ბუნდესლიგის 20 საუკეთესო ტრანსფერი

AutoSharing Option
საფეხბურთო სეზონი დამთავრდა, სატრანსფერო სეზონი ახლოვდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე ტრანსფერიც გადაწყდა, მთავარი ამბები კი წინ, ივლისში და აგვისტოში გველის. ვფიქრობთ, ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერების გახსენება მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

საუბარია მხოლოდ 1980 წლის შემდეგ განხორციელებულ ტრანსფერებზე, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს გუნდებმა მილიონების გადახდა. აქვე გეტყვით, რომ განსაკუთრებით საინტერესო ის გარიგებებია, როცა გუნდების მენეჯერებმა ამა თუ იმ ფეხბურთელში მიზერული თანხა გადაიხადეს და შემდეგ მოთამაშე უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა (მაგალითად, თომას დოლი, რომელიც
„ჰამბურგმა“ თავის დროზე ძალიან იაფად იყიდა).

ამ სეზონის ერთერთი უმთავრესი აღმოჩენა იაპონელი შინჯი კაგავა გახლდათ, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ზუსტად ერთი წლის წინ იაპონური „ოსაკადან“ სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა. დღეს კი, ახალგაზრდა გამთამაშებლის ფასი 10-15 მილიონია. სხვათა შორის, რომ არა ტრავმა, რომელიც კაგავამ იანვარში, აზიის თასზე ასპარეზობისას მიიღო, დიდი შანსია, რომ დღეს გაცილებით უფრო ძვირადღირებული მოთამაშე ყოფილიყო. სწორედ ასეთი სარფიანი ტრანსფერების განხორციელებაზე ოცნებობს ყველა კლუბის გენერალური მენეჯერი. ახლა კი უფრო ძველი ტრანსფერები გავიხსენოთ. ფასები ევროებშია გადაყვანილი.

კარლ-ჰაინც რიდლე
(ბლაუ-ვაისიდან ვერდერში)
1987 წელს, ბრემენის „ვერდერმა“ ბერლინის „ბლაუ ვაისს“ კარლ-ჰაინც რიდლეს სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა. სამი წელიწადის განმავლობაში, ამ უკანასკნელმა ბრემენული კლუბის მაისურით 38 გოლის გატანა მოახერხა. 1990 წელს რიდლე 7.5 მილიონად რომის „ლაციოში“ გაიყიდა.

ვალერიან ისმაელი
(სტრასბურიდან ვერდერში)
ფრანგი მცველი „მუსიკოსებმა“ 2003 წელს ფრანგული „სტრასბურიდან“ 300 000 ევროდ შეიძინეს. პირველივე სეზონში, ისმაელმა “ვერდერთან” ერთად დუბლი შეასრულა. 2005 წელს ეს ფეხბურთელი „ბაიერნმა“ 8.5 მილიონად შეიძინა.

ემერსონი
(პორტო ალეგრედან ლევერკუზენში)
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევერკუზენის „ბაიერმა“ 1997 წელს, „პორტო ალეგრედან“ 3 მილიონად იყიდა. ემერსონი მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახდა. 2000 წელს ბრაზილიელი „რომაში“ გადავიდა. რომაელებმა „ლევერკუზენს“ 20 მილიონი გადაუხადეს. ამის შემდეგ, ემერსონი „იუვენტუსში“, „რეალში“ და „მილანში“ თამაშობდა.

ალექსანდერ გლები
(მინსკიდან შტუტგარტში)
მას ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად მიიჩნევდნენ - გლები 2000 წელს მინსკის “დინამოდან“ „შტუტგარტში“ 150 000 ევროდ გაიყიდა. ეს გახლდათ შვაბური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გარიგება, რადგან ბელორუსი ფლეიმეიქერი ძალიან მოკლე დროში მსოფლიო დონის ფეხურთელად ჩამოყალიბდა. 2005 ალექსანდერ გლები წელს „შტუტგარტმა“ ლონდონის „არსენალს“ 15 მილიონად მიჰყიდა.

თომას დოლი
(დინამოდან ჰამბურგში)
დღესდღეობით უმუშევარი მწვრთნელი, რომელიც გასულ სეზონში დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცობდა, 1989 წელს „ჰამბურგმა“ 1 მილიონ ევროდ იყიდა. 1991 წელს მან გავარდნის კანდიდატი გუნდი უეფას თასზე გაიყვანა. მოგვიანებით, დოლი რომის „ლაციოში“ 7.5 მილიონად გაიყიდა და ამ თანხამ გაღატაკებულ „ჰამბურგს“ საშუალება მისცა, ლიცენზია მიეღო.

ოლივერ კანი
(კარლსრუედან ბაიერნში)
შესაძლოა, ბევრს აღარც კი ახსოვდეს, რომ 1994 წელს, მიუნხენის “ბაიერნმა” ლეგენდარულ ოლივერ კანში „კარლსრუეს” სულ რაღაც 2.3 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გადაუხადა. კანმა „ბაიერნში“ გატარებული 14 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ათჯერ და ოცჯერ ძვირად ფასობდა. რეკორდმაისტერი კანთან ერთად რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და 2001 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ლაიოშ დეტარი
(აინტრახტი)
უნგრელი ფეხბურთელი ფრანკფურტის „აინტრახტში“ 1987 წელს 1.8 მილიონის საფასურად გადავიდა. მოგვიანებით კი, 8 მილიონად „ოლიმპიაკოსში“ გაიყიდა.

მათიას ზამერი
(დრეზდენიდან შტუტგარტში)
„შტუტგარტის“ კიდევ ერთი ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი: 1990 წელს შვაბებმა დრეზდენს 1.3 მილიონი გადაუხადეს და სანაცვლოდ მიიღეს ფეხბურთელი, რომელიც გერმანული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. საუბარია, მათიას ზამერზე. იმავე წელს, ზამერი მილანის „ინტერმა“ 6 მილიონად შეიძინა.

ენტონი იებოა
(ზაარბრიუკენიდან აინტრახტში)
ეს უკანასკნელი „აინტრახტში“ 1990 წელს, „ზაარბრიუკენიდან“ გადაბარგდა და ფრანკფურტელებმა მის სანაცვლოდ 600 000 ევრო გადაიხადეს. იებოა მიოლერთან და ბაინთან ერთად, „აინტრახტის“ მაგიურ სამკუთხედს ქმნიდა. ის ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და 1995 წელს „ლიდსში“ 3 მილიონად გაიყიდა.

როლანდ ვოლფარტი
(დუისბურგიდან ბაიერნში)
1984 წელს „ბაიერნმა“ „დუისბურგიდან“ თავდამსხმელი როლანდ ვოლფარტი 400 000 ევროდ შეიძინა. ეს უკანასკნელი ორჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ხუთჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა. 9 წელიწადში ვოლფარტმა ბუნდესლიგაში 119, ხოლო ევროთასებზე კი 18 გოლი გაიტანა.

სიორენ ლერბი
(აიაქსიდან ბაიერნში)
1983 წელს მიუნხენურმა გიგანტმა „აიაქსიდან“ 900 000 ევროდ სიორენ ლერბი შეიძინა. ამ უკანასკნელმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1986 წელს ლერბი „მონაკოში“ წავიდა. დღესდღეისობით საფეხბურთო აგენტობითაა დაკავებული. სხვა ფეხბურთელებთან ერთად რაფაელ ვან დერ ვაარტის მრჩეველია.

სტეფან შაპუიზა
(იურდინგენიდან დორტმუნდში)
102 გოლი რვა წლის მანძილზე - ამით ფაქტობრივად ყველაფერი ნათქვამია. „ბორუსიის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ვესტფალიურ კლუბში 1991 წელს „იურდინგენიდან“ გადავიდა და „ბორუსიამ“ მის სანაცვლოდ 1 მილიონი გადაიხადა. შაპუიზამ დორტმუნდულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

ულფ კირსტენი
(დრეზდენიდან ლევერკუზენში)
ულფ კირსტენის საგოლე ალღოზე გერმანიაში (და არა მარტო იქ) დღესაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ჩინებული ალღო აღმოაჩნდა „ლევერკუზენის“ გენერალურ მენეჯერ რაინერ კალმუნდსაც, რომელმაც კირსტენი დრეზდენის „დინამოდან“ 1.8 მილიონ ევროდ იყიდა. კირსტენმა „ფარმაცევტების“ რიგებში 182 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

დიმიტარ ბერბატოვი
(სოფიიდან ლევერკუზენში)
ბულგარელმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა 2000 წელს სოფიიდან „ბაიერს“ მიაშურა. ლევერკუზენელებს მისი ტრანსფერი 2.5 მილიონ ევრო დაუჯდათ. ბერბატოვმა 154 შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა, 2006 წელს კი 15.7 მილიონ ევროდ „ტოტენჰემში“ გაიყიდა. დღეს ბულგარელი ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იორგ ჰაინრიხი
(ფრაიბურგიდან დორტმუნდში)
გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი დორტმუნდის „ბორუსიამ“ 1996 წელს „ფრაიბურგიდან“ შეიძინა და მის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო გადაიხადა. იორგ ჰაინრიხმა ვესტფალიელებთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშიროსი თასი მოიგო. 1998 წელს „დორტმუნდმა“ ჰაინრიხი „ფიორენტინაში“ გაყიდა (12.6 მილიონ ევროდ).

ლინკოლნი
(კაიზერსლაუტერნიდან შალკეში)
2004 წელს „შალკეს“ ბრაზილიელი გამთამაშებლის შეძენა 600 000 ევრო დაუჯდა. ლინკოლნმა გელზენკირხენული კლუბის რიგებში 83 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა, გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში. შარშან „გალათასარაიმ“ მასში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაფაელ ვან დერ ვაარტი
(აიაქსიდან ჰამბურგში)
2005 წელს „ჰამბურგმა“ ჰოლანდიელი ნახევარმცველი „აიაქსიდან“ 5 მილიონ ევროდ შეიძინა. რაფაელი გუნდის კაპიტანი და ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელების უკონცეფციობისა და ბევრი უაზრობის გამო, კლუბი დატოვა და რაც მთავარია, ძალიან სარფიანად გაიყიდა.

შტეფან ეფენბერგი
(გლადბახიდან ბაიერნში)
გენიალური ეფე „ბაიერნმა“ 1998 წელს 4 მილიონად იყიდა. ეფენბერგი რეკორდმაისტერის კაპიტანი, ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა გახდა. მიუნხენელი ფანები მას დღესაც მისტირიან. „ბაიერნთან“ ერთად სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.

დიეგო
(პორტუდან ვერდერში)
გენიალურმა ბრაზილიელმა „ვერდერი“ ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში და შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ერთერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო. თავის დროზე (2006 წელს) „მუსიკოსებმა“ მის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადეს და ორი წლის წინ, ტურინის „იუვენტუსს“ 25 მილიონად მიჰყიდეს. აი, ტურინში კი ბრაზილიელმა ფლეიმეიკერმა იმედები ვერ გაამართლა. „ბებერმა ქალბატონმა“ დიეგო მალევე გაუშვა - „ვოლფსბურგში“, სადაც ასევე ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. „მგლების“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა დიეგო არასპორტული საქციელების გამო მოკვეთა და მას ეგოისტი უწოდა. ფაქტია, რომ ბრაზილიელი „ვერდერიდან“, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, არ უნდა წასულიყო. თუმცა „პორტუდან“ „ვერდერში“ მისი ტრანსფერი დღემდე ბუნდესლიგის ყველა დროის ერთერთ საუკეთესო გარიგებად რჩება - მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება დიეგოს კარიერა.

ჯოვანი ელბერი
(გრასჰოპერსიდან შტუტგარტში)
ჯოვანი ელბერი 1994 წელს ციურიხის „გრასჰოპერსიდან“ „შტუტგარტში“ სულ რაღაც 1.6 მილიონად გაიყიდა. ბრაზილიელი ჯერ შვაბური კლუბის ლიდერი გახდა, მერე კი ის “ბაიერნმა” შეიძინა (1997 წელს, 6.5 მილიონად), სადაც ასევე უპირველესი გოლეადორი იყო - 133 გოლით ის დღემდე ბუნდესლიგის ყველაზე გოლუხვი ლეგიონერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული