კანი: სად გაქრა "ბაიერნის" ფილოსოფია?

AutoSharing Option
„ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა, დღეს უკვე 41 წლის ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. ოლის მიაჩნია, რომ „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების კიპერ მანუელ ნოიერში 18 მილიონი ევროს გადახდა არ შეიძლება.

გარდა ამისა, კანი ფიქრობს, რომ იუპ ჰაინკესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაც შეცდომაა და არც ზოგადად „ბაიერნის“ დღევანდელი ფილოსოფია მოსწონს. „ტიტანის“ კრიტიკა ერთ წინადადებაში რომ მოვაქციოთ, ასეთ მოსაზრებას მივიღებთ: ოლი ფიქრობს, რომ „ბაიერნს“ არ აქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია და დეტალური გეგმა.

როგორც იცით, „ბაიერნმა“ „შალკეს“ ნოიერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა და
გარკვეული დროისა და წარმატებების შემდეგ, გელზენკირხენული კლუბი კიდევ 7 მილიონსაც მიიღებს (აქედან 4 მილიონს გარანტირებულად). ოლი ფიქრობს, რომ მეკარეში, რომელსაც გაისად „შალკესთან“ კონტრაქტი ისედაც უმთავრდება და მის გაგრძელებას არ აპირებს, ამდენი ფულის გადახდა არ არის ჭკვიანური და გამართლებული საქციელი.

„მართალია, „ბაიერნი“ ნოიერის სახით ძალიან კარგ, დღესდღეობით მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო მეკარეს ყიდულობს, მაგრამ 18+7 მილიონი ევრო ზედმეტად ბევრია. მანუელს „შალკესთან“ კონტრაქტი გაისად უმთავრდება და ერთი წლის შემდეგ სულაც უფასო იქნება. შესაბამისად, ასეთ დროს მიუნხენური გრანდის შეფებს მეტი სიჭკვიანის გამოჩენა მართებთ. მენეჯმენტის თვალსაზრისით, ეს დიდი შეცდომაა. ამხელა თანხის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ნოიერს „შალკესთან“ ხელშეკრულება კიდევ სამი წლით რომ აკავშირებდეს,“ - აცხადებს კანი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ოლის აზრით, 66 წლის ჰაინკესის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნა სწრაფად და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებაა. კანი: „იუპის კომპეტენციაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. ჰაინკესი ძალიან კარგად იცნობს „ბაიერნის“ ატმოსფეროს და ფეხბურთელებსაც. მისი მოწვევა ალოგიკური ნამდვილად არ არის, რომ არა ერთი ფაქტორი. მე მაინც მგონია, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს. ჰაინკესის დანიშვნა საკმაოდ კომიკურია იმის გამო, რომ ეს სპეციალისტი „ბაიერნს“ ორი წლის წინაც თავკაცკობდა, ოღონდ მაშინ დროებითი მწვრთნელი იყო. არა მგონია, „ბაიერნის“ შეფები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ჰაინკესი „ბაიერნში“ ისეთ ერას შექმნის, როგორიც მაგალითად ოტმარ ჰიტცფელდმა შექმნა. და თუ არ სჯერათ, რომ „დონ იუპი“ ამ პოსტზე 6-7 წელი დარჩება, რატონ ნიშნავენ?“

ოლის ყველაზე მეტად ის ფაქტი აღელვებს, რომ „ბაიერნში“ იმ ფილოსოფიას ვეღარ ხედავს, რაც რეკორდმაისტერს მისი თამაშის დროს ჰქონდა: „სად არის ნაღდი საფეხბურთო იდეა, ის ფილოსოფია, რომელიც მიუნხენურ გრანდს ყოველთვის ჰქონდა? რა კრიტერიუმებით არჩევენ ხელმძღვანელები მოთამაშეებს? ითვალისწინებენ თუ არა ბოსები იმას, რომ ფეხბურთეები ერთმანეთს უნდა ავსებდნენ? „ბარსელონას“ მაგალითი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა წარმატებისთვის საკმარისი არ არის. კატალონიელებმა უარი თქვეს ათობით მილიონების ხარჯვაზე და მოთამაშეებს იმის მიხედვით არჩევენ, თუ რამდენად მიესადაგებიან ისინი გუნდის ფილოსოფიას. მე კი რეკორდმაისტერში ასეთ სტრატეგიას ვერ ვხედავ. სხვათა შორის, იგივე უნდა ვთქვა მადრიდის „რეალზეც“, სადაც ასევე არ ჩანს ჩამოყალიბებული კონცეფცია.“

ინტერვიუში კანი იენს ლემანის თემასაც შეეხო. ეს უკანასკნელი მწვრთნელობას აპირებს და ლიცენზიაზე განაცხადი უკვე შეიტანა. კითხვაზე, რამდენად კარგი მწვრთნელი იქნება ლემანი, კანმა ასე უპასუხა: „ჩვენ ერთად ძალიან კარგ სამწვრთნელო გუნდს შევქმნიდით. ოღონდ, მე მთავარი მწვრთნელი უნდა ვიყო, ის კი ჩემი პირველი ასისტენტი...“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული