„მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება „ბოხუმთან“ პლეი ოფის შეხვედრები, „გლადბახში“ ვრჩები. მეორე ბუნდესლიგაშიც რომ აღმოვჩნდეთ, აქედან მაინც არ წავალ,“ - ამბობს როისი „შპორტ-ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ბილდის“ ცნობით, მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ზაფხულში, მარკოს მსურველმა კლუბმა „გლადბახს“ 18 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 2013 წელს, ეს თანხა 15 მილიონამდე შემცირდება, 2014 წელს კი 12-მდე. ამ ზაფხულისთვის კი, მიონხენგლადბახელებსა და როისს ხელშეკრულებაში არანაირი პუნქტი არ აქვთ ჩადებული. „გლადბახის“ მენეჯერ მაქს ებერლის თქმით, ამ ზაფხულს როისის გაყიდვა კატეგორიულად გამორიცხულია.
დორტმუნდმა ლომი იყიდა!
გერმანიის ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერთ-ერთი უმთავრესი საკადრო პრობლემა მოაგვარა: მას მერე, რაც გაირკვა, რომ ბრაზილიელი დედე გუნდს დატოვებდა, ცხადი გახდა, რომ BVB-ს მომავალი სეზონისთვის აუცილებლად დასჭირდებოდა ახალი მარცხენა მცველი, რადგან იურგენ კლოპის განკარგულებაში, ამ პოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი (მარსელ შმელცერი) რჩებოდა. ახლა კი პრობლემა უკვე მოგვარებულია: გუშინ „ბორუსიამ“ რეგიონალლიგის წარმომადგენელი „ხემნიტცის“ ახალგაზრდა მარცხენა გარემარბ კრის ლიოვეს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
22 წლის ლიოვე (Loewe ქართულად ლომს ნიშნავს) ყველასათვის უცნობი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ირკვევა, კლოპი მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და დარწმუნდა, რომ ეს უკანასკნელი „ბორუსიაში“ თამაშის ღირსია. ლიოვეს მარცხენა ფლანგზე ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეუძლია - მარცხენა მცველობაც ეხერხება და ნახევარმცველობაც. კლუბებს სატრანსფერო თანხა არ გაუხმაურებიათ, თუმცა ფაქტია, რომ დორტმუნდი ყველასათვის უცნობ მოთამაშეში დიდ თანხას არ გადაიხდიდა.
მორიტც ლაიტნერის (მიუნხენ 1860-დან) და ილქაი გიუნდოგანის (ნიურნბერგიდან) შემდეგ, კრის ლიოვე გერმანიის ჩემპიონის რიგით მესამე ახალწვეულია.
შვაინის გარეშე?
დიდი შანსია, რომ უახლოეს მატჩებში გერმანიის ნაკრებს ერთერთი უმთავრესი მოთამაშე, ბასტიან შვაინშტაიგერი ვერ დაეხმაროს. როგორც იცით, 29 მაისს ბუნდესგუნდი ურუგვაისთან ტესტ-მატჩს ატარებს, 3 და 7 ივნისს კი, ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები აქვს.
„ბაიერნის“ სამედიცინო შტაბმა მხოლოდ ახლა გაახმაურა, რომ 26 წლის შვაინშტაიგერს ბუნდესლიგის 31-ე ტურში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიუღია, ბოლო ტურებში კი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა. „ბასტიანის ტრავმის შესახებ განგებ არაფერი ვთქვით, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ მასთან სპეციალურად ეუხეშათ და ტრავმა უფრო დამძიმებულიყო,“ - ეს მიუნხენური კლუბის პრესმდივნის, მარკუს ჰიორვიკის განცხადებაა.
ვერდერმა ექიჩი გაიფორმა
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრემენის „ვერდერმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი მეჰმეთ ექიჩი გადაიბირა. თურქეთის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში რეკორდმაისტერიდან „ნიურნბერგში“ იყო განათხოვრებული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა (32 მატჩი, 3 გოლი). მიუხედავად ამისა, „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის პერსპექტივა არ ჰქონდა, რის გამოც, ბავარიელებმა მისი საბოლოოდ გასხვისება გადაწყვიტეს და ნიჭიერი ნახევარმცველი „ვერდერს“ დაუთმეს. ექიჩიმ ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერს“ მეჰმეთი ხუთი მილიონი ევრო დაუჯდა.
ჩუპო-მოტინგი მაინცელია!
ევროპის ლიგის საგზურის განაღდებისა და სეზონის ძალიან წარმატებით დამთავრების შემდეგ, „მაინცმა“ მომავალი სეზონისთვის ზრუნვა დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა. კარნავალელებმა „ჰამბურგიდან“ თავდამსხმელი ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი გადაიბირეს. აღსანიშნავია, რომ „მაინცმა“ კამერუნის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო (ჰამბურგთან კონტრაქტი დაუმთავრდა) - ჩუპო-მოტინგმა თომას ტუხელის გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
„ერიკი ძალიან კარგი, ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება და შეგვეფერება. მას წინა ხაზზე ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის,“ - ეს „მაინცის“ თავკაც ტუხელის სიტყვებია.