მაგათმა დიეგო მოისროლა

AutoSharing Option
როცა ფელიქს მაგათი „ვოლფსბურგში“ მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის პოსტზე დაბრუნდა, ეს კი სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, გერმანელმა ექსპერტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ „მგლების“ ბრაზილიელ გამთამაშებელ დიეგოს ამ გუნდში მომავალი არ ექნებოდა. ეს იმიტომ, რომ 26 წლის ბრაზილიელი საკმაოდ ზარმაცი და ეგოისტი ფეხბურთელია. მაგათს კი, ხომ იცით, ასეთი ტიპები გულზე არ ეხატება. დიდხანს ითმინა, თუ ცოტა ხანს, დიეგომ ბოლო ტურში ისეთი სკანდალი მოაწყო, რომ ფაქტია, მას „ვოლფსბურგის“ ფორმაში
ვეღარასოდეს ვიხილავთ - ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ გუნდს მაგათი წვრთნის.

ბოლო ტურის
მატჩის წინ, მაგათმა ფეხბურთელები ტრადიციულად შეკრიბა და ტაქტიკა-სტრატეგიაზე ესაუბრებოდა, მერე კი ძირითადი შემადგენლობაც ჩამოთვალა, რომელშიც დიეგო არ იყო მოხსენიებული. ამ ამბავმა კი ბრაზილიელი ისე გააბრაზა, რომ მან მაშინვე დატოვა დარბაზი და მერე თამაშზე საერთოდ არ მისულა. მატჩი შაბათს შედგა, „ვოლფსბურგმა“ გაიმარჯვა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩა, დიეგო კი გუნდში მხოლოდ კვირასღა გამოჩნდა.

„ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა თქვა, აქაურობა გულზე აღარ მეხატება, მაგრამ კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავსხდეთ და რამე მოვიფიქროთო. მაგათის პოზიცია ასეთია:
„ფეხბურთელმა გუნდის მთავარი სხდომა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა და სიმართლე გითხრათ, მე მისთვის ახსნა-განმარტება არც მერე მითხოვია, რადგან ყველაფერი გასაგები იყო. რაც მთავარია, დიეგოს გარეშეც მოვიგეთ. კვირას კი, როგორც ჩანს, გაახსენდა, რომ „ვოლფსბურგი“ არის გუნდი, რომელიც მას ხელფასს უხდის და რომელთანაც ხელშეკრულება აკავშირებს და ვარჯიშზე მობრძანდა. ცხადია, რომ მას აუცილებლად დავსჯი. საუბარია ფულად ჯარიმაზე, სხვა დანარჩენზე კი ჯერ კიდევ ვფიქრობ.“

დიეგოს საქციელით გაოგნებულები იყვნენ მისი თანაგუნდელებიც. არნე ფრიდრიხი ამბობს: „დიეგო ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ მე მაინც არ მაქვს მის საქმეში ჩარევის უფლება. შაბათს საღამომდე არ ჩანდა, მოგვიანებით კი მომწერა და მომიბოდიშა.“ კვირას ბრაზილიელმა ჩვეულებრივად ივარჯიშა, მაგრამ თანაგუნდელებს არ ელაპარაკებოდა, რის შემდეგაც დაგეგმილ შვებულებაში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო „ვოლფსბურგში“ ზუსტად ერთი წლის წინ, ტურინის „იუვენტუსიდან“ გადავიდა და „მგლებმა“ „ბებერ ქალბატონს“ 15.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიუხედავად იმისა, რომ დიეგოს „ვოლფებთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ მაგათმა ის გუნდში დატოვოს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ დიეგოს ბრაზილიაში დაბრუნება უნდა და რამდენიმე წინადადებაც აქვს. "ვოლფსბურგში" კი ბოსნიელი ფლეიმეიკერის, 28 წლის ზვიეზდან მიშიმოვიჩის დაბრუნებას ვარაუდობენ, რომელიც ახლა მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს. ეს უკანასკნელი 2009 წელს „ვოლფსბურგის“ ერთერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და „მგლები“ გერმანიის ჩემპიონები რომ გახდნენ, ამაში მიშიმოვიჩს ლომის წვლილი მიუძღოდა. ახლა კი მაგათს უნდა, რომ ზვიეზდანი „ვოლფსბურგში“ დააბრუნოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული