ფეხბურთელი, რომელმაც 2009/2010 წლების სეზონში „ჰამბურგის" მცველები გაამწარა, ახლა ჩრდილოგერმანული კლუბისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში ერთ-ერთი პირველია.
საუბარია 24 წლის უნგრელ ვარსკვლავ ბალაჟ ჯუჯაკზე, რომელიც „ეინდჰოვენის" ღირსებას იცავს. ზემოხსენებულ სეზონში მან ევროპის ლიგის მატჩში "ჰამბურგს" გოლიც გაუტანა და როგორც პირველ, ასევე საპასუხო შეხვედრაში, ჰამბურგელ მცველებს წამდაუწუმ ამწარებდა. ახლა კი, დიდი შანსია, რომ თვითონ გახდეს „ჰამბურგის" მოთამაშე. ჩრდილოელთა მაშინდელი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია იხსენებს, ეს იყო მოთამაშე, რომლის შეჩერება ყველაზე მეტად გვიჭირდაო.
ჯუჯაკის გადაბირება „ჰამბურგის" ახალმა შეფმა ფრანკ არნესენმა მოისურვა. უნგრელმა გასულ სეზონში
ჰოლანდიის ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 13 საგოლე პასია. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ჯუჯაკს მარჯვენა, ან მარცხენა შემტევი გარემარბის ფუნქციების შესრულება შეუძლია და თავს ორივე ფლანგზე ძალიან კარგად გრძნობს. ევროპის ლიგაში მან ამ სეზონში 6 გოლის გატანა მოახერხა, იანვარში კი „ეინდჰოვენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამბურგელები მას იაფად ვერ იყიდიან. თანაც, ჰოლანდიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ეინდჰოვენი" უნგრეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ჯუჯაკს 5 მილიონ ევროდ აფასებს.