თუმცა დორტმუნდელთა ბედი მხოლოდ მათ ხელში არაა: იურგენ კლოპის გუნდი დღეს გერმანიის ჩემპიონი იმ შემთხვევაში გახდება, თუ მეორეადგილოსანი „ლევერკუზენი“ „ჰოფენჰაიმს“ ვერ მოუგებს, ხოლო „დორტმუნდი“ კი მიონხენგლადბახიდან სამ ქულას წაიღებს.
ზოგადად, ბუნდესლიგის 31-ე ტური გუშინწინ, „ფრაიბურგისა“ და „ჰანოვერის“ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 3:1 მოიგეს და მესამე ადგილზე აღზევდნენ, რითაც მიუნხენის „ბაიერნი“ (რეკორდმაისტერი დღეს ფრანკფურტში თამაშობს) წნეხის ქვეშ მოაქციეს. ხვალ, „ნიურნბერგი“
ჰანოვერი ისევ მესამეა
„ჰანოვერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას აგრძელებს. მირკო სლომკას ქვემოსაქსონიელმა შეგირდებმა ხუთშაბათს ფრაიბურგიდან სამი ქულა წაიღეს და „ბაიერნს“ გადაასწრეს. შესაბამისად, მიუნხენურ გრანდს დღეს ფრანკფურტში აუცილებლად მოგება სჭირდება იმისთვის, რომ მესამე ადგილი დაიბრუნოს. ფრაიბურგელებმა კი, ევროპის ლიგა უკვე საბოლოოდ უნდა დაივიწყონ. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ „ფრაი“ მაინც გავიდეს მეხუთე ადგილზე, მაგრამ შანსი იმდენად მცირეა, რომ ბრძოლას ვინ ჩივის, ოცნებადაც კი აღარ ღირს.
მთელი დორტმუნდი ჰოფენჰაიმს ქომაგობს
„ლევერკუზენი“ ნაშუადღევს თამაშობს, დორტმუნდის „ბორუსია“ კი საღამოს. შესაბამისად, დორტმუნდელ ქომაგებს შეუძლიათ, მათი მდევრისა და „ჰოფენჰაიმის“ მშვიდად უყურონ და „სოფლელებს“ უქომაგონ. თუ „ჰოფე“ იმდენს მოახერხებს, რომ „ბაი-არენაზე“ არ დამარცხდება, საღამოს „დორტმუნდს“, „გლადბახთან“ მატჩისთვის „ჩემპიონშიპ პოინტი“ ექნება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება.
„ლევერკუზენის“ დამრიგებელი იუპ ჰაინკესი იმედოვნებს, რომ მის შეგირდებს უკვე აღარ ახსოვთ წინა ტურში, მიუნხენში განცდილი კატასტროფული მარცხი (1:5) და რომ „ფარმაცევტები“ „ჰოფენჰაიმთან“ სამ ქულას აიღებენ. მართალია, ლევერკუზენელები ჩემპიონობაზე უკვე აღარ ოცნებობენ, მაგრამ დარჩენილ ოთხ შეხვედრაში მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდებათ იმისათვის, რომ ვიცე-ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმონ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც გაინაღდონ.
ამოისუნთქავს ვერდერი?
ამ კვირაში გადაწყდა, რომ „ზანკტ პაულის“ მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი ჰამბყრგულ კლუბს დატოვებს და მომავალი სეზონიდან „ჰოფენჰაიმს“ გაწვრთნის, მაგრამ სანამ გუნდიდან წავა, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ „პაული“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნას. კიცელები დღეს „ვერდერს“ მასპინძლობენ - გუნდს, რომელიც აღარ არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ არც ასი პროცენტით გადარჩენილია.
„ზანკტ პაულიმ“ წინა ტურში ვოლფსბურგიდან ქულა წაიღო, რამაც ჰამბურგელებს იმედი მისცა, რომ გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ იმისათვის, რომ იმედის ნაპერწკალი არ ჩაქვრეს, „ვერდერის“ დამარცხებაა საჭირო. არადა, ბრემენელებიც მოგებაზე ფიქრობენ, რადგან „მილერნტორშტადიონიდან“ სამი ქულის წაღება, თომას შააფის გუნდისთვის გადარჩენის უკვე ასპროცენტიანი გარანტია იქნება.
აინტრახტი, შტუტგარტი, კაიზერსლაუტერნი: წაგება აკრძალულია!
დღესვე თამაშობს ის სამი გუნდიც, რომლებსაც „ვერდერზე“ გაცილებით მეტი ნერვიულობა უწევთ - „აინტრახტი“, „შტუტგარტი“ და „კაიზერსლაუტერნი“. ფაქტია, რომ ამ სამეულიდან, ყველაზე რთული ამოცანის წინაშე ფრანკფურტელები დგანან, რომლებიც დღეს „ბაიერნს“ მასპინძლობენ - რეკორდმაისტერს კი სამი ქულა ჰაერივით ესაჭიროება. კრისტოფ დაუმის „აინტრახტის“ მდგომარეობას იც ფაქტორიც ამძიმებს, რომ ამ გუნდს დარჩენილ ტურებში ორი საკმაოდ რთული შეხვედრა ელის - „მაინცთან“ და „დორტმუნდთან“. შესაბამისად, „აინტრახტმა“ დღეს „ბაიერნთან“ მედგრად უნდა იბრძოლოს, რადგან წაგების შემთხვევაში, საქმეს ძალიან გაირთულებს. დაუმმა კი, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ამ კვირაში თქვა, თუ მეორე ბუნდესლიგაში გავარდებით, გუნდიდან წავალო.
„შტუტგარტსაც“ იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც „აინტრახტს“ და გადარჩენაზე საუბარი ჯერ-ჯერობით შვაბებისთვისაც ადრეა. ბრუნო ლაბადიას გუნდმა ორი კვირის წინ, უშუალო კონკურენტ „კაიზერსლაუტერნთან“ წააგო (2:4 და თანაც, საკუთარ მოედანზე), რის შემდეგაც კიოლნიდან წაიღო სამი ქულა. და საერთოდ, ბოლო დროს „შტუტგარტი“ გასვლით შეხვედრებში გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე საშინაო მატჩებში, დღეს კი სწორედ საკუთარ მოედანზე თამაშობს და მეტოქეც არ ჰყავს ხელწამოსაკრავი - შვაბენლანდში „ჰამბურგი“ ჩადის. HSV-ს მეხუთე ადგილსა და ევროპის ლიგის საგზურზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია, რის გამოც „შტუტგარტს“ დიდი სიფრთხილე მართებს.
სანერვიულო ჯერ კიდევ ბევრი აქვს „კაიზერსლაუტერნსაც“ და სხვათა შორის, ბოლო დროს, „ეშმაკებიც“ არასტაბილურები არიან და სტუმრად უკეთ გამოიყურებიან (ორი მოგება ზედიზედ), ვიდრე სახლში (ორი წაგება ზედიზედ). შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა „ლაუტერნის“ სტუმრად მოგებათა სერია გელზენკირხენშიც. რაც უნდა იყოს, „შალკე“ ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია და იმ კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დუელი ელის.
გლადბახის მიზანი: გადავდოთ დორტმუნდის ჩემპიონობა
ბოლოადგილოსანი მასპინძლობს ლიდერს და შესაბამისად, როლები გადანაწილებულია, თუმცა სეხნიების დუელს დიდი სიმძაფრე მოსდევს: ერთის მხრივ, შესაძლოა, დორტმუნდელებს დღეს საღამოსვე მიეცეთ გაჩემპიონების შანსი, „გლადბახს“ კი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს გადარჩენის იმედი, თუმცა ფეხის დაცდენის უფლებაც აღარ აქვს. ამიტომაცაა, მიონხენგლადბახელთა სუპერვარსკვლავი მარკო როისი დორტმუნდელებს რომ ემუქრება, აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთო.
იმასაც გაგახსენებთ, რომ როისს სწორედ „დორტმუნდში“ ეპატიჟებიან. ლიდერს ერთადერთი საკადრო პრობლემა აქვს: იურგენ კლოპი ამ სეზონში პირველად ვერ ათამაშებს ნური შაჰინს, რომელიც გუნდის სული და გულია. თურქი ნახევარმცველი დაშავდა და მისთვის სეზონი უკვე დამთავრებულია.
ბოლოს და ბოლოს, მოიგებს მაგათი?
„ვოლფსბურგს“ ფელიქს მაგათის დაბრუნებამ ჯერ-ჯერობით კარგი არაფერი მოუტანა. „მგლებმა“ „დესპოტი ფელიქსის“ მწვრთნელად მისვლის შემდეგ, ოთხი მატჩი ჩაატარეს და ვერცერთი მოიგეს. წარუმატებლობათა სერიას, რაც „ვოლფსბურგს“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების პერსპექტივას უქადის, ფელიქსი ფეხბურთელების ეგოისტობას აბრალებს.
მისი აზრით, „ვოლფსბურგის“ ძალიან ბევრი მოთამაშე მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მაგათის გუნდის მეტოქე დღე „კიოლნია“, რომელმაც ზედიზედ ორი თამაში წააგო. „ვოლფსბურგი“ სარელეგაციო მე-16 ადგილზეა და „თხებს“ „მგლებზე“ ექვსი ქულით მეტი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიოლნელებს ჯერ კიდევ არ აქვთ „თავი ქუდში“.
