ვიზე ”ვოლფსბურგში” გაიჭორა

AutoSharing Option
ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი სპეკულაციაა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები, კერძოდ კი გაზეთი „ბილდი“ ირწმუნება, რომ დიდი შანსია, ბრემენის „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზე „ვოლფსბურგში“ გადავიდეს. ეს ჭორი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ არ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ დაგვეწერა, რადგან ვიზეს „ვოლფსბურგში“ გადასვლის არანაირი არგუმენტი არ არსებობდა. ახლა კი ვითარება შეიცვალა: საქმე იმაშია, რომ „ვოლფსბურგის“ შვეიცარიელ მეკარეს, დიეგო ბენალიოს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან.

ბენალიოს რთული სეზონი ჰქონდა - „მგლები“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩნენ და როგორც ჩანს, 27 წლის შვეიცარიელ კიპერს ვოლფსბურგში დარჩენა აღარ
სურს. „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგის“ ცნობით, ბენალიოს რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება, ყველაზე მეტად კი ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელები აქტიურობენ. „ბილდი“ კი ირწმუნება, რომ ბენალიოს წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რასაც მაშინვე ვიზეს ტრანსფერი მოჰყვება.

ტიმს ჯერ არ უთქვამს, აუცილებლად ბრემენში ვრჩებიო, რაც იმის მაუწყებელია, რომ საინტერესო ვარიანტის შემთხვევაში წამსვლელია. „ვოლფსბურგს“ კი, მისთვის „ვერდერზე“ გაცილებით უკეთესი ფინანსური წინადადებით მიმართვა შეუძლია. რაც შეეხება სპორტულ მხარეს - ამ მხრივ ბრემენული კლუბი „ვოლფსბურგს“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფრით ჩამოუვარდება.

„ტიმ ვიზე ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ სანამ დიეგო ბენალიო გვყავს, მის ყიდვაზე არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ,“ - ეს „ვოლფსბურგის“ მწვრთნელ ფელიქს მაგათის სიტყვებია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მაგათი ვიზეს შეძენაზე მხოლოდ მაშინ დაიწყებს ზრუნავს, თუ ბენალიო წავა. ამ უკანასკნელს კი ნათქვამი აქვს, რომ „ვოლფსბურგში“ თამაში სიამოვნებას აღარ ანიჭებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული