მორჩა, ტორსტენი მიდის!

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა და გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტორსტენ ფრინგსი ბრემენის „ვერდერს“ დატოვებს. ეს ინფორმაცია გუშინ „მუსიკოსების“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა და სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურეს. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი, კატასტროფული სეზონის შემდეგ, „ვერდერში“ სერიოზულ საკადრო ცვლილებებს წინასწარმეტყველებენ.

„ფრინგსის წასვლის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ტორსტენი ამ სეზონით ძალიან იმედგაცრუებულია, რაც ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ზოგადად, მასთან ახალი კონტრაქტის არგაფორმებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის სპორტული და ფინანსური მდგომარეობაა,“ - განაცხადა ალოფსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ისიც
აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი ფული არ ყოფილა - მიუხედავად იმისა, რომ ტორსტენი „ვერდერში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ (მისი წლიური ხელფასი 4 მილიონ ევროს შეადგენდა).

მოკლედ, ბრემენულ კლუბს მთავარი ლიდერი და გუნდის კაპიტანი ტოვებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრინგსი ახლა სამ ვარიანტს განიხილავს: ის ან კარიერას დაასრულებს, ან ამერიკაში წავა, ანაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გერმანელ ფეხბურთელზე (ტორსტენი 34 წლისაა) აშშ-ის ჩემპიონატსა და საემიროებში უდიდესი მოთხოვნაა. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ტორსტენი გერმანიის ნაკრების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა და ბუნდესგუნდის მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული. ბუნდესლიგაში კი მას 402 შეხვედრა აქვს გამართული (აქედან 326 „ვერდერის“ რიგებში).

კულუარული ინფორმაციით, ფრინგსისთვის ახალი კონტრაქტის არშეთავაზება იმით გახლავთ გამოწვეული, რომ „ვერდერის“ შეფებმა ფულის დაზოგვა გადაწყვიტეს. რაკი ბრემენულმა კლუბმა ამ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს, ალოფსი იძულებული გახდა, სახელფასო ფონდის შემცირებაზე იზრუნოს, ფრინგსი კი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. თუ ტორსტენი კარიერის დამთავრებას გადაწყვეტს, ალოფსი მას კლუბში ბავშვთა გუნდების კოორდინატორის თანამდებობას შესთავაზებს და სურვილის შემთხვევაში, სამწვრთნელო კურსებზეც მიავლენს.

შეგახსენებთ, რომ ფრინგსი „ვერდერის“ ღირსებას ორჯერ იცავდა: პირველად 1997-დან 2002 წლამდე, მეორედ კი 2005-დან დღემდე. ბრემენში დაბრუნებამდე ის დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ ასპარეზობდა. ფეხბურთის თამაში კი, ტორსტენმა პროფესიონალურ დონეზე აახენის „ალემანიაში“ დაიწყო და „ვერდერში“ პირველად 1997 წელს მოხვდა. ბრემენული კლუბის ისტორიაში, ფრინგსზე მეტი თამაში მხოლოდ 8 ფეხბურთელს აქვს ჩატარებული. მას მერე, რაც ფრანკ ბაუმანმა კარიერა დაამთავრა, ტორსტენი გუნდის კაპიტანი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული