოფლელების" კარს მომავალ სეზონში სწორედ ის დაიცავს. ამავდროულად, მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თავდამსხმელი ფრანკო ძუკულინი "ჯენოას" ათხოვა, ველინგტონი "ფორტუნაში" გაუშვა, მაიკოსუელი კი "ბოტაფოგოში". "ნამდვილი" ახალწვეული კი პენიელ მლაპას ეთქმის, რომელიც "ჰოფენჰაიმში" მიუნხენ 1860-დან გადავიდა. ცნობილია, რომ "ჰოფეს" "ჰერტას" ფორვარდ ადრიან რამოსის ყიდვა უნდა.

ბორუსია (მ): იგორი და იდრისუ

მიონხენგლადბახის "ბორუსიის" საინტერესო შენაძენი ფორვარდი იგორ დი კამარგოა (ლიეჟის "სტანდარდიდან"), რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ამასთან, მიხაელ ფრონტცეკმა "ფრაიბურგიდან" კამერუნელი თავდამსხმელი მაჰამადუ იდრისუც გადაიბირა. სამაგიეროდ, უკვე წავიდნენ რობერტო კოლაუტი (თელ ავივის "მაქაბი"), ვეტერანი ოლივერ ნოივილი (არმინია) და რობ ფრენდი (ჰერტა).

კიოლნი: მოკრძალებული თხები

"თხებმა" 13 ახალი ფეხბურთელი გადაიბირეს, მაგრამ ამ გუნდისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ამ 13 მოთამაშიდან, ყველაზე ცნობილი მარტინ ლანიგია (შტუტგარტიდან). ბუქარესტის "რაპიდიდან" ნაყიდმა ალეშანდრუ ლონიტამ კი მაგალითად, იმით გაითქვა სახელი, რომ მშობლიურ გაზეთს უთხრა, გერმანიაში ლამაზი ქალი ვერ ვნახეო... წავიდნენ პიერ ვომე და მანიშე.

ფრაიბურგი: მარტო გვარი რას უშველის...

"ფრაიბურგმა", როგორც ყოველთვის, სახელოვანი ფეხბურთელების შეძენისგან ამჯერადაც თავი შეიკავა. ახალწვეულთაგან ქომაგები მხოლოდ იან როზენტალსა და მაქსიმილიან ნიკუს თუ იცნობენ. კარგი გვარი აქვს "ალენიდან" ნათხოვარ ალან ჯუნიორ ოლე ოლეს...

ჰანოვერი: ძველი წითლები წავიდნენ

"ჰანოვერი" გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა და გუნდში დიდი ცვლილებებია. "წითლებმა" 15 ფეხბურთელი გაუშვეს, მათ შორის, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: არუნა კონე, არნოლდ ბრუგინკი, ირჟი შტაინერი, იან როზენტალი და ჰანო ბალიტში. იაცეკ კრჟინოვეკმა კარიერა დაასრულა. ახალწვეულთაგან, ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული ლარს შტინდლია (კარლსრუედან).

ნიურნბერგი: დიდი წმენდა

"ჰანოვერს" "ნიურნბერგმაც" მიბაძა და 16 ფეხბურთელი გაუშვა (12 შეიძინა). ახალწვეულთაგან მნიშვნელოვანი ფიგურაა ახალგაზრდა ფორვარდი იულიან შიბერი, წასულებიდან კი მარსელ რისე (ლევერკუზენი), დენის დიკმაიერი (ჰამბურგი) და "ბაიერნში" დაბრუნებულები, ბრენო და ანდრეას ოტლი.

კაიზერსლაუტერნი: დიდი მიმოსვლა ეშმაკებში

მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონში, 13 წასული ფეხბურთელი, 13-მა მოსულმა შეცვალა, მაგრამ ფუნდამენტი არ შეცვლილა. "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ სამი წამყვანი ფიგურა დაკარგეს: იენდრიშეკი, სემი და მანჯეკი. სამაგიეროდ, გადაიბირეს ილიჩევიჩი, ამრი, ტიფერტი, შიმუნეკი, მორავეკი და როდნი. მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი ხეირიან მარჯვენა მცველსაც ეძებს.

ზტ. პაული: ასამოა და კომპანია

"პაულიმ" "კაიზერსლაუტერნზე" გაცილებით კარგად ივაჭრა: ჯერალდ ასამოა, მორიტც ფოლცი და კარლოს სამბრანო. ჰამბურგელთა მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი კიდევ რამდენიმე ტრანსფერს გეგმავს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გვარი აქვს "ალენიდან" ნათხოვარ ალან ჯუნიორ ოლე ოლეს...ჰაჰაჰა :D ამაზე ბევრი ვიცინე
lebowski
00:29 28-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული