გუშინ დილას კრაფტმა ჩვეულებრივად ივარჯიშა და თორმეტის ნახევარზე გულშემატკივრებს ავტოგრაფებიც ჩამოურიგა.
მოგვიანებით, თვითონ თომასმაც არ დამალა, რომ ბერლინელებთან შეთანხმებას მიაღწია: „ჰერტა“ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, ბერლინი კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. ამ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება“, - უთხრა კრაფტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
მიუნხენიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს მეჰმეთ ექიჩისაც, რომელიც ამ სეზონში „ნიურნბერგშია“ განათხოვრებული. გუშინ, „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა და მისმა ბრემენელმა კოლეგამ კლაუს ალოფსმა მოლაპარაკებები გამართეს. აღსანიშნავია, რომ ექიჩისთვის „ჰამბურგიც“ იბრძვის.
კლოზეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი რომ უმთავრდება, ეს ამბავი მკითხველებს დიდი ხანია ვაცნობეთ. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ აქედან გამომდინარე, თუ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, მირო ზაფხულში უფასო იქნება. კლოზემ უკვე შეუთვალა უარი „ჰოფენჰაიმს“. მისი გადაბირება დორტმუნდის „ბორუსიას“, „ტოტენჰემსა“ და „იუვენტუსს“ სურთ. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, მირო არჩევანს „იუვესა“ და „ბორუსიას“ შორის გააკეთებს.
რაც შეეხება ჰამით ალთინთოფს: 28 წლის თურქ ნახევარმცველს კლოზეს დარად კონტრაქტი უმთავრდება. მისდამი ყველაზე დიდ ინტერესს თურქული გრანდები იჩენენ, მაგრამ სხვადასხვა გერმანული გაზეთები წერენ, რომ ჰამითის გადაბირება მადრიდის „რეალმა“ მოინდომა - სამეფო გუნდი კი, როგორც ხვდებით, უკონკურენციო იქნება.
ვინ მოვა? საკითხავი აი, ეს არის
აი, პოტენციური ბაიერნელების სიაში კი განსაკუთრებული სიახლე ჯერ არ არის. დაცვის ცენტრისთვის ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი) და ჟუანი (რომა) განიხილებიან, ნახევარდაცვისთვის არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), მეორე მეკარეობისთვის კი ჰაინც მიულერი (მაინცი) და გერჰარდ ტრემელი (ზალცბურგი). მიუნხენური გრანდის შეფებს ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის დამზღვევი გარემარბების შეძენა სურთ, რომლებიც ფრანგს ან ჰოლანდიელს დაშავების ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ჯეროვნად შეცვლიან და მიზანში ორი ფეხბურთელი ჰყავთ ამოღებული: მარკო როისი (მიონხენგლადბახის „ბორუსია“) და ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი). ფაქტია ისიც, რომ თუ განახორციელა, რეკორდმაისტერი ამ ტრანსფერებითაც არ დაკმაყოფილდება.