გუშინ, არნესენმა „ჩელსიდან“ უკვე მესამე უნიჭიერესი ფეხბურთელი გადაიბირა: გერმანიაში, კერძოდ კიოლნში დაბადებულმა გიოქჰან ტიორემ „ჰამბურგთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. შესაბამისად, 19 წლის ტიორე რიგით მესამე მოთამაშეა, რომელიც „ჩელსიდან“ ჩრდილოგერმანულ კლუბში გადადის. HSV-მ ლონდონიდან მანამდე მაიკლ მანსიენი და ჯაკოპო სალა გადაიბირა.
ტიორე ჰამბურგში გუშინ ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც,
„გიოქჰანი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, - ეს უკვე თავად არნესენის სიტყვებია, - ცაციაა და მარცხენა შემტევი გარემარბის პოზიციაზე თავს იდეალურად გრძნობს. გარდა ამისა, ტიორე ფიზიკურად ძალიან ძლიერი სპორტსმენია და მოედნის ხედვაც საუკეთესო აქვს. ბოლო წლებში უდიდესი პროგრესი განიცადა და დარწმუნებული ვარ, რომ ის „ჰამბურგს“ გამოადგება.“
ტიორე ლონდონში 2009 წელს, „ლევერკუზენის“ ბავშვთა გუნდიდან გადავიდა, „ჩელსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახდა. გასულ უქმეებზე კი ტიორე თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული, მაგრამ ბელგიასთან არ უთამაშია (1:1).
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ჩელსიდან“ „ჰამბურგისკენ“ ახალგაზრდა ფეხბურთელების გადინება გიოქჰან ტიორეს ტრანსფერით არ დასრულდება. აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც არნესენი ჰოლანდიელ მცველ ჯეფრი ბრუმასაც უმიზნებს.
პეტრიჩი ალბათ წავა
სამაგიეროდ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ჰამბურგს“ თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი დატოვებს. ერთის მხრივ, კლუბს მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, რადგან პეტრიჩს ხელშეკრულების ვადა 2012 წელს ეწურება, თუმცა ფეხბურთელის მრჩეველი ამბობს, გული ცუდს მიგრძნობს, ვფიქრობ, რომ ვერ შევთანხმდებითო. ამასთან, პეტრიჩის აგენტი არნესენის სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს - რაღაც ცუდ თამაშს თამაშობს, „ჩელსიდან“ ისეთი ფეხბურთელები მოჰყავს, რომლებსაც გერმანიაში არავინ იცნობს, მათი თამაში კაციშვილს არ აქვს ნანახიო.
არადა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პეტრიჩს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა გატანჯეს და ფორმაში წესიერად შესვლას ვერ ასწრებდა, რომ ისევ შავდებოდა, მლადენმა ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასიც გააკეთა. შესაბამისად, ხორვატს მთხოვნელები არ აკლია. აქედან გამომდინარე, პეტრიჩი ახალი კონტრაქტისთვის საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს. ასე რომ, „ჰამბურგს“ ფაქტობრივად აწყობს მისი გაყიდვა, რადგან თუ მლადენთან ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდა, ჩრდილოგერმანულ კლუბს პეტრიჩის ტრანსფერში ფულის აღების უკანასკნელი შანსი სექტემბრამდე ექნება.