ჰაინკესს კლოზე სჭირდება!

AutoSharing Option
დარჩება თუ არა მიროსლავ კლოზე „ბაიერნში“, ეს ამ დღეებში უნდა გადაწყდეს. როგორც იცით, 32 წლის თავდამსხმელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება მისთვის დღემდე არავის შეუთავაზებია. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები კლოზეს მომავლის შესახებ კომენტარს აქამდე არ აკეთებდნენ, გუშინ კი, „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, ამ დღეებში მიროს დაველაპარაკებით და ყველაფერს გავარკვევთო.

ვითარება გუნდის მომავალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის მიუნხენში ვიზიტმა შეცვალა. „ბილდის“ ინფორმაციით, „დონ იუპმა“ მიუნხენური გრანდის ბოსებს უთხრა, კლოზე მჭირდებაო, რის შემდეგაც, რუმენიგემ და ჰიონესმა მიროსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტეს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კლოზე მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე იქნება თანახმა, რუმენიგეს და ჰიონესს კი, სავარაუდოდ, მისთვის მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

„ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებლის, ლუის ვან გაალისგან განსხვავებით, ჰაინკესი როტაციის მოყვარული მწვრთნელია და რაკი თქვა, რომ კლოზე სჭირდება, მისთვის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებასაც მოითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ მირო და შეფები ვერ მორიგდებიან, ტურინის „იუვენტუსი“ და „ვალენსია“ მზად არიან, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.

კლოზესთან ერთად, მიუნხენიდან აბარგების უპირველესი კანდიდატია 28 წლის თურქი ნახევარმცველი ჰამით ალთინთოფიც, რომელსაც მადრიდის „რეალში“ ეპატიჟებიან. „ბილდი“ წერდა, რომ მას უკვე შეხვდნენ მესუთ იოზილი და „რეალში“ ახლახან გადასული ნური შაჰინი და მადრიდული გრანდის შესახებ ბევრ კითხვაზე უპასუხეს. გაირკვა, რომ ჰამითის გადაბირება ინგლისურ „ლივერპულსაც“ უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ინგლისელები ალთინთოფს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული