ამ სენსაციურმა წარმატებამ „შალკეს“ ბევრი ფული აშოვნინა, ფული კი, გელზენკირხენელებს ძალიან სჭირდებოდათ, რადგან აგერ უკვე ორი წელია, ვალებში იხრჩობიან. ამ თვალსაზრისით მთავარ წარმატებას გუნდმა გუშინ მიაღწია, როცა
„ბილდის“ ინფორმაციით, „გაზპრომი“ „შალკეს“ 2017 წლამდე, ყოველწლიურად 16 მილიონ ევროს გადაურიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიონიესმა და პეტერსმა 80-მილიონიან კონტრაქტს გამოჰკრეს ხელი. და ეს ყველაფერი არ არის: ამ თანხას ხომ სხვადასხვა წარმატებებისთვის გათვალისწინებული პრემიები დაემატება და დიდი შანსია, რომ „გაზპრომისგან“ საერთო შემოსავალმა 100 მილიონსაც გადააჭარბოს. ცნობისათვის, რუსები „შალკეს“ აქამდე ყოველწლიურად მხოლოდ 12.5 მილიონ ევროს უხდიდნენ.
ტიონიესი და პეტერსი მოსკოვში ორშაბათს გაფრინდენ, სამშაბათს კი „გაზპრომის“ შეფ ალექსეი მილერთან გამართეს მოლაპარაკებები. საღამოს, „შალკეს“ შეფები თვით რუსეთის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც მიიღო...
„თანამშრომლობით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია. „გაზპრომი“ საფეხბურთო გერმანიაში დღეს ყველაზე ცნობილი სპონსორია. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა ის, რომ თურმე ვლადიმირ პუტინმა „შალკეს“ შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის,“ - აცხადებს ტიონიესი.
„შალკესა“ და „გაზპრომს“ შორის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად ორ კვირაში გაფორმდება და თუ გელზენკირხენული კლუბი გერმანიის თასს მოიგებს და ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს, რუსები ხელშეკრულებას კიდევ უფრო გაუმჯობესებული კონდიციებით გააფორმებენ. სხვათა შორის, „გაზპრომს“ სანკტ პეტერბურგის „ზენიტისთვის“ ახალი სუპერ-სტადიონის აშენება უნდა და „ბილდის“ ინფორმაციით, პუტინს „შალკეს“ შეფებისთვის დახმარება უთხოვია - გელზენკირხენის „ფელტინს არენა აუფ შალკე“ ხომ ევროპის ერთერთი საუკეთესო სტადიონია და რუსებსაც სწორედ ასეთის აშენება სურთ.