იურგენ კლოპის გუნდს დღეს „ვერცხლის სინისკენ“ მინიმუმ მორიგი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მაქსიმუმ კი, ჩემპიონობის ორი ტურით ადრე განაღდება. BVB-ს მეტოქე ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ნიურნბერგია“, ხოლო „ლევერკუზენისა“ კი „კიოლნი“, რომლის მწვრთნელი დღეს ფოლკერ ფინკე იქნება.
დორტმუნდი: ყოველი შემთხვევისთვის შამპანური ჩაციებულია...
იმისთვის, რომ დორტმუნდელებმა დღეს ჩემპიონობა გაინაღდონ, საჭიროა, „ლევერკუზენმა“ კიოლნში ვერ მოიგოს, ხოლო „ბორუსიამ“ კი „ნიურნბერგი“ დაამარცხოს. თუმცა დორტმუნდელებს სიფრთხილე მართებთ, რადგან „ნიურნბერგი“ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. რაც ყველაზე მთავარია, ფრანკები ჯერ კიდევ იბრძვიან ევროპის ლიგის საგზურისთვის, რადგან მეხუთეადგილოსან „მაინცს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.
დიდი შანსია, რომ BVB-ს დღეს, 30 აპრილს ლიდერ ნური შაჰინთან ერთად, რომლისთვისაც ეს სეზონი უკვე დამთავრებულია, მთავარი გოლეადორი ლუკას ბარიოსი და გარემარბი კევინ გროსკროიტციც დააკლდნენ, რაც კლოპისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. „ნიურნბერგიდან“ ჩანდლერის თამაშია საეჭვო. სამაგიეროდ, მწყობრშია ფრანკების ახალგაზრდა ნახევარმცველი და მთავარი იმედი ილქაი გიუნდოგანი, რომელსაც ჩვენი გერმანელი კოლეგები ზაფხულში „დორტმუნდში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
მოდი, ვნახოთ ფინკე
„კიოლნისა“ და „ლევერკუზენის“ დაპირისპირება ძალიან საინტერესო და დრამატული, რაინის ისტორიული დერბია. დაახლოებით თვენახევრის წინ კიოლნელები მშვიდად იყვნენ და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდათ, მაგრამ მერე ხუთი მატჩიდან ოთხი წააგეს და მე-14 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, რის გამოც, კიოლნში გადარჩენისთვის ბრძოლა ისევ დღის წესრიგში დადგა.
სწორედ ამიტომ დატოვა პოსტი ოთხშაბათს მწვრთნელმა ფრანკ შეფერმა და დარჩენილ სამ შეხვედრაში „თხების“ დამრიგებელი გუნდის სპორტული დირექტორი, ყოველი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი ფოლკერ ფინკე იქნება. 63 წლის ფოლკერი „კიოლნის“ სპორტულ დირექტორად წლის დასაწყისში დაინიშნა, ახლა კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებიც უნდა შეითავსოს და მისი მიზანი „თხების“ გავარდნისგან გადარჩენაა, მაგრამ ფაქტია, რომ ფინკე და მისი ბიჭები „ლევერკუზენისგან“ საჩუქრებს არ უნდა ელოდონ - რაც არ უნდა იყოს, იუპ ჰაინკესის გუნდს ჯერ კიდევ აქვს გაჩემპიონების თეორიული შანსი.
შეუძლია, თუ არა დაუმის "აინტრახტს" მოგება?
„მაინცისა“ და „აინტრახტის“ დაპირისპირებაც დერბია - უფრო ზუსტად, რაინისა და მაინის დერბი. „მაინცს“ წინა ტურშიც უმძაფრესი შეხვედრა ჰქონდა - ევროპის ლიგის საგრუზისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ნიურნბერგთან“ და მიღწეული ფრით, მაინცელებმა საუკეთესო ხუთეულში ადგილი შეინარჩუნეს. თომას ტუხელის გუნდს წაგების უფლება არც „აინტრახტთან“ აქვს, არადა, ფრანკფურტელებს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებათ.
თუმცა კრისტოფ დაუმის „აინტრახტი“ მიმდინარე სეზონის მეორე წრის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია (მხოლოდ 8 ქულა მეორე წრეში) და დაუმის ხელში ფრანკფურტელებს ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგიათ. გასავარდნი ზონის სამეული (ვოლფსბურგი, გლადბახი, ზანკტ პაული) „აინტრახტს“ ძალიან მიუახლოვდა და დღევანდელი მატჩის წინ დაუმიც უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული.
შტუტგარტის ბოლო ნაბიჯი?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტს“ გადარჩენამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი. შვაბები დღეს „ჰოფენჰაიმს“ სტუმრობენ - გუნდს, რომელსაც ფაქტობრივად აღარაფერი აინტერესებს და ზინსჰაიმში მოგების შემთხვევაში, „შტუტგარტი“ ელიტაში დარჩენას გაინაღდებს. შვაბთა სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, „ჰოფესთან“ აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, რაც იმის მაუწეყებელი იქნება, რომ მიზანს მივაღწიეთ და მეორე ბუნდესლიგაში არ გავარდებითო.
ვინ დაიმსახურებს „ოქროს ანანასს“?
ისეთ დუელებს, სადაც არანაირი ინტრიგა აღარ არის ხოლმე, გერმანიაში „მატჩებს ოქროს ანანასისთვის“ უწოდებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჰამბურგისა“ და „ფრაიბურგის“ დაპირისპირება სწორედ ასეთი თამაშია, რადგან HSV საუკეთესო ხუთეულს ექვსი ქულით ჩამორჩება, „ფრაი“ კი რვა ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვთ, რომელიც იმდენად მცირეა, რომ სალაპარაკოდ არც კი ღირდა. თუკი რომელიმეს მოგება უფრო მეტად უნდა, ეს უფრო „ჰამბურგზე“ ითქმის.
ჩემპიონთა ლიგა თუ გადარჩენა?
აი, „ჰანოვერისა“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დაპირისპირება კი, შესაძლოა, ძალიან დრამატული გამოვიდეს. „ჰანოვერი“ მესამე ადგილზეა და ამ პოზიციის შენარჩუნებაზე ოცნებობს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, „გლადბახი“ კი გადარჩენისთვის იბრძვის. თანაც, ლუსიენ ფავრის ბიჭებმა წინა ტურში უდიდესი სენსაცია „გამოაცხვეს“, ლიდერი „დორტმუნდი“ დაამარცხეს და იმედის ნაპერწკალი ისევ გაუღვივდათ. ფაქტი ერთია: „გლადბახი“ არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის.
ნოიერი მიუნხენში ჩადის
ტურს „ბაიერნისა“ და „შალკეს“ პრინციპული დუელი დახურავს. გელზენკირხენულმა კლუბმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი წააგო (0:2 "მანჩესტერ იუნაიტედთან") და ნირწამხდარია, ბუნდესლიგაში კი, „შალკეს“ ფაქტობრივად აღარაფერი აინტერესებს. თუმცა შალკელები „ბაიერნთან“ პრინციპულ მატჩს მაინც ძალიან სერიოზულად მოეკიდებიან. უაღრესად საინტერესოა „ალიანს არენაზე“ მანუელ ნოიერის გამოჩენა, რომლის ყიდვა ბავარიული გრანდის ბოსებს ძალიან უნდათ. აი, რეკორდმაისტერის ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი კი ნოიერის ტრანსფერის წინააღმდეგია.
გეხსომებათ, ამას წინათ, გერმანიის თასის ნახევარფინალში, „ბაიერნისა“ და „შალკეს“ დაპირისპირების დროს, მიუნხენელმა ქომაგებმა მანუელის საწინააღმდეგო „ტრანსფარანტების კასკადი“ გადმოფინეს. ვნახოთ, რა იქნება დღეს და შეიცვალეს თუ არა „ბაიერნის“ ფანებმა აზრი მას მერე, რაც ნოიერმა „მანჩესტერთან“ ბრწყინვალედ ითამაშა.
გუშინ
ვერდერი-ვოლფსბურგი 0:1
კაიზერსლაუტერნი-ზანკტ პაული 2:0
დღეს
ბორუსია (დ)-ნიურნბერგი 17:30
ტრავმა: ოვომოიელა, კაგავა, კელი, კრინგე, შაჰინი - ფრანტცი, ბუნიაკუ
ჰამბურგი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: მიკელი, კასტელენი, იანსენი, პეტრიჩი, ვან ნისტელროი - პუპლინი, ბასტიანსი, აბდესადკი, ფლუმი, ბეხმანი
მაინცი-აინტრახტი 17:30
ტრავმა: ჰ. მიულერი, შლიშკოვიჩი, შალაი - კრისი, ფრანცი, ცაველასი, ბაირამოვიჩი, კიტელი
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 17:30
ტრავმა: სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ვაისი, ობასი, თომალა - დეგენი, მოლინარო, აუდელი, გებჰარდტი
კიოლნი-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: იანულისი, შორხი, ბუხტმანი, კლემენსი, პეჟკო, ტეროდე (ყველა კიოლნი)
ჰანოვერი-ბორუსია (მ) 17:30
დისკვალიფიკაცია: შტინდლი (ჰანოვერი)
ტრავმა: ანდრეასენი, კარლიტოსი - დანტე, ვისინგი, დე კამარგო
ბაიერნი-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო (ბაიერნი)
ტრავმა: ჰამით ალთინთოფი, პრანიჩი, ოლიჩი - ჰუგლანდი, ჰიოვედესი, პანდერი, ყენია, მორიტცი, გავრანოვიჩი, ჰუნტელაარი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 31 21 6 4 62:19 69
2. ლევერკუზენი 31 19 7 5 62:41 64
3. ჰანოვერი 31 18 3 10 45:41 57
4. ბაიერნი 31 16 8 7 67:37 56
5. მაინცი 31 15 4 12 44:37 49
6. ნიურნბერგი 31 13 8 10 45:38 47
7. ჰამბურგი 31 12 7 12 44:48 43
8. ფრაიბურგი 31 12 5 14 39:47 41
9. ჰოფენჰაიმი 31 10 10 11 46:44 40
10. შალკე 31 11 7 13 35:35 40
11. კაიზერსლაუტერნი 32 11 7 14 43:48 40
12. ვერდერი 32 9 11 12 43:58 38
13. შტუტგარტი 31 10 6 15 55:55 36
14. კიოლნი 31 10 5 16 41:61 35
15. ვოლფსბურგი 32 8 11 13 39:45 35
16. აინტრახტი 31 9 7 15 30:41 34
17. ბორუსია (მ) 31 8 5 18 44:64 29
18. ზანკტ პაული 32 8 5 19 33:58 29
ბომბარდირები: 23 - გომესი (ბაიერნი); 20 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 14 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი).