კლინსმანის დროსაც მთავარი ლიოვი იყო

AutoSharing Option
რუსულმა “სპორტ ექსპრესმა” ისარგებლა, რომ გუშინ პეტერბურგში ამხანაგური მატჩისთვის მიუხენის “ბაიერნი” იყო ჩასული და ბასტიან შვაინშტაიგერს ინტერვიუ სთხოვა. ვფიქრობთ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის მოსაზრებები “ლელოს” მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. მასალა ძალიან დიდი გამოვიდა. ჩვენ მას შემოკლებით გთავაზობთ.

- თქვენ შობამდე რამდენიმე დღით ადრე მინდვრიდან ამცნეთ ფანებს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. თქვენი იდეა იყო?
- დიახ, ჩემი. მინდოდა, ფანებს ჩემგან გაეგოთ ეს ამბავი. არც ერთ გაზეთს იქამდე ერთი სტრიქონიც კი არ ეწერა ამის შესახებ. არადა კლუბში ყველამ იცო
და.

- ამბობენ, რომ თქვენ “ჩელსის”, “რეალისა” და “იუვენტუსისგან” გქონდათ შემოთავაზებები. რატომ დარჩით?
- მართალია, შემოთავაზებები მქონდა. დიდხანს ვფიქრობდი, რა იქნებოდა ჩემი კარიერისთვის უკეთესი და მივხვდი, რომ მიუნხენში მშვენიერი გუნდი გვყავდა. როცა ხედავ ისეთ ბიჭებს, როგორებიც არიან ლამი, რიბერი, რობენი, გომესი, მიულერი და ბადშტუბერი, გუნდის პერსპექტივაში ეჭვს ვეღარ შეიტან. მალე ჩვენთან ნოიერი გადმოვა, ალბათ კიდევ მაღალი კლასის ორ ფეხბურთელს ვიყიდით და გვეყოლება გუნდი სუსტი წერტილების გარეშე. ამ სეზონში სხვანაირად იყო. როცა მთელი ძალით ვთამაშობთ, “ბაიერნი” ევროპის 4 საუკეთესო გუნდში შედის. მჯერა, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ.

- მით უფრო, რომ ფინალი მიუნხენშია.
- საკუთარ არენაზე ტიტულის მოგება ჩემი ოცნებაა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავრჩი.

- შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალ წელს თქვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება?
- რა თქმა უნდა.

- უშვებთ იმას, რომ კარიერს ბოლომდე “ბაიერნში” დარჩეთ?
- არ ვიცი. იმედია, ჩემი კარიერა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება ოდესმე უცხოეთში ძალების გამოცდა გადავწყვიტო, თუმცა უახლოეს წლებს ნამდვილად აქ გავატარებ.

- ვან ბომელის წასვლის შემდეგ გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდით. კაპიტნობაზე არ ოცნებობთ?
- ჩემთვის ეს გადამწყვეტი არ არის. გუნდისთვის სარგებლის მოტანა უფრო ძვირად მიღირს, ვიდრე სამკლავურის ტარება.

- სუპერკლუბებში აკადემიის აღზრდილები იშვიათად მკვიდრდებიან. თქვენ როგორ მოახერხეთ ეს?
- რაღაც წილად გამიმართლა, რადგან იმ მომენტში გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ჰყავდა. როცა ერთი შანსი გეძლევა ის აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან მეორე შეიძლება აღარც იყოს. მე ასე მოვიქეცი. თუკი დღევანდელ “ბაიერნს” შეხედავთ, მისი აკადემიის აღზრდილ ბევრ ფეხბურთელს აღმოაჩენთ - ბადშტუბერს, ლამს, კონტენტოს, ოტლს, კრაფტს. ტრადიციის შესანარჩუნებლად ეს მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ იუნიორთა გუნდებში ასპარეზობისას ვიცოდი, რომ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა გვეთამაშა. სწორედ იმიტომ ვართ ძლიერები. რომ ამგვარი დამოკიდებულება გაჩვევს წნეხს გულშემატკივრების მხრიდან.

- “ბაიერნში” საუკეთესო იყო მარიო გომესი, ვინც 28 გოლით ბომბარდირთა დავა მოიგო. არადა მას მიუნხენში ადაპტაცია საკმაოდ გაუჭირდა.
- “შტუტგარტში” ის ლიდერი იყო, ეგონა, “ბაიერნშიც” ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა სულ სხვა კატეგორიის კონკურენციას შეეჯახა. მას თამაშის სტილის შეცვლაც კი მოუხდა. ახლა მარიო მეტს მოძრაობს და დაცვასაც უფრო ეხმარება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მას სეზონში 28 კი არა, 35 გოლის გატანა შეუძლია. არ გამიკვირდება თუკი ის ამას მოახერხებს.

- რით ახსნით “დორტმუნდის” ფენომენს, რომელმაც ჩემპიონატი ბრწყინვალე სტილში მოიგო?
- ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და... ძალიან ბევრს მოძრაობენ. კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ – გიოტცე, ბარიოსი, ჰუმელსი. შეიძლება მათ არ ჰყავდეთ სუპერვარსკვლავები, მაგრამ გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და შეიძლება რომელიმე ბორუსიელი მომავალში ჩამოყალიბდეს კიდეც ასეთად. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნი” მაინც მასზე ძლიერია. ვნახოთ, როგორ ითამაშებს “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგაში. იმედია, ყველაფერი გამოუვათ, რადგან ეს გერმანიის სახელი იქნება. ამას გარდა, დორტმუნდელებისთვის ჩემპიონობა იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკრებში თავს უფრო დამაჯერებლად იგრძნობენ.

- მწვრთნელებიდან რომელთან მუშაობა იყო ყველაზე კომფორტული?
- აუცილებლად უნდა აღვნიშნო სადებიუტო სეზონი ვან გაალის ხელში. ეს მოხდა პირველად ჩემს პროფესიულ კარიერაში, როდესაც საყვარელ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად მთელი სეზონი ვითამაშე. ლუისთან ურთიერთობამ ბევრი მასწავლა.

- პირველ სეზონში ლამის ყველაფერი მოიგეთ, მეორეში ყველა ფრონტზე დამარცხდით. რა შეიცვალა?
- ერთ წინადადებაში ამის ჩამოყალიბება ძნელია. როცა ვეღარ იგებ, საკუთარი თავის რწმენას კარგავ. ხანდახან ისე ვთამაშობდით, რომ ჩვენს მოგებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მეორეში კი თამაშს უიმედოდ ვაგებდით. “ინტერთან” ასე დაგვემართა. გასვლაზე მოვუგეთ, მიუნხენში 60 წუთი ვჯობდით, შესვენებაზე 4:1-ით უნდა გავსულიყავით და ბოლოს რა მოხდა?!

- ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ მეორე სეზონში გუნდი დაიღალა ვან გაალის ავტორიტარული სტილის გამო.

- ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ასეთი განცდა არ მქონია. იონკერის ხელში 4 თამაში მოვიგეთ და ერთხმად ვთქვით, რომ მწვრთნელის გამოცვლა დროული იყო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ვან გაალი ძლიერი სპეციალისტია. მეორე სეზონში ქულებს ვერ ვაგროვებდით და ამან თავისი როლი ითამაშა.

- რას ელით უიპ ჰაინკესისგან?
- იმედი მაქვს, ის ჩვენ გამარჯვებებსა და ტიტულებს დაგვიბრუნებს. იუპი ძალიან გამოცდილია, რაც დაამტკიცა კიდეც ბოლო სეზონში. თანაც ძალიან წყნარი ადამიანია და ამის გამო ული ჰიონესთან პრობლემა არ შეექმნება (იღიმის).

- 11 წლის წინ ევრო 2000-ზე გერმანიის ნაკრები უმძიმეს კრიზისში იყო. შემდეგ იქ თქვენი თაობა მივიდა...
- 2000 წლის ჩემპიონატს შინ ვუყურებდი. შეგრძნებები რა თქმა უნდა სევდიანი იყო. 4 წლის მერე მე და ლუკას პოდოლსკი უკვე თავად ვთამაშობდით ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მას მერე ნაკრები სულ უფრო და უფრო ძლიერად თამაშობს. იმედია, კიდევ უფრო მოუმატებს, რადგან ბუნდესგუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ახალგაზრდული (21-წლამდელთა) და იუნიორთა (19-წლამდელთა) ევროპის ჩემპიონატები მოვიგეთ. ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს.

- ნაკრებში “დორტმუნდის” ბევრი წარმომადგენელი თამაშობს. მათთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ეროვნულ გუნდში ხომ ჩვენ ყველანი საერთო საქმეს ვაკეთებთ. ისინი წელს ჩემპიონთა ლიგაში გამოიწვრთნებიან, რაც ნაკრებშიც წაადგებათ. 2012 წლის გუნდის ჩამოსაყალიბებლად ეს ძალიან კარგი იქნება.

- რა შეცვალეს ნაკრებში კლინსმანმა და ლიოვმა?
- სიმართლე ვთქვათ, ეს უფრო ლიოვმა გააკეთა. ჩვენ ლამაზი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და ამისგან სიამოვნებას ვღებულობთ.

- რატომ იყო კლინსმანი ნაკრებში ასეთი წარმატებული და “ბაიერნში” წარუმატებელი?
- “ბაიერნი” პირველი კლუბი იყო, რომელსაც ის წვრთნიდა, ნაკრებში კი მას ლიოვი ეხმარებოდა. გუნდის შიგნით ყველას ესმოდა, რომ დამრიგებელი რეალურად სწორედ იოგი იყო. კლინსმანს კი მწვრთნელად მხოლოდ ხალხი მიიჩნევდა.

- 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიულერი გახდა. როგორ შეიძლება 20 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაში?
- საქმე ის არის, რომ ის არანორმალურია (იღიმის). სულ ლაპარაკობს, რადიოსავით წამითაც კი არ ჩუმდება. სასტუმროში როცა ყველას სძინავს, კედლის იქიდან მისი ხმა გამოდის. თომასი სასაცილო ბიჭია. გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია მისნაირი ხასიათის მქონე მოთამაშე. ხოლო იმაზე, როგორი ფეხბურთელია, აღარაფერს ვიტყვი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული