ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“ 22:00
"დუისბურგი"-"შალკე"
სავარაუდო შემადგენლობები
დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი, რაიხე, ბაჟიჩი, ვეინაუ - ბანოვიჩი, სუკალო - ილმაზი, გრლიჩი, შაჰანი - შეფლერი.
შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - პაპადოპულოსი, კლუგე - ფარფანი, რაული, ხურადო - ჰუნტელაარი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
დღეს ბერლინში გერმანიის თასის ფინალი გაიმართება. „შალკეს“, რომელმაც ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად იასპარეზა, შესანიშნავი შანსი აქვს, თასის მოგებით, ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს. მეტიც, გელზენკირხენული კლუბი ფაქტობრივად ვალდებულია, დღევანდელი ფინალი მოიგოს, რადგან მეტოქე ჰყავს ისეთი, მარცხი ძალიან
დააკლდება დუისბურგს ლიდერი?
საქმე იმაშია, რომ „დუისბურგის“ ლიდერი ივიცა გრლიჩი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და დღეს მისი თამაში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. გუშინ გამართულ წინასაფინალო პრესკონფერენციაზე 35 წლის შემტევი ნახევარმცველი მაინც გამოცხადდა და ქომაგებს დაპირდა, მინიმალური შანსიც რომ მქონდეს, რისკს არ შევუშინდები და აუცილებლად ვითამაშებო. შეძლებს თუ არა გრლიჩი მოედანზე გასვლას, ეს დღეს ნაშუადღევს გადაწყდება.
უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ივიცა არ არის „დუისბურგის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფინალს გამოაკლდება - ტრავმები აწუხებთ შტეფან მაიერჰოფერსა და ბენიამინ კერნსაც. „სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ისტორიული მატჩის წინ დაგვიშავდა წამყვანი ფეხბურთელები, - აცხადებს დუისბურგის ხორვატი დამრიგებელი სასიჩი, - შაბათს დილას ყველაფერს გავაანალიზებთ, სიტუაციას შევაფასებთ და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.“ მისი განცხადებით, გუნდის სამედიცინო შტაბი განსაკუთრებით გრლიჩზე მუშაობს, რადგან ეს უკანასკნელი MSV-ს უმთავრესი მოთამაშეა.
საკადრო პრობლემები ამითაც არ ამოწურულა: „ლელოს“ მკითხველი „დუისბურგის“ შესახებ ინფორმირებული არ იქნება და ამიტომაც უნდა დავწეროთ, რომ სასიჩს კაპიტანი სრდიან ბალიაკი და უნიჭიერესი იულიან კოხი დიდი ხანია ლაზარეთში ჰყავს. დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ „დუისბურგმა“ ფინალში სენსაცია მოახდინოს. მიუხედავად ამისა, „ზებრები“ არ წუწუნებენ.
„თამაში 90 წუთს გრძელდება და შესაძლოა, 120 წუთიც გასტანოს. რაკი „შალკეს“ ყველა უპირობო ფავორიტად მიიჩნევს, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად ვითამაშოთ,“ - ეს გრლიჩის სიტყვებია.
„საკადრო პრობლემები მოტივაციას არ დაგვიგდებს, ამ თამაშის მოგება ძალიან გვინდა. თითოეულმა მოთამაშემ თავი უნდა დადოს. ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ!“ - ეს კი სასიჩის განცხადებაა.
რანგნიკი: ჩვენ ვიცით, რა და როგორ...
პრესკონფერენციაზე რანგნიკს აშკარა ფავორიტის სტატუსის გაპროტესტება არც უცდია და „შალკეს“ 53 წლის დამრიგებელი ფინალის წაგებაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს: „არავის და არაფრის გვეშინია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თამაშს მოვიგებთ, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ ნორმალურად ვითამაშოთ,“ - თუმცა „პროფესორმა“ ისიც თქვა, მეტოქეს პატივს ვცემთ, გერმანიის თასის ფინალში შემთხვევით ვერავინ გადის, „ზებრებმა“ „კიოლნისა“ (2:1) და „კაიზერსლაუტერნის“ (2:0) სახით პირველი ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი დაამარცხეს, რაც სერიოზული მიღწევააო.
რანგნიკს ხელს არც ის ფაქტი უშლის, რომ მისმა შეგირდებმა ბოლო ექვსი ოფიციალური მატჩი წააგეს. „ჩემი აზრით, ამ შეხვედრებშიც კარგად ვითამაშეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. მე მხოლოდ „კიოლნთან“ (1:2) პირველი ტაიმით დავრჩი უკმაყოფილო,“ - თქვა რალფმა, რომელსაც ფინალში ყველაზე მეტად გამოცდილი ესპანელი გოლეადორის, რაულის ეიმედება: „ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასე იყო ნახევარფინალში, „ბაიერნთან“ შეხვედრაშიც და იმედია, ასე იქნება ფინალშიც.“
კითხვები რომ გამოელიათ, სანამ ჟურნალისტები რამეს მოიფიქრებდნენ, „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდმა დაასწრო და თქვა, ახლა არ მკითხოთ, გუნდი მესამე ფორმით რომ თამაშობს, ეს ბიჭებზე ცუდად ხომ არ იმოქმედებსო. „სანერვიულო არაფერია, ჩვენი ფანები ფეხბურთელებს ნამდვილად იცნობენ. „დუისბურგის“ ფერებიც ლურჯი და თეთრია, ჩვენ კი სტუმრის სტატუსი გვაქვს, რის გამოც იძულებულები გავხდით, მესამე ფორმა ჩავიცვათ,“ - თქვა ჰელდტმა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „შალკეს“ ამ სეზონში ამ ფორმით არ უთამაშია. გელზენკირხენული კლუბის მესამე ფორმის ფერს ოფიციალურად „ულტრა ბეაუტყ“ ჰქვია...