ახალი ბალაკი დორტმუნდში

AutoSharing Option
გერმანიის ჩეპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ ამ დღეებში მომდევნო სეზონისთვის მორიგ, რიგით მეხუთე ახალწვეულს წარადგენს: ილქაი გიუნდოგანის (20 წლის, „ნიურნბერგიდან“, 4 მილიონ ევროდ), კრის ლიოვეს (22, „ხემნიტციდან“, 250 000), მორიტც ლაიტნერისა (18, განათხოვრებული იყო „აუგსბურგში“) და იულიან კოხის (20, განათხოვრებული იყო „დუისბურგში“) შემდეგ, დორტმუნდელები ხორვატიის ნაკრებისა და „ბრიუგეს“ 22 წლის ნახევარმცველ ივან პერისიჩსაც გადაიბირებენ.

გუშინ, „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია. სამაგეროდ ჩაშლის პირასაა 17 წლის მუსტაფა არმინის ტრანსფერი, რომელიც „ბორუსიას“ ავსტრალიური „ქოუსთ მარინერსიდან“ უნდა ეყიდა. ეს ფეხბურთელი
დორტმუნდში იანვარში იმყოფებოდა და სინჯებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, ავსტრალიური კლუბი მის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ბორუსიას“ ეძვირება.

რაც შეეხება პერისიჩს: ცორკმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდს ხორვატიის ნაკრების მოთამაშე 5 მილიონი ევრო უჯდება. 1.87 მეტრი სიმაღლის მქონე ნახევარმცველმა „ბრიუგეში“ თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა – ამ სეზონში მან 37 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ექსპერტები მას „ახალ მიხაელ ბალაკს“ უწოდებენ, რადგან თამაშის სტილით გერმანიის ნაკრების კაპიტანს ძალიან ამსგავსებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პერისიჩი მიხაელზე გაცილებით სწრაფია. „დორტმუნდის“ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ივანი ნახევარდაცვის ცენტრში, საყრდენად ან გამთამაშებლად ითამაშებს. დიდი შანსია, რომ მადრიდის „რეალში“ გადაბარგებული ნური შაჰინი მემარცხენე საყრდენის პოზიციაზე სწორედ მან შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელები ამ ეტაპზე მეტ ტრანსფერს აღარ გეგმავენ, იდეაში კი, თავდამსხმელიც სჭირდებათ, რადგან მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განკარგულებაში მხოლოდ ორი მაღალი კლასის ცენტრფორვარდია - ლუკას ბარიოსი და რობერტ ლევანდოვსკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული