როგორც მოსალოდნელი იყო, „ჰამბურგის“ ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ დროებითი მწვრთნელი მიხაელ იონინგი თანამდებობაზე მომავალი სეზონისთვისაც დატოვონ. არადა, იონინგი არ არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი - ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც „ჰამბურგს“ შეეფერება. მან ჩრდილოგერმანული კლუბი არმინ ფეეს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა (მანამდე ფეეს ასისტენტი გახლდათ) და წესით, მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე უნდა ემუშავა. სიმართლე უნდა ითქვას: იონინგს არ მიუღწევია ისეთი წარმატებებისთვის, რაც მის დატოვებას განაპირობებდა, მაგრამ მაინც ენდობიან. არადა, „ჰამბურგი“ საგაისოდ, ზედიზედ მეორედ რჩება ევროტურნირებს მიღმა.
იონინგი „ჰამბურგისთვის“, 2007 წლიდან რიგით მეექვსე მთავარი
პაოლო გერერო (თავდამსხმელი): როგორც იცით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ რუუდ ვან ნისტელროი გუნდიდან წავა. მისი პირველი შემცვლელი კი, 27 წლის პერუელი თავდამსხმელი პაოლო გერეროა, მაგრამ როგორც ირკვევა, იონინგი მას არ ენდობა. „ვერ ვიტყვი, რომ გერეროთი კმაყოფილი ვარ. ის უდავოა, რომ დიდი შესაძლებლობების მქონე თავდამსხმელია, მაგრამ ამას მოედანზე იშვიათად ამტკიცებს,“ - აცხადებს იონინგი. „კიკერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ჰამბურგელები გერეროს თავიდან მოიშორებენ, რის გამოც ცხადი ხდება, რომ იონინგს მინიმუმ ერთი მაღალი კლასის ახალი ცენტრფორვარდი დასჭირდება.
მარსელ იანსენი (მარცხენა გარემარბი): მას მერე, რაც იონინგი მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელია, 25 წლის მარსელ იანსენს მხოლოდ ოთხჯერ ენდო და ისიც 4-4 წუთით. არადა, ერთ დროს უნიჭიერეს ფეხბურთელად მიჩნეულ მარცხენა ნახევარმცველს, რომელიც გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაშიცაა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იანსენს „ჰამბურგთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ დიდი შანსია, რომ ჩრდილოგერმანული კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს. რამდენიმე კვირის წინ იონინგმა თქვა, იანსენისგან ყველანი გაცილებით მეტს ველოდებით და იმედებს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებსო.
გი დემელი (მცველი): 29 წლის კოტ დ’ივუარელ მცველს „ჰამბურგთან“ ხელშეკრულება 2012 წლამდე აკავშირებს, მაგრამ წინა ზაფხულში და ორი წლის წინაც, გაყიდვის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო. მისი გასხვისება კლუბის ხელმძღვანელებს უნდოდათ, მაგრამ დემელი მწვრთნელებმა „გადაარჩინეს“. იონინგს დემელი აშკარად არ სჭირდება, რადგან ამ უკანასკნელს ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს, მიხაელი კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ახალგაზრდა (21 წლის) და ძალიან ნიჭიერ დენის დიკმაიერს უფრო ენდობა.
ჯონათან პიტროიპა (მარჯვენა გარემარბი): 25 წლის პიტროიპა არმინ ფეეს დროს თითქმის მუდმივად თამაშობდა და კმაყოფილიც იყო, იონინგი კი მას საერთოდ არ ენდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდიდან უნდა წავიდეს. „ჰამბურგის“ ახალი მწვრთნელი პიტროიპას პოზიციაზე უპირატესობას 22 წლის ენის ბენ-ჰატირას ანიჭებს, რომელსაც კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და იონინგს უნდა, რომ „ჰამბურგმა“ ბენ-ჰატირას ახალი ხელშეკრულება (2014 წლამდე) გაუფორმოს.