ვან გაალი: ვიყიდოთ? ჯერ გავყიდႝთ!

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ოფიციალურად უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს "ბაიერნი" "ვოლფსბურგის" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ყიდვას აპირებდეს. გუშინდელ ნომერში, "კიკერისა" და სხვა გერმანული გამოცემების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ჯეკოსთვის ბრძოლაში "ბაიერნიც" ჩაერთო. ვან გაალის თქმით, მას ახალი თავდამსხმელი კი არ სჭირდება, პირიქით, გუნდში ერთით მეტი ფორვარდი ჰყავს. ამ უქმეებზე გელზენკირხენში "ლიგა ტოტალის თასის" მატჩები გაიმართება, სადაც "ბაიერნმაც" უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვან გაალმა თქვა, რომ გელზენკირხენში მხოლოდ 12 ფეხბურთელი მიჰყავს. დიდი შანსია, რომ მოთამაშეების ნაკლებობის გამო, "ბაიერნში"
ფიტნესმწვრთნელმა ითამაშოს.

რაც შეეხება ჯეკოს საკითხს: "კიკერი" წერდა, რომ რეკორდმაისტერი "ვოლფსბურგს" ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, მარიო გომესს და ანატოლი ტიმოშჩუკს შესთავაზებდა. "ჩვენ ახალ ფეხბურთელებს არ ვიყიდით. ეს წელი, სავარაუდოდ, პირველი იქნება "ბაიერნის" ისტორიაში, როცა კლუბი ზაფხულში არავის შეიძენს, - თქვა ვან გაალმა და იქვე დასძინა, - მართალია, ჯეკო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და მას ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა, მაგრამ არა მგონია, ჯეკო ჩვენს კონცეფციაში ჯდებოდეს მაშინ, როცა გუნდში ისედაც სამი ცენტრფორვარდი გვყავს."

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მას მხოლოდ ორი ცენტრფორვარდი სჭირდება. ლუისი: "აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა მითხრა, რომ "ბაიერნში" დარჩენა სურთ და რომ მე ძალიან კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ თუ რომელიმე თავდამსხმელს წასვლა მოუნდება, უკეთესიცაა, რომ წავიდეს." ამჟამად "ბაიერნის" განაცხადში 25 ფეხბურთელია და როგორც იცით, ვან გაალს უნდა, რომ 22-ზე მეტი მოთამაშე არ ჰყავდეს. ამიტომაც ამბობს, ყიდვა კი არა, ჯერ უნდა გავყიდოთო.

"ლიგა ტოტალის თასზე" კი, ვან გაალს 12 ფეხბურთელი იმიტომ მიჰყავს, რომ გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წევრები ჯერ კიდევ შვებულებაში არიან. სწორედ ფეხბურთელების ნაკლებობის გამოა ის, რომ ახალგაზრდა დავიდ ალაბა შაბათს მოყვარულთა გუნდში იასპარეზებს, მერე კი გელზენკირხენში გაემგზავრება. ლუისი გელზენკირხენში მცველ დანიელ ვან ბუიტენს ვერ წაიყვანს, რომელიც შვილის დაბადებას ელოდება და ამის გამო "ბაიერნის" მეორე გუნდში (მესამე ბუნდესლიგა) ითამაშებს, რის შემდეგაც მიუნხენში დარჩება. 12 ფეხბურთელი მატჩის ჩასატარებლად ძალიან ცოტაა, რის გამოც ვან გაალი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ განაცხადში ფიტნეს-მწვრთნელი მარსელო მარტინსი შეიყვანოს. ეს უკანასკნელი ვან გაალმა "ტრენტინოსთან" ამხანაგურ მატჩშიც ათამაშა, რომელიც ბავარიელებმა 5:1 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული