თომას მიულერი: ჯერ კიდევ ბავშვი ვარ

AutoSharing Option
2010 წლის 3 ივლისს კეიპტაუნში არგენტინა-გერმანიის თამაშში “ბაიერნის” 20 წლის უნივერსალის თომას მიულერის ბენეფისი შედგა. ამ მატჩს წინ დიდი ისტორია უძღოდა. წყვილის დაპირისპირება იმავე წლის 3 მარტსაც შედგა. მატჩამდე დანიშნულ პრესკონფერენციაზე მარადონამ თომასი “ვერ იცნო” და დარბაზიდან მისი გასვლა მოითხოვა.

თომასმა არგენტინელს თამაშით სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე უპასუხა - სამხრეთამერიკელთა განადგურებას დაუდო სათავე... რამდენიმე დღის წინ ბასტიან შვაინშტაიგერის ინტერვიუ შემოგვთავაზეთ, რომელიც მას რუსულმა “სპორტ ექსპრესმა” ჩამოართვა. მიულერთან ინტერვიუც ამ ციკლის ნაწილია. როგორც ჩანს, პეტერბურგში მიუნხენელთა გაზეთებს მდიდარი მასალა ჩაუგდო ხელთ.

-
თქვენ პირველი გოლი “ბაიერნის” სარეზერვო შემადგენლობაში 2008 წლის მარტში გაიტანეთ, გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ეს იყო მატჩი “უნტერჰახინგის” წინააღმდეგ.

- რას ფიქრობთ ტიმოშჩუკის როლზე “ბაიერნში”?
- ტიმო კარგი ბიჭია. თამაშობს აგრესიულ და კარგ ფეხბურთს. ჩვენი გუნდისთვის ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ხუთ ტურში, როცა ჩვენ მესამე ადგილი გავინაღდეთ, ის სასტარტოში გამოდიოდა.

- 2010 წლის მარტში გერმანიის ნაკრებში სადებიუტო მატჩის წინ მარადონამ თქვენთან გვერდით დაჯდომაზე უარი თქვა?
- დიახ. მან არ იცოდა, ვინ ვიყავი. რამდენიმე თვეში ალბათ მიცნობდა და იმედია, მეტად აღარ ვეგონები ბურთის მიმწოდებელი ბიჭი.

- 4:0-ის შემდეგ მარადონა თქვენთან ბოდიშის მოსახდელად არ მოსულა?
- არა.

- მეტოქის დამრიგებლის ასეთი ქცევა იყო თუ არა თქვენთვის დამატებითი მოტივაცია?
- ეს მხოლოდ პრესისთვის იყო დიდი ისტორია. ჯერ კიდევ მეოთხედფინალამდე გაიხსენეს ეს ისტორია და ამაზე მოგვიანებითაც წერდნენ. მით უფრო, რომ მსოფლიოზე არგენტინელებთან პირველი გოლი მე გავიტანე. მასმედიამ ბევრი იხალისა ამ ამბებზე.

- ნახევარფინალი ესპანეთთან ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვეთ. ძალიან განაწყენდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ძლიერ დაღონებული ვიყავი. საერთოდ არ ვარ ის ტიპაჟი, ვისაც მოწყენა სჩვევია. გული მხოლოდ იმიტომ მეტკინა, რომ არგენტინასთან ყვითელ ბარათს არ ვიმსახურებდი.

- გერმანიამ თქვენი არყოფნის გამო წააგო?
- ეს შეიძლება თქვენ დაწეროთ, მაგრამ მე ამის თქმის უფლება არ მაქვს. უბრალოდ ესპანეთთან ისე აგრესიულად არ ვითამაშეთ, როგორც წინა მატჩებში. ისინი ძალიან ძლიერები არიან და მათთვის ბურთის წართმევა უაღრესად ძნელია. პრობლემაა ისიც, რომ შეიძლება ფეხით თამაშში დაგჩაგრონ და გამარჯვების გოლი თავით გაგიტანონ.

- არ გაგიკვირდათ, როცა ლიოვმა განაცხადში შეგიყვანათ?
- ვერ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მიწვევას კი ველოდი. “ბაიერნს” კარგი სეზონი ჰქონდა, მე კი სულ ერთი შეხვედრა გამოვტოვე. მქონდა განცდა, რომ ეროვნული გუნდის დახმარება შემეძლო.

- თქვენი აზრით ვინ იმსახურებდა შარშან “ოქროს ბურთს”?
- ვფიქრობ, ამ ტიტულის მესისთვის გადაცემა უცნაური გადაწყვეტილება იყო. ჩავი და ინიესტა ხომ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. მესი ჩემთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ “ოქროს ბურთი” არა უბრალოდ საუკეთესოს, არამედ სეზონის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელს ეკუთვნის.

- დედ-მამამ როგორ მიიღო თქვენი წარმატების ამბავი?
- ბედნიერები არიან და ჩემით ამაყობენ. მით უფრო, რომ მე ჩემი გოლებით გერმანიას ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დავეხმარე. მათთვის კრიზისის ხანა ივლისის მეორე ნახევარში დადგა, როცა ჩვენს სახლს ჟურნალისტების ზღვა მიაწყდა. მათ ჩემზე ათასობით შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდათ. იქამდე მათ ასეთი რამ ვერ წარმოედგინათ.

- მშობლები სად მუშაობენ?
- მამა მიუნხენში BMW-ს ცენტრში, მოტოციკლების განყოფილებაში. დედას კი ჩემი და ჩემი ძმის დაბადების შემდეგ ჩვენი აღზრდის გარდა არაფერი უკეთებია. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დავეყენებინეთ ფეხზე. მას ყოველ დილას დავყავდი საფეხბურთო სკოლაში. შინ კი მამასთან ერთად ვბრუნდებოდი. გზას მანქანით სრულ ერთ საათს ვანდომებდით.

- თქვენ “ბაიერნის” სკოლის გაზრდილი ხართ. რაშია მისი ეფექტურობის საიდუმლო?
- კლუბში ჩვენთან უამრავი უცხოელი ფეხბურთელია და თუკი აკადემიის აღზრდილი ძირითად გუნდში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ ის ამას მართლა იმსახურებს. ვალდებული ხარ, რომ რაღაც დონის ქვემოთ არ დაეშვა. თუკი ცოტას მოუკლებ, უმალ დაკარგავ ადგილს ძირითადში მიუხედავად იმისა, რამდენჯერ ხარ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. საიდუმლო კი იმ კარგ მწვრთნელებშია, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ.

- ერთ-ერთი ასეთი ლეგენდარული თავდამსხმელი გერდ მიულერია...
- დიახ, ის “ბაიერნის” დუბლებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

- ერთად მუშაობის პერიოდში “ნაციის ბომბარდირი” თქვენ მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდა?
- დიახ, ასე იყო, მაგრამ გვარის გამო კი არა, იმის წყალობით, რისი კეთებაც მინდორზე შემეძლო. კარგია, რომ კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენ სწორედ გერდ მიულერის 13-ნომრიანი მაისურა გეცვათ. განგებ აირჩიეთ?
- ეს იყო ფირმა “ადიდასისა” და ნაკრების ჭკვიანური მარკეტინგული სვლა. მეც ვიცოდი ამ ნომრის ისტორია და გადავწყვიტე მეცადა. სასურველი ნომრები ჯერ
გამოცდილმა ფეხბურთელებმა აირჩიეს. საქმე ჩემზე როცა მიდგა, ოლი ბირჰოფმა შემომთავაზა და უარი არ მითქვამს.

- თქვენი საყვარელი პოზიცია რომელია? თავდასხმასა და ნახევარდაცვაში ხომ პრაქტიკულად ყველგან გითამაშიათ.
- მარტივად გიპასუხებთ: შემტევი სტილის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ზუსტად სად არის ჩემი ადგილი მინდორზე, თავადაც არ ვიცი, რადგან პრაქტიკულად ყველგან შემიძლია ასპარეზობა. თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ.

- ვან გაალი ამბობდა, რომ თქვენ ძალიან ძლიერი მენტალიტეტი გაქვთ.
- დიახ, ვფიქრობ, რომ მენტალურად საკმაოდ ძლიერი ვარ. უპირველესად იმიტომ, რომ არასოდეს მაღელვებს, რა დონის მატჩია, ვინაა მეტოქე, რამდენად დიდია ჟურნალისტების ყურადღება და ასე შემდეგ. მე უბრალოდ თომას მიულერი ვარ, გამოვდივარ მინდორზე და ფეხბურთს ვთამაშობ.

- ვან გაალი სწორედ ის ადამიანია, ვინც თქვენ ძირითად შემადგენლობაში ადგილი განდოთ.
- ჩემს განვითარებაში ვან გაალმა დიდი როლი ითამაშა. მან ბევრ საფეხბურთო საიდუმლოს მაზიარა. ერთი სიტყვით, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

- თქვენ “ბაიერნში” 11 წლისა მოხვედით. ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება მშობლიურ კლუბში მთელი კარიერა გაატაროთ?
- დიახ. თუმცა მომავალში რა მოხდება ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ძალების სხვაგან მოსინჯვა მომინდება, თუმცა დღეს ბუნდესლიგა ჩემთვის იდეალური ადგილია. ამიტომ ახლა სწორედ იმაზე ვოცნებობ, რომ კარიერის ბოლომდე “ბაიერნში” ვითამაშო. სხვაგან წასვლა თუ დამჭირდება ახალი ენის სწავლა მომიწევს, არც ოჯახი მეყოლება ახლოს.

- ინგლისურს კარგად ფლობთ. როგორ მოახერხეთ?
- როგორც ყველა, სკოლაში ვსწავლობდი. სიმართლე რომ გითხრათ, შეფასება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი მყავდა, თუმცა ხომ ხედავთ, თქვენთან ურთიერთობაში ეს ხელს არ მიშლის.

- 20 წლის ასაკში უკვე გყავდათ მეუღლე, რაც თქვენი თაობისთვის დამახასიათებელი სულაც არ არის.
- არ ვიცი, ასე ადრე რატომ მოვიყვანე ცოლი, მაგრამ სწორი ნაბიჯი რომ გადავდგი, მაგაში კი დარწმუნებული ვარ. მეოჯახის როლში თავს მშვენივრად ვგრძნობ. ქორწინების შემდეგ მე და მეუღლეს ერთი პრობლემაც კი არ გვქონია.

- შვილებზე ჯერ არ გიფიქრიათ?
- არა, ჯერ რა დროს ბავშვია, მე თავად ბავშვი ვარ.

- რობერტო კარლოსისთვის მთავარი მოტივაცია მშობლებისთვის კარგი სახლის ყიდვა იყო...
- “ბაიერნში” 2000 წლიდან ვარ და მხოლოდ ბოლო ორი წელიწადი ვიყავი დარწმუნებული, რომ პროფესიონალი გავხდებოდი. იქამდე კი ფეხბურთს მხოლოდ გასართობად ვთამაშობდი და სერიოზულად არჩევანზე არც მიფიქრია. თუმცა ფეხბურთს ახლაც მხოლოდ სიამოვნებისთვის ვთამაშობ.

- რაზე ოცნებობთ?
- ბუნდესლიგის მომდევნო გათამაშების მოგებაზე და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება მინდა, ფინალი ხომ მიუნხენში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული