გლადბაბახ 93-ე წუთზე!!!

AutoSharing Option

ბორუსია (მ)-ბოხუმი 1:0
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი (84. მატმური), არანგო - ჰანკე, იდრისუ (67. დე კამარგო).
ბოხუმი (4-1-2-2-1): ლუთე - კოპლინი, მალტრიტცი, იაია, ოსტროცოლეკი - იუჰანსონი - დაბროვსკი, ტოსკი (83. აზაუაგი) - ფრაიერი, ქორქმაზი (71. ფედერიკო) - მ. აიდინი (46. ჩონგ ტესე).
გოლი: 1:0 დე კამარგო (93)
გაფრთხილება: 1-3
მაყურებელი: 54 057

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა იგორ დე კამარგომ, პირველი ბუნდესლიგის საგზურის პლეი ოფის პირველ მატჩში, მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან „ბოხუმს“ გოლი
93-ე წუთზე გაუტანა და დიდი შანსია, რომ „გლადბახმა“ სწორედ ამ გოლით მოახერხოს ელიტაში ადგილის შენარჩუნება. საპასუხო მატჩი ბოხუმის „რურშტადიონზე“ მომავალ ოთხშაბათს გაიმართება.

შეხვედრა მშვიდად წარიმართა, მიუხედავად მატჩის უდიდესი მნიშვნელობისა, ფეხბურთელები ნერვების მოთოკვას საფინალო სასტვენამდე ახერხებდნენ, მაგრამ როგორც კი თამაში დამთავრდა, ბოხუმელები მსაჯ პერლს მივარდნენ და ლანძღვა-გინების კასკადი დააყარეს. საქმე იმაშია, რომ მსაჯმა შეხვედრას ორი წუთი დაამატა, დე კამარგომ კი გოლი მესამე დამატებულ წუთზე გაიტანა. შესაბამისად, ბოხუმელებმა წაგება მსაჯს დააბრალეს. 2 წუთი და 16 წამი უკვე გასული იყო, როცა პერლმა მიონხენგლადბახელებს აუტის მოწოდების ნება დართო და სწორედ ამ აუტს მოჰყვა ის, რამაც მიონხენგლადბახელები ძალიან გააბედნიერა, ბოხუმელებს კი სასო წარუკვეთა: ბურთი ბოხუმის კარის სიახლოვემდე მიიტანეს, სადაც დე კამარგომ იყოჩაღა და ხუთი მეტრიდან გამარჯვების, მეტიც, ოქროს გოლი გაიტანა.

ბოხუმელთაგან ყველაზე მეტად მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი გაბრაზდა - მოედანზე შევარდა და მსაჯისკენ გაიწია, თან საათზე მიუთითებდა. მატჩის შემდეგ პერლმა თქვა, გუნდები იმდენ ხანს ვათამაშე, რამდენიც საჭიროდ ჩავთვალე, ბოხუმელებს დრო გაჰყავდათო.

„ეს უსამართლობაა. დამატებულ წუთებში დრო არ გაგვიყვანია. ორი წუთის ნაცვლად, სამი გვათამაშა, უფრო სწორად, თამაში იქამდე არ დაამთავრა, სანამ „გლადბახმა“ გოლი არ შეგვიგდო,“ - განრისხებული იყო ბოხუმელთა კაპიტანი დაბროვსკიც.

ისე, მართალია, ბოხუმელები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ „გლადბახმა“ გამარჯვება არ დაიმსახურა. ბოხუმელთა მეკარე ლუთემ არაერთხელ იხსნა თანაგუნდელები, განსაკუთრებით კარგად კი ჰანკესა და არანგოს დარტყმების დროს ითამაშა. დე კამარგოს დარტყმის მომენტში კი ლუთეც უძლური აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, მატჩის შემდეგ „გლადბახის“ გულშემატკივრებმა ძალიან ცუდი ამბავი შეიტყვეს: „ბორუსიას“ 21 წლის ლიდერი მარკო როისი დაშავდა და დიდი შანსია, რომ საპაასუხო შეხვედრაში ვერ იასპარეზოს. თუ ვერ ითამაშა, ცხადი ხდება, რომ როისი ვერც გერმანიის ნაკრებში გამოცხადდება - როგორც იცით, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მარკო ურუგვაისთან, აზერბაიჯანთან და ავსტრიასთან მატჩებისთვის გამოიძახა. როგორც ჩანს, როისის დებიუტი გერმანიის ნაკრებში ვერც ამჯერად შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული