რა თქმა უნდა, ბორუსიაც და, ბარიოსისთვის გერმანია სულ ესაა!
უკვე ორი წელია, რაც ლუკას ბარიოსი დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს, სტატისტიკურად, ყოველ მეორე თამაშში გოლი გააქვს და გერმანიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ორი წლის წინ, მან „ბორუსიაში“ შვეიცარიელი თავდამსხმელი ალექსანდერ ფრაი შეცვალა - ფეხბურთელი, რომელიც დორტმუნდელ ქომაგებს ძალიან უყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ „კოლო კოლოში“ ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა, ბევრმა მას ეჭვის თვალით შეხედა. თავიდან მართლაც პრობლემები ჰქონდა, მერე კი დაიწყო და გოლეადორის ნიჭის გამოვლენას დღემდე აგრძელებს. 26 წლის ფორვარდმა, „ბორუსიას“ ფორმით ჩატარებულ 73
- ჰერ ბარიოს, მართალია, რომ თითქოს, თქვენი წინამორბედის, „ბორუსიას“ ყოფილი გოლეადორის, ალექს ფრაის სახლში ცხოვრობთ?
- ვცხოვრობდი, მაგრამ მას მერე, რაც სახლი გამიძარცვეს, სხვაგან გადავედი.
- უკვე ორი წელია, რაც გერმანიაში ხართ. რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ აქ?
- თავიდან სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ გერმანული ენა არ ვიცოდი. ახლა კი, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. მომწონს ის, რომ გერმანიაში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. არ მომწონს ფორმალობების სიმრავლე.
- რასთან ასოცირდება თქვენთვის გერმანია პირველ რიგში?
- სოსისი, პური, მდოგვი და ლუდი - ამათ ერთობლიობასთან.
- გატყობთ, აქ თავს უკვე ძალიან კარგად გრძნობთ...
- კი, ნამდვილად ასეა. გარდა იმისა, რომ ჩემთან სტუმრად ბევრი ახლობელი ჩამოდის, დორტმუნდშიც საკმაოდ ბევრი მეგობარი გავიჩინე. მიხარია, რომ ჩემი ვაჟი ტომასიც დიდი ხნით ჩამოყავთ ხოლმე. ზოგადად კი, ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრებას უკვე მივეჩვიე.
- ამბობენ, „დორტმუნდის“ ფეხბურთელები თავისუფალ დროს ყოველთვის ერთად ერთობიანო. ყველაზე ახლოს რომელ თანაგუნდელებთან ხართ?
- მართალიცაა: თავისუფალ დროს უმეტესად ყველანი ერთად ვატარებთ, რაც გუნდური სულისკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ახლომეგობრული ურთიერთობა კი ფელიპე სანტანასთან, ნევენ სუბოტიჩთან, კეინ გროსკროიტცთან და შინჯი კაგავასთან მაქვს. ჩვენ ძალიან ხშირად, თითქმის სულ ერთად ვართ.
- „კოლო კოლოდან“ პირდაპირ დორტმუნდში აღმოჩნდით, მანამდე კი „ნანსიში“ გეპატიჟებოდნენ. რატომ ჩაიშალა ეს ტრანსფერი?
- ამ ტრანსფერში ზედმეტად ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობდა, რის გამოც მოლაპარაკებები ყელში ამომივიდა და ერთხელაც ვთქვი, „ნანსიში“ არ გადავალ-მეთქი. კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი, თორემ ვინ იცის, შესაძლოა, დორტმუნდში აღარასოდეს მეთამაშა...
- ტრანსფერის შემდეგ, პირველ მატჩებში გოლები ვერ გაგქონდათ, რის გამოც იურგენ კლოპმა ძირითადი შემადგენლობიდან ამოგაგდოთ და ექსპერტების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ იმედები ვერ გაამართლეთ. როგორ მიიღეთ მაშინდელი კრიტიკა?
- ვიცოდი, რომ თავიდან გამიჭირდებოდა. კრიტიკა ჩემთვის შოკისმომგვრელი არ ყოფილა. ამაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვარ და ყველაფერი მარტივად გადამიტანია. რაც მთავარია, კრიზისი მალე დავძლიე.
- რა განსხვავებაა გერმანულ და სამხრეთამერიკულ ფეხბურთს შორის?
- სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ჩემპიონატებში ფეხბურთელებს მოქმედებისთვის გაცილებით დიდი სივრცეები აქვთ ხოლმე, ვიდრე აქ. ევროპაში ფეხბურთი გაცილებით სწრაფი და ათლეტურია. ფიზმომზადებას აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
- თქვენ უკვე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხართ და მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება, სუპერგრანდები რომ დაინტერესდნენ. როგორც მოიქცევა ლუკას ბარიოსი, ერთ დღესაც „ბარსელონადან“, ან „რეალიდან“ რომ დაუკავშირდნენ? მაგალითად, მატს ჰუმელსმა აღიარა, რომ მინიმუმ დაფიქრდება...
- „ბარსელონას“ ან „რეალის“ დარ სუპერგრანდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ფაქტია, რომ ოცნება ამისრულდა. მე უკვე ვთამაშობ ძალიან დიდ გუნდში. თუ ისე მოხდა, რომ ზემოთ ხსენებული გრანდებიდან, რომელიმე მართლაც დაინტერესდა, მხოლოდ დორტმუნდის „ბორუსიაზე“ იქნება დამოკიდებული, გამყიდის, თუ არა. პირადად მე, აქედან წასვლა არ მინდა და იმედი მაქვს, რომ არც არასდროს მომინდება. BVB-სთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაქვს გაფორმებული და რამდენადაც ვიცი, შეფებს ჩემი გაყიდვა არ უნდათ. შესაბამისად, ბედნიერი ვარ.