- ჰერ ტონი, ერთი წელია, რაც „ბაიერნი“ დატოვეთ და ისევ იტალიაში დაბრუნდით. რამდენად
- ფაქტობრივად არ შევცვლილვარ, ერთადერთი რამ, რაც გერმანიიდან გამყვა პუნქტუალურობაა. იტალიელები ძალიან არაპუნქტუალური ხალხი ვართ, მე კი აქ უკვე ვეღარ მცნობენ, რადგან ყველაფერს თავის დროზე ვაკეთებ.
- „ბაიერნის“ ფეხბურთელებთან ურთიერთობა შეინარჩუნეთ?
- რა თქმა უნდა, მე ხომ მიუნხენში ძალიან ბევრი მეგობარი დავტოვე. თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტები ფრანკ რიბერის და მიროსლავ კლოზეს. ისინი მიუნხენში ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.
- თუ საიდუმლო არ არის, რა საერთო გამონახეთ ფრანგ რიბერისთან და გერმანელ კლოზესთან?
- განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ „ბაიერნში“ მისვლის პირველი დღიდან ყველაზე მეტად მათ დავუმეგობრდი. ახლა კი უმეტესად მიუნხენურ ამბებზე ვსაუბრობთ ხოლმე - რა ხდება ქალაქში და ა.შ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ბაიერნთან“ დღემდე ბევრი რამ მაკავშირებს, რეკორდმაისტერის თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვქომაგობ ხოლმე.
- „ბაიერნმა“ ეს სეზონი აშკარად ჩააგდო. თქვენი წასვლის შემდეგ გუნდის საქმეები უკან-უკან წავიდა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მიუნხენური კლუბის კრიზისი?
- თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი და პირდაპირ გეტყვით, „ბაიერნს“ ამ სეზონში ვეღარ ვცნობდი. თითქმის ყველა ფეხბურთელი ცუდად თამაშობდა და თანაც რეკორდმაისტერს არც უმართლებდა. თითქოს მოთამაშეებს მოტივაცია აღარ ჰქონდათ, ფეხბურთის თამაშის სურვილი გაუქრათ. სიმართლე გითხრათ, ეს არც მიკვირს რადგან ლუის ვან გაალი ჩემს თავზე გამოვცადე. არც ის გამკვირვებია, რომ ჰოლანდიელმა სეზონი ვერ ჩაამთავრა. სანამ „ბაიერნიდან“ წავიდოდი, ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, ლუისი თანამდებობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს-მეთქი. ხომ ნახეთ, როგორც კი ვან გაალი გაათავისუფლეს, გუნდი მაშინვე ისე ათამაშდა, როგორც საჭირო იყო. მოკლედ, ლუისს „ბაიერნში“ ზუსტად ის დაემართა, რაც ფელიქს მაგათს „შალკეში“.
- ...მაგრამ მაგათმა „შალკე“ „ბაიერნისგან“ განსხვავებით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, მერე კი, გელზერკირხენელებმა ნახევარფინალშიც გააღწიეს, დაამარცხეს რა, შარშანდელი გამარჯვებული მილანის „ინტერი“...
- მართალია. ამიტომაც ვამბობ, რომ „ბაიერნმა“ კატასტროფული სეზონი ჩაატარა. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შალკემ“ „ინტერთან“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო თამაში აჩვენა. ასეთი რამ კი, მინიმუმ 10 წელიწადში ერთხელ ხდება.
- გერმანიამ უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში იტალიას გაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგიდან ოთხი გუნდი გავა, იტალიიდან კი – 3. როგორ ფიქრობთ, ეს ლოგიკურია?
- ფაქტია, რომ ბუნდესლიგამ უდიდესი პროგრესი განიცადა. თანაც, გერმანიის ჩემპიონატი მუდმივად სერიოზულ სენსაციებს გვთავაზობს – მაგალითად, სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წელს ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ გახდებოდა. ამ გუნდის წინაშე ქედს ვიხრი – დორტმუნდელებმა მთელი სეზონის განმავლობაში გრანდიოზული ფეხბურთი აჩვენეს. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება ბუნდესლიგასა და სერია A-ს შორის. იტალიაში ჩემპიონები მუდმივად ერთიდაიგივე გუნდები ხდებიან, გერმანია კი მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ სიურპრიზებს გვთავაზობს ხოლმე.
- რა არის იტალიის მთავარი პრობლემა?
- ინფრასტრუქტურა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი სტადიონები, როგორიც თქვენ. გარდა ამისა, გერმანიაში გულშემატკივრობის კულტურა უმაღლეს საფეხურზეა. რაც არ უნდა წარუმატებელი იყოს გერმანული გუნდი, ქომაგი მას არასდროს ღალატობს. იტალიაში კი სტადიონზე ფანების რაოდენობა წარუმატებლობის პირდაპირ პროპორციულად მცირდება ხოლმე.
- რაკი ლუის ვან გაალი წავიდა, ფიქრობთ რომ „ბაიერნს“ ეშველება?
- ამას მარტო ვან გაალის წასვლის გამო არ ვფიქრობ. როცა რეკორდმაისტერი სეზონს ჩააგდებს ხოლმე, ფეხბურთელები ისევ დამშეულები ხდებიან. იუპ ჰაინკესი კი მართლაც ძალიან კარგი სპეციალისტია, ყოველთვის კარგადაა მომზადებული და ტაქტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში გაიმართება და ვიცი, რომ მთელი ბავარია ფინალში გასვლაზე ოცნებობს.
- აი, „იუვენტუსი“ კი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონშიც ვერ ითამაშებს. რა დაემართა ტურინულ გრანდს?
- წარუმატებლობის მთავარი მიზეზის დასადგენად სპეციალური ჯგუფი მუშაობს და მე რა უნდა ვთქვა? არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ეს. პირადად მე „პარმასთან“ თამაშამდე მჯეროდა, რომ ასეთი რამ არ დაგვემართებოდა.
- ექსპერტები თქვენს თამაშს ძალიან ცუდად აფასებენ. მალე 34 წლის ხდებით, გოლები ვეღარ გაგაქვთ და შემთხვევით კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობთ?
- არა, კიდევ 10 წელი უნდა ვითამაშო (იცინის)! ხუმრობა იქით იყოს და, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ მართლა არ ვაპირებ. სანამ ორგანიზმი მომყვება და ადრენალინს ვგრძნობ, ფეხბურთის თამაშს არ შევწყვეტ. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე მაკავშირებს და აქედან წასვლა არ მინდა.
- ამბობენ, „იუვეს“ ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნა უნდათო. ასე რომ მოხდეს, ალბათ მაშინვე გაიქცევით...
- არა მგონია, ვან გაალმა იტალიაში მუშაობა მოისურვოს, აქ ის დიდხანს ნაღდად ვერ გაძლებს. თანაც, ეს უფრო ჭორი მგონია და „იუვეს“ ლუიჯი დელნერის სახით კარგი მწვრთნელი ჰყავს.
- ანუ, დარწმუნებული ხართ რომ მომავალ სეზონშიც ტურინში ითამაშებთ?
- დარწმუნებული არაფერში არ ვარ. ის კი ვიცი, რომ თუ აქედან წავალ, სხვა იტალიურ კლუბში აღარ გადავალ.
- ბუნდესლიგაში დაბრუნდებით?
- არც ეს არის გამორიცხული. გერმანიასთან ბევრი რამ მაკავშირებს და ბუნდესლიგაშიც სიამოვნებით ვითამაშებდი.
- მიუნხენში როდის გიხილავთ?
- ზუსტად ვიცი, რომ „ოქტობერფესტზე“ აუცილებლად ჩამოვალ და ჩემს მეგობრებს მოვინახულებ.
- და თქვენს მეგობარ გოგონას, მარტას უკვე სინიორა ტონის რანგში ჩამოიყვანთ?
- ჰო, ჰო, ჩვენ ჯერ კიდევ არ დავქორწინებულვართ. არადა „ბაიერნში“ რომ გადმოვედი, მაშინ ვამბობდი, ცოლის მოყვანას ვაპირებ-მეთქი. შეიძლება ოქტომბრამდე კიდეც მოვასწროთ.