„ლევერკუზენი“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი რომ გახდა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში ეს ჩილელი საყრდენი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის დამსახურებაა. 24 წლის ჩამშლელმა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა - 33 მატჩში 10 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა. ახლა კი ირკვევა, რომ ვიდალის გადაბირება არა მარტო მიუნხენის „ბაიერნს“, არამედ იტალიურ „ნაპოლისაც“ უნდა.
როგორც იცით, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, გუნდის საევროპოდ გაძლიერების დაწყებას კი ვიდალის ტრანსფერით გეგმავენ.
იტალიელთა დაინტერესებას, რაც „ნაპოლის“ ბოსებმა ოფიციალურადაც დაადასტურეს, გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ბაიერს“ ვიდალის შესაძლო
ტრანსფერთან დაკავშირებით არაფრის მოსმენა არ სურს. თუმცა „ბილდმა“ მაინც გამოარკვია, რომ „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ნეაპოლელ კოლეგა რიკარდო ბიგონს შეხვდა და მას ვიდალის შესახებ ესაუბრა. თუმცა შედეგი უცვლელია: ფიოლერის თქმით, ვიდალის გაყიდვა ფაქტობრივად გამორიცხულია. „ბიგონთან საკმაოდ სასიამოვნო საუბარო მქონდა და მას განვუმარტე, რომ „ლევერკუზენი“ არტურო ვიდალის გაყიდვას არ გეგმავს. ჩვენ გაისადაც გვსურს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ამ მიზნის მისაღწევად კი ვიდალი ძალიან გვჭირდება,“ - ამბობს რუდი.
ფიოლერის თქმით, ვიდალის ყიდვა „ნაპოლის“ გარდა კიდევ არაერთ კლუბს უნდა, მაგრამ „ფარმაცევტების“ სპორტული დირექტორი დარწმუნებულია, რომ გუნდის ერთერთი ლიდერის შენარჩუნებას შეძლებს. მეტიც, „ფარმაცევტებს“ ჩილელთან კონტრაქტის გაგრძელებაც უნდათ.