იოახიმ ლიოვი: ტიტულის დროა, გული კარგს მიგრძნობს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოახიმ ლიომ ლიოვს ამაზე ღიად საუბარი ჯერ არ სურს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ბუნდესგუნდისთვის საფრთხე აღარ ემუქრება. სამაგიეროდ, იოგი სიამოვნებით აღიარებს იმას, რომ მისი გუნდის მიზანი უკრაინასა და პოლონეთში მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა იქნება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც „ბილდმა“ გამოაქვეყნა.

- ჰერ ლიოვი, გვესმის, რომ ოფიციალურად ამის თქმის უფლება არ გაქვთ, მაგრამ ხომ გვეთანხმებით, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული გვაქვს?
- მოდი, ასე ვთქვათ: თუკი ივნისის დასაწყისში ავსტრიასა და აზერბაიჯანს დავამარცხებთ, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის კარი ჩვენთვის ღია იქნება. თუ ამ ორ მატჩს მოვიგებთ, მაშინ დიდი სასწაული უნდა მოხდეს, ჯგუფში რომ ჩავრჩეთ.

- მინიმუმ 15 წელი გავიდა მას მერე, რაც გერმანიის ასეთი ძლიერი გუნდი და ხარისხიანი ფეხბურთელები არ ჰყოლია. ამაშიც ხომ გვეთანხმებით?
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მხრივ მართლა დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. სხვადასხვა თაობებს შორის პარალელებს კი არ გავავლებდი.

- დამაკმაყოფილებელი? მეტი არა?
- დამაკმაყოფილებელი, გადაჭარბება არც შეიძლება და კარგსაც არაფერს მოგვიტანს. გერმანიის ნაკრებს მართლა კარგი ფეხბურთელები ჰყავს, შემადგენლობის შერჩევა არ მიჭირს. შეიცვალა ფეხბურთელთა განათლების სისტემაც და ბიჭები ძალიან კარგად არიან ხოლმე მომზადებულები...

- მაგრამ?..
- ...თუმცა ამ მართლაც უნიჭიერესი თაობის უმეტეს ნაწილს ჯერ უმაღლესი დონისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად, მუდმივად ერთი და იგივე კითხვები მიტრიალებს თავში: ვინ შეძლებს ზენიტში ასვლას? ვინ გააკეთებს ისეთ ნახტომს, როგორიც 2010 წლის მუნდიალზე მიულერმა, ხედირამ, ნოიერმა და იოზილმა გააკეთეს? ცხადია, ძალიან საინტერესო თაობა წამოვიდა, მაგრამ ბუნდესლიგის ერთი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებ. შესაბამისად, სულ ახალ თაობას ევროპის ტოპ-დონეზე ჯერ ვერ ვხედავ.

- ეს რას ნიშნავს?
- მათ შორის განსაკუთრებული და გამაოგნებელი ტალანტი მხოლოდ მარიო გიოტცეა. სხვა დორტმუნელები, ისევე, როგორც ანდრე შიურლე და მარკო როისი, ჯერ მხოლოდ კარგი ფეხბურთელები არიან. ძალიან საინტერესოა, რომელი მათგანი შეძლებს ზენიტში ასვლას. სხვათა შორის, გერმანიას ტალანტები არასდროს აკლდა, მაგრამ ყველამ როდი შეძლო ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სტაბილურად კარგად თამაში შეუძლიათ. სხვათა შორის, ტონი კროოსიც განსაკუთრებულ ტალანტად იყო შერაცხული, მაგრამ ხომ ნახეთ, ბოლო დროს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც მაშინ, როცა უნიჭიერეს ფეხბურთელად მონათლეს.

- საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიროსლავ კლოზე „ბაიერნში“ დარჩება. თქვენი აზრით ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
- რამდენადაც ვიცი, იუპ ჰაინკესი „ბაიერნში“ ტაქტიკური სქემის შეცვლას და 4-4-2-ით თამაშს აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიროს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ამ სეზონში ჰქონდა, როცა რეკორდმაისტერი 4-2-3-1-ით თამაშობდა. მე კლოზეს ვუთხარი, უკვე ძალიან გამოცდილი ხარ და უმჯობესია, გრძნობას მიყვე, რასაც ტვინი გიკარნახებს, ისე მოიქეცი-მეთქი. ვურჩიე, ჰაინკესს დალაპარაკებოდა, ეკითხა, რას როგორ გეგმავს მიუნხენური გრანდის მწვრთნელი და მისი რჩევა გაეთვალისწინებინა.

- ევროპის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. თქვენ უკვე უნდა იცოდეთ, რომ გერმანიისთვის ამიერიდან მხოლოდ ტიტული იქნება კარგი შედეგი...
- 2010 წელს ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და ერთადერთი, რამაც გული დაგვწყვიტა, იყო ის, რომ ტიტული ვერ მოვიგეთ. ეს ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი რანგის ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატი, წარმატების მიღწევა ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

- დაგვერწმუნეთ, გაისად გერმანელი გულშემატკივრები მესამე ადგილით ან ფინალში გასვლით აღარ დაკმაყოფილდებიან...
- ვიცი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იქნება. თან, გულიც კარგს მიგრძნობს...

- ეს კარგია...
- მოდით, უბრალოდ კონკურენტებს შევედაროთ: ვინ დგას ევროპაში ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც გერმანიაა? ესპანეთი და ჰოლანდია? ნამდვილად! ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და პორტუგალია? შეიძლება! მაგრამ თუ ევრო 2012-ზეც ისე ვითამაშებთ, როგორც მუნდიალზე, ან თუ ცოტას კიდევ მოვუმატებთ, ჩვენი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება. ბიჭებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ გაისად ჩვენ მხოლოდ ევროპის ჩემპიონობაზე უნდა ვიფიქროთ.

- ზამთარში ცალკე შეკრებას ხომ არ აპირებ?
- არა, ამის დრო სამწუხაროდ არ იქნება. მერე, 2013 წელს კონფედერაციის თასი გველის ბრაზილიაში.

- ჰო, მაგრამ იქ ხომ მხოლოდ ევროპის ჩემპიონს დაუშვებენ?
- (იცინის) მერე, ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონობა გვინდა.

- ისე ჩანს, რომ მიხაელ ბალაკს ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანთ. მაინც როდის იტყვით, რომ მიხაელს გერმანიის ნაკრებში მომავალი აღარ აქვს?
- მიხაელი და მე შევთანხმდით, რომ ამ ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან მატჩების შემდეგ კიდევ დავილაპარაკებთ. მანამდე კი ჯერ ადრეა.

- მიხაელმა თქვენი გეგმების შესახებ ყველაფერი იცის?
- რა თქმა უნდა.

- გული გწყდებათ ბალაკის გამო?
- მიხაელი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, რაც გერმანიისთვის გააკეთა. დღესაც თავდადებით იბრძვის და ცდილობს, ნაკრებში დაბრუნდეს, გერმანიას კიდევ გამოადგეს. შარშან ძალიან დამწყდა გული, ბალაკმა მუნდიალზე თამაში რომ ვერ შეძლო. ცხადია, ახლაც გული მწყდება.

- გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაქვთ გაფორმებული. მერე რას აპირებთ?
- ფეხბურთიდან ნამდვილად არ წავალ, რადგან 2014-ში 54 წლის ვიქნები და პენსიაში რომ გავიდა, მთელი დღეები რა უნდა ვაკეთო? მანამდე ჯერ დიდი დროა. შესაძლოა, საკლუბო ფეხბურთში გადავინაცვლო.

- ჰო, მაგრამ ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - ნებისმიერი გერმანელი მწვრთნელის ზენიტი ხომ ბუნდესმწვრთნელობაა?
- ჰო, ამაზე მეც ვფიქრობ. ძალიან გამიმართლა, რომ ბუნდესგუნდის თავკაცი გავხდი და ხშირად მიტრიალებს კითხვა, ღირს თუ არა საკლუბო ფეხბურთში გადასვლა. საკლუბო დონეზე ასეთი რანგის სტატუსი მხოლოდ ევროპის 3-4 კლუბში თუ მექნება. ან ბრაზილიის, არგენტინის და ინგლისის მწვრთნელი უნდა გავხდე, მაგრამ გერმანელი სპეციალისტისთვის შანსი ძალიან მცირეა.

- რომ დაგპატიჟონ, დათანხმდებით?
- არა მგონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული