საფინალო სასტვენიდან ოთხ წუთში, „ვესტფალენშტადიონის“ ტაბლოზე კონკურენტის თამაშის საბოლოო ანგარიში აინთო: „კიოლნმა“ „ლევერკუზენი“ 2:0 დაამარცხა, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ „ბორუსია“ მეშვიდედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. სწორედ ამ დროს, რეჟისორებმა BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპი გვაჩვენეს - იმიტომ, რომ მისგან ყველაზე ემოციურ ზეიმს ელოდებოდნენ. კლოპმა კი ისევ გააოცა მთელი საფეხბურთო გერმანია...
შაბათის ნომერში ბასტიან შვაინშტაიგერის განრისხებაზე ვწერდით. მას სუსტი ლიდერი უწოდეს და შვაინიც ამის გამო გაბრაზდა, „შალკესთან“ შეხვედრაში
გადარჩენისთვის ბრძოლაში, „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა დიეგომ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს დაუკრა ტაში, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელებს საკუთარი ფანებისგან თავდაცვისთვის პოლიციის მობილიზება დასჭირდათ. აი, „მაინცში“ კი ყველა კარგ ხასიათზეა, რადგან თომას ტუხელის გუნდი ცალი ფეხით ევროპის ლიგაშია.
ამ და სხვა საინტერესო ფაქტებით, თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 32-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.
Flop
შალკე მიწაზე დაეშვა
აი, ასე სწრაფად შეიძლება ჩაცხრეს უდიდესი ეიფორია: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჭკუის სასწავლებელი თამაში მოჰყვა, რომლის შემდეგ გელზენკირხენულ კლუბს წარმატების მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს, მერე კი „ბაიერნთან“ მწარე მარცხი (1:4) და ლევან ყენიას გუნდი მიწაზე დაეშვა.
მწვრთნელ რალფ რანგნიკის დასკვნა: „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ან „ბაიერნთან“ ტოლ-სწორად თამაში არ შეგვიძლია!“ არადა, სულ სხვანაირად იყო დაგეგმილი და იმავე „ბაიერნს“ „შალკემ“ წოტა ხნის წინ, გერმანიის თასის ნახევარფინალში მოუგო. ოღონდ, მაშინ „ხუმარების“ მწვრთნელი არა რანგნიკი, არამედ ფელიქს მაგათი გახლდათ.
Flop
დიეგოს გამოსწორება არ იქნება
„ვოლფსბურგის“ გამთამაშებელი დიეგო მთელი კვირის განმავლობაში გაიძახოდა, გუნდის ინტერესები ჩემს ინტერესებზე მაღლა დგასო, მაგრამ პარასკევს, „ვერდერთან“ მატჩის დროს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკიდურესად ეგოისტი და ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საქციელს ტვინს ნამდვილად არასდორს დააყოლებს.
ჯერ იყო და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩანდა, მერე კი, როცა ფელიქს მაგათმა 79-ე წუთზე შეცვალა, მწვრთნელისკენ არც კი გაუხედია, პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა და თანაც, „ვერდერის“ ფანებს დაუკრა ტაში. ცხადია, ბრემენელებმაც ოვაციებით გააცილეს. ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ დიეგო საკუთარ ინტერესებსა და ბედ-იღბალს, გუნდის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
Flop
ფრანკფურტელი ფანების აგრესია
„აინტრახტმა“ მაინცში 0:3 წააგო და ფრანკფურტულ კლუბს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე კვლავინდებურად სერიოზულად ემუქრება. მიუხედავად ამისა, „აინტრახტის“ ფანების საქციელს გამართლება მაინც არ აქვს: კრისტოფ დაუმის გუნდს ფრანკფურტში, სტადიონთან 400-ზე მეტი უკიდურესად აგრესიულად განწყობილი ფანი დახვდა, რომლებმაც გასასვლელის ბლოკირება მოახდინეს და ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებოდნენ. მათი აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ პოლიცია იძულებული გახდა, რამდენჯერმე გასაფრთხილებლად გაესროლა. ფეხბურთელებმა კი სტადიონი მხოლოდ სპეციალური ესკორტების დახმარებით დატოვეს. დიდი შანსია, რომ დაუმს ეს ყველაფერი უკვე „ყელში ჰქონდეს ამოსული“.
Flop
Vizerkusen Reloaded
„ლევერკუზენი“ ამ უქმეებისთვის უდიდესი ბაქი-ბუქით ემზადებოდა. ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები დღენიადაგ იმეორებდნენ, „ბორუსია“ თუ წაიფორხილებს, ფხიზლად უნდა ვიყოთო, მაგრამ გაცილებით სუსტ „კიოლნთან“ ძალიან ცუდად ითამაშეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ, სწორედ მაშინ „იჭრებიან“ ხოლმე.
შეფმა რუდი ფიოლერმა კი, ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთელები გაეკრიტიკებინა, მსაჯზე მიიტანა იერიში. საფინალო სასტვენის შემდეგ მან მთავარ არბიტრ დენიზ აითექინს ყველას გასაგონად უყვირა, უმჯობესია, ქალების ფეხბურთში გადაინაცვლოო. არადა, მსაჯი მართლა არაფერ შუაში იყო...
Top
მოკრძალებული იურგენ კლოპი
იმ დროს, როცა დორტმუნდელები ჩემპიონობას ძალიან ემოციურად ზეიმობდნენ, „ბორუსიას“ ზღაპრული წარმატების მთავარი შემოქმედი იურგენ კლოპი უჩვეულოდ მშვიდი იყო. არადა, იურგენი ბუნდესლიგაში ნაღდად ყველაზე ემოციური ადამიანია. უჩვეულო სიმშვიდე თვითონაც გაუკვირდა: მეც ვფიქრობდი, რომ გაცილებით ეიფორიული ვიქნებოდიო, თქვა მოგვიანებით. თუმცა კლოპი ლუდის შხაპს მაინც ვერსად გაექცა...
შესაბამისად, კლოპის პირადი ზეიმის ყველაზე ემოციური მომენტი ის იყო, როცა იურგენი თავის ცოლს, ულას გადაეხვია. ზუსტად ორ კვირაში, დორტმუნდის მთავარ მოედანზე ორგანიზებული საჩემპიონო ზეიმია დაგეგმილი, რომელზეც 200 000-ზე მეტ ფანს ელიან. ვნახოთ, რამდენად შეიკავებს ემოციებს კლოპი.
Top
მაინციც ზეიმობს
თავის წილ ზეიმსა და სიხარულს ამ სეზონში „მაინციც“ ნაღდად იმსახურებდა. გახსოვთ, როგორ თამაშობდნენ თომას ტუხელის ბიჭები პირველ წრეში? ჰოდა, ალალია ყველაფერი ის, რაც შაბათს, „აინტრახტთან“ მოგებული თამაშის შემდეგ მოხდა: უკვე წარმოუდგენელია, რომ „მაინცმა“ მეხუთე ადგილი დათმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაში ითამაშებს, რაც უკვე დიდი სენსაციაა და მაინცელებმა ამიტომაც იზეიმეს ისე ემოციურად, თითქოს გერმანიის ჩემპიონები გახდნენ. ფანებთან თვით კლუბის პრეზიდენტი ჰარალდ შტრუტციც აიჭრა და კოსტუმ-ჰალსტუხიანი დახტოდა.
მოგვიანებით, შტრუტცმა თქვა, მარტო იმიტომ კი არ ვზეიმობთ, რომ ევროპის ლიგისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენი იურგენ კლოპი გერმანიის ჩემპიონი გახდაო. ხომ გახსოვთ, კლოპი წლების მანძილზე წვრთნიდა „მაინცს“ და დორტმუნდის ჩემპიონი მწვრთნელი ამ ქალაქში ყველას ძალიან უყვარს.
Top
ეშმაკები ელიტაში რჩებიან
ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის - ამ დევიზით მარტო ჩემპიონები კი არ ხდებიან (დორტმუნდის ბორუსია), არამედ, მეორე ბუნდესლიგაში გავარდნასაც გადაურჩებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში „კაიზერსლაუტერნზე“ ვსაუბრობთ - გუნდზე, რომელიც სეზონის წინ ისევ მეორე ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო.
„ზანკტ პაულის“ დამარცხების შემდეგ (2:0), „წითელ ეშმაკებს“ თამამად შეუძლიათ, რომ მომავალი სეზონიც ელიტაში დაგეგმონ. ეს იმ დროს, როცა ფინანსურად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი გუნდები (მაგალითად, „ვოლფსბურგი“), ჯერ კიდევ იბრძვიან გადარჩენისთვის. „კაიზერსლაუტერნის“ წარმატების მთავარი საიდუმლოც, დორტმუნდის „ბორუსიას“ დარად, გუნდური სულისკვეთებაა...
Top
თითით საჩვენებელი შვაინი პანღურების შემდეგ
ული ჰიონესმა ჯერ კიდევ წლების წინ თქვა, ამ ბიჭს ხანდახან უკანალში პანღურის ამორტყმა სჭირდება იმისათვის, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოსო. მას მერე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ჰიონესი ცამდე მართალი იყო. იმ კვირაში ბასტიან შვაინშტაიგერს მაგრად აკრიტიკებდნენ, თვით თანაგუნდელებმა და რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმაც გალანძღეს და „სუსტი ლიდერი“ უწოდეს, რის გამოც შვაინი ძალიან გაბრაზდა და როგორც იცით, ჯერ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ „შალკესთან“ შეხვედრაში ყველას ყველაფერს დაუმტკიცებდა, მერე კი, სიტყვას საქმეც მოაყოლა და „შალკესთან“ ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო.
მატჩის შემდეგ, „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ 26 წლის შვაინშტაიგერი შეაქო - „შალკესთან“ სწორედ ის ბასტიანი ვიხილეთ, რომელიც „ბაიერნს“ სჭირდებაო.
XXXII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-2-2-2)
კევინ ტრაპი (კაიზერსლაუტერნი, 1) - საშა რიტერი (ვოლფსბურგი, 3), მათიას აბელი (კაიზერსლაუტერნი, 1), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, 10), ფილიპ დემსი (ბორუსია მ, 1) - ოიგენ პოლანსკი (მაინცი, 1), ელკინ სოტო (მაინცი, 2) - მარკო როისი (ბორუსია მ, 5), თომას მიულერი (ბაიერნი, 5) - პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი, 5), მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი, 5)
გერმანიის ჩემპიონ დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი 32-დან 10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში იყო - ეს მართლაც სენსაციური შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჰუმელსი ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ტურის გმირი
თომას მიულერი (ბაიერნი)
ტურის გმირად კი, „კიკერმა“ ამჯერად „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი დაასახელა და სხვათა შორის, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა. ორი გოლი და ერთი საგოლე პასი - ასეთი იყო მიულერის მონაგარი „შალკესთან“ მატჩში, რომელიც მიუნხენელებმა 4:1 მოიგეს.
საუკეთესო ფეხბურთელები
32 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.60
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.63
4. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.64
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.71
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.74
7. მანუელ ნოიერი შალკე 2.75
8. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.80
9. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.82
10. მარსელ შმელცერი ბორუსია (დ) 2.86
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 30 24 4 28
2. თომას მიულერი ბაიერნი 32 12 12 24
3. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 30 22 1 23
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 31 6 15 21
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 24 5 16 21
6. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 30 14 6 20
7. თეოფანის გეკასი აინტრახტი 32 16 4 20
8. მილოვოე ნოვაკოვიჩი კიოლნი 26 16 4 20
9. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 31 10 10 20
10. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 26 13 7 20