ნიურნბერგი და მაინცი: დუელი ევროპის ლიგის საგზურისთვის
31-ე ტურს ხვალ საღამოს ძალიან საინტერესო მატჩი დახურავს, რომელშიც „ნიურნბერგი“ „მაინცს“ მასპინძლობს და ეს არის ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის. ამ პოზიციაზე ახლა „მაინცია“, რომელსაც „ნიურნბერგი“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად: საკმარისია, დიტერ ჰეკინგის გუნდმა თომას ტუხელის სამწყსო დაამარცხოს, რომ ფრანკები საოცნებო მეხუთე ადგილზე აღზევდებიან.
ჰეკინგი ამბობს, ჩვენ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას არავინ გვავალდებულებს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გრანდიოზულ მიზანს მივაღწიოთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია და იმედი მაქვს, „მაინცს“ სახლში უქულოდ გავუშვებთო. აღსანიშნავია, რომ „მაინცი“ აღარ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც პირველ წრეში იყო. კარნავალელებმა წინა ტურში აუტსაიდერი „გლადბახი“ ძლივს (1:0) დაამარცხეს და ეს ტუხელის გუნდისთვის, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, პირველი გამარჯვება იყო.
გუშინ
ფრაიბურგი-ჰანოვერი 1:3
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, ტოპრაკი, ბუტშერი - შუსტერი, მაკიადი (75. ვილიამსი) - ნიკუ, პუცილა (72. იეგერი) - კალიჯური (38. როზენტალი), სისე.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - ლალა (87. ეგიმანი), შმიდებახი - შტინდლი, რაუში (71. კარლიტოსი) - შლაუდრაფი (91. ჩაჰედი), აბდელაუ.
გოლები: 0:1 აბდელაუ (24), 0:2 შლაუდრაფი (31), 0:3 რაუში (58), 1:3 როზენტალი (79)
გაფრთხილება: კ. შულცი, შტინდლი
მაყურებელი: 24 000
დღეს
შალკე-კაიზერსლაუტერნი 17:30
ტრავმა: ჰუგლანდი, ჰიოვედესი, პანდერი, ყენია, კლუგე, მორიტცი, გავრანოვიჩი, ჰუნტელაარი - შიმუნეკი, ილიჩევიჩი, ნემეცი
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30
ტრავმა: იაისლე, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ვაისი, თომალა (ყველა ჰოფენჰაიმი)
შტუტგარტი-ჰამბურგი 17:30
ტრავმა: ბიჩაქჩიჩი, დეგენი, აუდელი, გებჰარდტი - მატიისენი, კასტელენი, ინსენი, პიტროიპა, ვან ნისტელროი
აინტრახტი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: ა. მაიერი - რობენი
ტრავმა: კრისი, ფრანცი, ცაველასი, ბაირამოვიჩი, კიტელი - ჰამით ალთინთოიფი, პრანიჩი, ოლიჩი
ზანკტ პაული-ვერდერი 17:30
ტრავმა: ჰაინი, ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო - ბიონიში, ნალდო, პრიოდლი, დ. იენსენი
ბორუსია (მ)-ბორუსია (დ) 20:30
დისკვალიფიკაცია: ჰანკე (ბორუსია მ)
ტრავმა: ჟორე, ვისინგი - კაგავა, კელი, კრინგე, ნ. შაჰინი
ხვალ
ვოლფსბურგი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: პოდოლსკი (კიოლნი)
ტრავმა: მბოკანი - იანულისი, შორხი, პეჟკო, ტეროდე
ნიურნბერგი-მაინცი 19:30
ტრავმა: ფრანტცი, ბუნიაკუ - ჰ. მიულერი, შალაი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 30 21 6 3 62:18 69
2. ლევერკუზენი 30 18 7 5 60:40 61
3. ჰანოვერი 31 18 3 10 45:41 57
4. ბაიერნი 30 16 7 7 66:36 55
5. მაინცი 30 15 3 12 44:37 48
6. ნიურნბერგი 30 13 7 10 45:38 46
7. ჰამბურგი 30 12 7 11 44:45 43
8. ფრაიბურგი 31 12 5 14 39:47 41
9. ჰოფენჰაიმი 30 10 10 10 45:42 40
10. შალკე 30 11 7 12 35:34 40
11. ვერდერი 30 8 11 11 40:56 35
12. კიოლნი 30 10 5 15 40:57 35
13. კაიზერსლაუტერნი 30 9 7 14 40:48 34
14. შტუტგარტი 30 9 6 15 52:55 33
15. აინტრახტი 30 9 6 15 29:40 33
16. ვოლფსბურგი 30 6 11 13 34:44 29
17. ზანკტ პაული 30 8 5 17 32:53 29
18. ბორუსია (მ) 30 7 5 18 43:64 26
ბომბარდირები: 22 - გომესი (ბაიერნი); 20 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი), 14 - ნოვაკოვიჩი (კიოლნი); 13 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).