მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ყურადღებას აღარ აქცევს, ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულია, სამი ხედირას თამაში კი, ბუნდესგუნდის მოახლოვებულ მატჩებში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ საკადრო პრობლემების ფონზე, იოგისთვის ორმაგად სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ნაკრებს ურუგვაისთან, აზერბაიჯანთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის დორტმუნდის „ბორუსიას“ საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერიც გამოაკლდა.
გერმანიის ჩემპიონის მთავარმა ექიმმა მარკუს ბრაუნმა გერმანიის ნაკრებში მომუშავე კოლეგა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტს გუშინ შეატყობინა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. ბენდერმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. ბენდერს ბუნდესგუნდში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული,
მაგრამ შვაინშტაიგერისა და ხედირას არყოფნაში, მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებოდა. ახლა კი, ლიოვის განკარგულებაში მხოლოდ სამი ჯანმრთელი საყრდენია: ტონი კროოსი (ბაიერნი), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი) და კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).
სვენ ბენდერი, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა (კიკერის საშუალო შეფასება: 2.72), სრული დატვირთვით ვარჯიშს ზუსტად ერთ თვეში დაიწყებს. ლიოვი დღეს გადაწყვეტს, გამოიძახოს თუ არა ახალი საყრდენი ნახევარმცველი.