ბუტი ისევ პირველია!

AutoSharing Option

ის, რაც მოსალოდნელიც იყო, გუშინდელი დღის შემდეგ ოფიციალურად დადასტურებულია: „ბაიერნის“ დროებითმა მწვრთნელმა ანდრის იონკერმა გადაწყვიტა, ახალგაზრდა მეკარე თომას კრაფტი სათადარიგოთა სკამზე დასვას, კარში კი ისევ ვეტერანი ჰანს-იორგ ბუტი ჩააყენოს. ამრიგად, ხვალ, „ლევერკუზენთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რეკორდმაისტერის კარს სწორედ ბუტი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ბუტი 2001-დან 2007 წლამდე ლევერკუზენის ღირსებას იცავდა და ამრიგად, ხვალ სწორედ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. თავისი გადაწყვეტილება იონკერმა ასე ახსნა: „ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში და მე ვფიქრობ, რომ ბუტთან ერთად უფრო მეტი შანსი გვაქვს!“

ჩვენი გერმანელი კოლეგები
კი მიიჩნევენ, რომ ეს სულაც არ არის იონკერის პირადი გადაწყვეტილება და რომ მას ბუტის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა უბრძანეს.

ტურისწინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ შვაინი მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს, მას ნახევარდაცვის ცენტრში ტონი კროოსი შეცვლის. დისკვალიფიცირებული არიენ რობენის ნაცვლად, „ბაიერნის“ ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰამით ალთინთოფს ვიხილავთ. ტრავმები აწუხებთ ცენტრალურ მცველებს, დანიელ ვან ბუიტენს და ბრენოს. რაკი ჰოლგერ ბადშტუბერიც ვერ ითამაშებს (დისკვალიფიცირებულია), დიდი შანსია, რომ მიუნხენელთა დაცვის ცენტრში საყრდენები, ლუის გუსტავო და ანატოლი ტიმოშჩუკი ვიხილოთ. გუშინ, ვარჯიშზე ფრანკ რიბერიც დაშავდა და შესაძლოა, ხვალ მოედანზე გასვლა ვერც ფრანგმა დრიბლიორმა შეძლოს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული