"ფრანკფურტი", "მიონხენგლადბახი" თუ "ვოლფსბურგი"?

AutoSharing Option
დღეს
ბაიერნი-შტუტრგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: რიბერი (ბაიერ)
ტრავმა: ბრენო, ჰამით ალთინთოფი, ოლიჩი - დეგენი, გებჰარდტი, კაკაუ

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: გულდე, ვუკჩევიჩი, ვაისი, თომალა (ჰოფ)

ჰანოვერი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბუნიაკუ (ნიურნ)
ტრავმა: ავევორი, ანდრეასენი, კარლიტოსი, აბდელაუ - ფრანტცი

ბორუსია (დ)-აინტრახტი 17:30
ტრავმა: ოვომოიელა, კელი, კრინგე, შაჰინი - კრისი, ფრანცი, ცაველასი, ბაირამოვიჩი, კლერკი, კიტელი

ჰამბურგი-ბორუსია (მ) 17:30
დისკვალიფიკაცია: იაროლიმი (ჰამბ)
ტრავმა: მიკელი, კასტელენი, იანსენი, პეტრიჩი - ვისინგი

მაინცი-ზანკტ პაული 17:30
დისკვალიფიკაცია: პოლანსკი (მაინ)
ტრავმა: ჰ. მიულერი, ფუხსი, შალაი - მ. ჰაინი, ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო, ბოლი, შულტცი, ჰენინგსი

კიოლნი-შალკე 17:30
ტრავმა:
შორხი, კლემენსი, ლანიგი, ფრაისი - ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი, გავრანოვიჩი

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: ტოპრაკი (ფრაიბ)
ტრავმა: პუპლინი, კრმასი, აბდესადკი, ფლუმი, ბეხმანი

კაიზერსლაუტერნი-ვერდერი 17:30
ტრავმა: დიკი, შიმუნეკი, ილიჩევიჩი, მორავეკი - ბიონიში, მერტეზაკერი, ნალდო, პრიოდლი, სილვესტრი, ბოროვსკი, ჰანტი, პისარო, ვაგნერი


ერთი დღეც და ბუნდესლიგა 2010/2011 ისტორიას ჩაბარდება. ბოლო ტურის მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა, რომელშიც სამი კლუბია ჩართული: „ვოლფსბურგი“, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“. საინტერესოა ის, რომ დღეს სამივე მათგანი სტუმრად თამაშობს.

ინტრიგა შერჩენილია მეორე („ლევერკუზენი“ თუ „ბაიერნი“) და მეოთხე ადგილებისთვის („ჰანოვერი“ თუ „მაინცი“) ბრძოლებშიც. ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ კი „ვერცხლის სინს“ ჩაიბარებს.


გავარდნის კანდიდატი 1: ვოლფსბურგი ყველაზე უკეთეს მდგომარეობაშია
ორი აზრი არ არსებობს, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების კანდიდატებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში „ვოლფსბურგია“. საკმარისია, „მგლებმა“ „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხონ, რომ ულაპარაკოდ გადარჩებიან.

მართალია, „ვოლფსბურგს“ ზუსტად იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ „გლადბახს“, მაგრამ ბურთების შეფარდების მხრივ, ფელიქს მაგათის გუნდი მიონხენგლადბახურ კლუბს დიდი უპირატესობით სჯობნის. თანაც, გერმანიის 2009 წლის ჩემპიონს წამყვანი ფეხბურთელები გამოუჯანმრთელდნენ: ბრაზილიელებმა, ჟოსუემ და დიეგომ ოთხშაბათს სრული დატვირთვით ივარჯიშეს და დღეს მოედანზე აუცილებლად გავლენ. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა თავდამსხმელ პატრიკ ჰელმესის ასპარეზობა.

„ვოლფსბურგის“ მეტოქე „ჰოფენჰაიმში“ კი უკვე მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჰოფეს“ დღევანდელ მატჩში არაფერი აღარ აინტერესებს გარდა იმისა, რომ გუნდმა მწვრთნელ მარკო პეცაიუოლის ღირსეული დამშვიდობება მოუწყოს.


გავარდნის კანდიდატი 2: გლადბახი კარგ ფორმაშია
„გლადბახი“ „ვოლფსბურგზე“ ოდნავ უარეს მდგომარეობაშია. მიონხენგლადბახელთა მთავარი კოზირები კარგ ფორმაში ყოფნა და გასვლით მატჩებში წარმატების მიღწევის ნიჭია, რითაც ლუსიენ ფავრის შეგირდები ვოლფსბურგელებსაც სჯობნიან და ფრანკფურტელებსაც. „გლადბახმა“ ამ სეზონში სტუმრად 5 მატჩის მოგება შეძლო, „აინტრახტმა“ ოთხის, „ვოლფსბურგმა“ კი სამის. ამასთან, „გლადბახის“ ფეხბურთელებმა იციან, როგორ უნდა დაამარცხონ „ჰამბურგი“ სტუმრად - წინა სეზონში მათ ჰამბურგში 3:2 გაიმარჯვეს. „ჰამბურგს“ სპორტული მოტივაცია აღარ აქვს. ჩრდილოგერმანული გუნდის მიზანი ზე რობერტოსთან და რუუდ ვან ნისტელროისთან ღირსეული დამშვიდობებაა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „გლადბახს“ სასურველი შედეგის მიღწევის ძალიან კარგი შანსი აქვს.


გავარდნის კანდიდატი 3: რისი იმედი უნდა ჰქონდეს აინტრახტს?
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი ფრანკფურტელები არიან. კრისტოფ დაუმის გუნდს ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია და კონკურენტებზე ერთით ნაკლები ქულა აქვს. თანაც, „აინტრახტი“ დღეს ჩემპიონ „დორტმუნდს“ სტუმრობს, გუნდის ფანებმა კი წინა ორ ტურში სკანდალები მოაწყვეს. მოკლედ, „ზანკტ პაულისთან“ ერთად, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ „აინტრახტია“ - ფრანკფურტელებს გადარჩენისთვის დორტმუნდში მოგება სჭირდებათ და ამავე დროს, „ვოლფსბურგმა“ ან „გლადბახმა“ უნდა წაიფორხილონ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „აინტრახტს“ ყველაზე ცოტა, სულ რაღაც 30 გოლი აქვს გატანილი.

ფრანკფურტულ კლუბს კარგს არაფერს უქადის ის ფაქტიც, რომ დაუმის გუნდის მეტოქე ჩემპიონი „ბორუსიაა“. მართალია, დორტმუნდელებს სპორტული მოტივაცია აღარ აქვთ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებიან, არ დაუშვან ის, რომ ზეიმი წაგებით ჩაიმწარონ. თანაც, „ბორუსიას“ მეკარე რომან ვაიდენფელერს ძალიან უნდა ოლივერ კანის მიღწევის გამეორება: „ტიტანმა“ 2007/08 წლების სეზონში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა და ამით ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. ვაიდენფელერსაც სწორედ ამდენი გოლი აქვს გაშვებული...


დუელი მეორე ადგილისთვის
მიუნხენის „ბაიერნს“ მესამე ადგილს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარავინ წაართმევს, მაგრამ რეკორდმაისტერს ბოლო ტურისთვის მადა გაეზარდა, რადგან მეორე ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა. გარდა იმისა, რომ ეს ვიცე-ჩემპიონობას ნიშნავს, მეორე ადგილი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიაცაა. თუმცა „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ სამი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცე-ჩემპიონობისთვის მხოლოდ „შტუტგარტის“ დამარცხება საკმარისი არ იქნება - ამისათვის „ლევერკუზენმა“ „ფრაიბურგთან“ უნდა წააგოს. მიუნხენელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ უმოტივაციოდ დარჩენილ შტუტგარტელებს დაამარცხებენ - მარიო გომესი კი ყოფილი გუნდის კარში გოლების გატანასა და ფაქტობრივად განაღდებული ბომბარდირობის გაუმჯობესებას შეეძლება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ მარიოს ანგარიშზე 27 გოლია.

რაც შეეხება „ლევერკუზენს“, რომელიც „ფრაიბურგს“ სტუმრობს. ამ შეხვედრაში საკმაოდ კომიკური ვითარება იქმნება: როგორც იცით, „ლევერკუზენის“ მწვრთნელი იუპ ჰაინკესი „ბაიერნში“ გადადის. შესაბამისად, მას ნაღდად ურჩევნია, რომ „ლევერკუზენი“ დამარცხდეს და მეორე ადგილზე მისი მომავალი გუნდი, „ბაიერნი“ გავიდეს. თავის მხრივ, ასეთივე სურვილი „ფრაიბურგის“ თავკაც რობინ დუტსაც აქვს, რადგან ეს უკანასკნელი ზაფხულიდან სწორედ „ლევერკუზენს“ გაწვრთნის და მას ნაღდად არ უნდა, რომ მისმა მომავალმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს. შესაბამისად, დუტს აწყობს, რომ „ლევერკუზენმა“ მოიგოს.

თუმცა მწვრთნელების სურვილი ერთია, ფეხბურთელებისა კი - მეორე: „ლევერკუზენის“ თავდამსხმელი შტეფან კისლინგი ამბობს, თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფრაიბურგში არ წავაგოთო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ლევერკუზენის“ დაცვის ვეტერანი ბურჯი სამი ჰიიპია დღეს უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს - ფინელი ხომ კარიერას ამთავრებს.


დუელი მეოთხე ადგილისთვის
ბრძოლა გაიმართება „ჰანოვერსა“ (57 ქულა, ბურთების შეფარდება +2) და „მაინცს“ შორისაც (55, +12) - ევროპის ლიგის საგზური ორივემ გაინაღდა, ახლა კი ორივეს მეოთხე ადგილზე გასვლა სურს. განსხვავება იმაშია, რომ მეხუთეადგილოსანი ევროპის ლიგის გათამაშებაში ერთი რაუნდით ადრე ჩაერთვება. აქტუალური მდგომარეობა „ჰანოვერის“ უპირატესობაზე მეტყველებს, რადგან მირკო სლომკას ბიჭებს ორით მეტი ქულა აქვთ.

სამაგიეროდ, „მაინცი“ გაცილებით უკეთეს ფორმაშია - თომას ტუხელის გუნდმა ბოლო 4 შეხვედრაში 10 ქულა მოიპოვა. „ჰანოვერი“ წინა ტურებში „გლადბახთან“ (0:1) და „შტუტგარტთან“ (1:2) დამარცხდა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება დაასრულა. საინტერესოა ისიც, რომ ორივე გუნდი საკმაოდ მარტივი ამოცანის წინაშე დგას: „ჰანოვერი“ უმოტივაციო „ნიურნბერგს“ მასპინძლობს, მაინცელები კი გავარდნილ „ზანკტ პაულის“ დაუხვდებიან.


დორტმუნდი ზეიმისთვის ემზადება
მთელი დორტმუნდი უდიდესი ზეიმისთვის ემზადება: „ბორუსია“ დღეს „ვერცხლის სინს“ ჩაიბარებს (გუნდის მეშვიდე ჩემპიონობა), რის შემდეგაც ქალაქის მთავარ მოედანზე 300 000 ქომაგს ელოდებიან...

ამ ტურის ორი თამაშის შედეგს კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: „შალკე“ კიოლნში ჩადის, „ვერდერი“ კი კაიზერსლაუტერნში.
გვერდი მოამზადა გოტფრიდ ლენცმა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 33 22 6 5 64:21 72
2. ლევერკუზენი 33 19 8 6 63:44 65
3. ბაიერნი 33 18 8 7 79:39 62
4. ჰანოვერი 33 18 3 12 46:44 57
5. მაინცი 33 17 4 12 50:38 55
6. ნიურნბერგი 33 13 8 12 46:42 47
7. ჰამბურგი 33 12 8 13 45:51 44
8. ფრაიბურგი 33 13 5 15 41:49 44
9. ჰოფენჰაიმი 33 11 10 12 49:47 43
10. კაიზერსლაუტერნი 33 12 7 14 45:49 43
11. შტუტგარტი 33 12 6 15 59:57 42
12. ვერდერი 33 10 11 12 45:58 41
13. კიოლნი 33 12 5 16 45:61 41
14. შალკე 33 11 7 15 37:42 40
15. ვოლფსბურგი 33 8 11 14 40:47 35
16. ბორუსია (მ) 33 10 5 18 47:64 35
17. აინტრახტი 33 9 7 17 30:46 34
18. ზანკტ პაული 33 8 5 20 34:66 2

ბომბარდირები: 27 - გომესი (ბაიერნი); 22 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი); 15 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული