რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები რაფინიას სამწლიან კონტრაქტზე მოურიგდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი „ბაიერნს“ საკუთარ ბედს 2014 წლამდე დაუკავშირებს. მიუნხენელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე „ჯენოას“ შეფებსაც შეუთანხმდნენ – „ბილდის“ ინფორმაციით, იტალიური კლუბი რაფინიას სანაცვლოდ 5.3 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერნს“ რაფინიას ყიდვა 2009 წელსაც უნდოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ ბრაზილიელზე უარი ბავარიელთა მაშინდელმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა თქვა – ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მიიჩნია, რომ ფლანგის ორივე მცველი დაბალი არ უნდა იყოს. რაკი ფილიპ ლამი სიმაღლეში 170 სანტიმეტრია, ხოლო რაფინია კი 172, ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი ვან გაალი „ბაიერნის“ დამრიგებელი აღარ არის, მომავალი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კი, როგორც ჩანს, ფლანგის მცველებს სიმაღლის მიხედვით არ განსჯის. რაფინიას ტრანსფერი რეკორდმაისტერისთვის იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი ლამი დაცვის მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლებს, ბრაზილიელი კი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარჯვნივ იასპარეზებს.
ახლა საკითხავი ის არის, რამდენად მოუხდება და შეესაბამება ბრაზილიელი მარჯვენა მცველი „ბაიერნს“. მართალია, სპორტული თვალსაზრისით მას არაფერი დაეწუნება და თავის ამპლუაში ერთერთი საუკეთესოა, მაგრამ რაფინიას სკანდალური ფეხბურთელის იმიჯი აქვს. „შალკეში“ თამაშის დროს (2005-2010) ის უდისციპლინობისთვის არაერთხელ დასაჯა როგორც გერმანიის საფეხბურთო ლიგამ, ისე გელზენკირხენულმა კლუბმაც. ერთხელ კი მას კოლეგებმა „ბუნდესლიგის ყველაზე აუტანელი ფეხბურთელის“ წოდებაც კი მიანიჭეს. თუმცა მეორე მხრივ, რაფინია ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებული და მონდომებული ფეხბურთელია, რომელიც ბოლომდე მედგრად იბრძვის ხოლმე.