ვან დერ ვილი დაკონკრეტდა

AutoSharing Option

ოთხშაბათს, მიუნხენის „ზებენერშტრასეზე“ განსაკუთრებული დღე იყო: „ბაიერნის“ ვარჯიშის სანახავად დაახლოებით 2000 გულშემატკივარი მივიდა. ცხადია, პირველ რიგში ეს კარგმა ამინდმა გამოიწვია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ლევერკუზენთან“ 5:1-ის შემდეგ, ფანები ისევ „ბაიერნისკენ“ შებრუნდნენ. შესაბამისად, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებიც დამშვიდებულები ჩანან - „ლევერკუზენთან“ მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ ბავარიული გრანდი ხომ მესამე ადგილზე, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში დააბრუნა.
„ახლა უკვე იმ ადგილზე ვართ, რომელზეც გაცილებით ადრეც უნდა ვყოფილიყავით. „ჰანოვერი“ უნდა იყოს ჩვენი მდევარი და არა პირიქით,“ - კმაყოფილია „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფაქტია,
რომ რაც მიუნხენურ გრანდს ამ სეზონში დაემართა, გაისად არაფრისდიდებით არ უნდა განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ახლო მომავალში, „ბაიერნის“ მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ქომაგებს მინიმუმ ოთხ ახალ, მაღალი კლასის ფეხბურთელს წარუდგენს. ამ ოთხიდან, ერთი მეკარე იქნება (სავარაუდოდ მანუელ ნოიერი), ერთი თავდამსხმელი, ერთი ცენტრალური მცველი (სავარაუდოდ ჟერომ ბოატენგი) და ერთიც ფლანგის მცველი.
„კიკერის“ ინფორმაციით, რეკორდმაისტერის ფლანგის ახალი მცველი ამსტერდამის „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი გრეგორი ვან დერ ვილი იქნება. მიუნხენელებს ამ უკანასკნელის ყიდვა 2010 წლის ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც უნდოდათ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი იმის გამო არ შედგა, რომ „ბაიერნი“ „აიაქსს“ სატრანსფერო თანხაზე ვერ მოურიგდა. იმის გამო, რომ ვან დერ ვილმა მუნდიალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ამსტერდამელები მის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ახლა კი ვან დერ ვილის ფასი დაეცა და დაახლოებით 10 მილიონი ევროა. თუ ტრანსფერი შედგა, ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, ფილიპ ლამი კი მარცხნივ გადაინაცვლებს. რეკორდმაისტერის კაპიტანმა უკვე განაცხადა, თუ გუნდს სჭირდება, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშს დავთანხმდებიო. ლამის ალტერნატივად კი 20 წლის დიეგო კონტენტო დარჩება, რომელიც ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა მას რამდენიმე წინადადება აქვს როგორც მშობლიური იტალიიდან, ისე ბუნდესლიგის სხვა გუნდებისგანაც. გამორიცხული არაა, რომ მიუნხენელებმა კონტენტო ერთწლიანი არენდით გაუშვან, რადგან „ბაიერნში“ დანიელ პრანიჩიც ირიცხება.

კლოზე კაიზერსლაუტერნში არ დაბრუნდება

ფეხბურთელი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, დარჩება თუ არა მიუნხენში, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა. 32 წლის გოლეადორს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ეწურება და თუ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, ზაფხულში უფასო იქნება.
„გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და ყველაფერი შესაძლებელია, - უთხრა კლოზემ „კიკერს“ და იქვე დასძინა, - გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „კაიზერსლაუტერნში“ ჯერ არ დავბრუნდები.“ მირო არ ნერვიულობს იმის გამო, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ. სანერვიულო არც არაფერი აქვს, რადგან ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს - მათ შორის, გერმანიის მომავალი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“. ჰიონესმა მარტში თქვა, თუ მიროსთან კონტრაქტის გაგრძელება მოგვინდება, ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდესო. კლოზე კი ამბობს, რომ მისთვის ფული მეორეხარისხოვანია, მაგრამ შეთავაზების საერთო პაკეტს კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

როისი განიხილება

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ „გლადბახის“ 21 წლის გარემარბ მარკო როისის გადაბირება უნდა. გაირკვა, რომ უნიჭიერესი შემტევი ნახევარმცველის ყიდვა „ბაიერნსაც“ მოუნდა და BVB-სთვის კონკურენციის გაწევას აპირებს. გაურკვეველია 18 წლის დავიდ ალაბას მომავალი, რომელიც ახლა „ჰოფენჰაიმშია“ განათხოვრებული, „ბაიერნთან“ კი კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და ზაფხულში მიუნხენში უნდა დაბრუნდეს. „კიკერის“ ინფორმაციით, ალაბას იტალიაში, კერძოდ, „ნაპოლიში“ ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული