პიანიჩი - "მგლების" ახალი გამთამაშებელი?

AutoSharing Option
ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის ბოლო ტურის წინ, თამაშამდე ერთი დღით ადრე დიეგომ გუნდის სხდომა თვითნებურად დატოვა და თანაგუნდელებს სეზონის გადამწყვეტ მატჩში არ დაეხმარა, „მგლების“ მთავარი მწვრთნელის ფელიქს მაგათის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი გამოდგა.

მას მერე „დესპოტ ფელიქსს“ მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 26 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი თავიდან მოიშოროს. „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგის“ ინფორმაციით, ვლფსბურგელები უკვე ახალ ფლეიმეიქერს ეძებენ, ფავორიტი კი „ლიონის“ 21 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩია. სხვათა შორის, ამ „მგლებში“ გადაყვანა მაგათს ჯერ კიდევ 2008 წელს უნდოდა. ახლა კი
მირალემმა „ვოლფსბურგში“ დიეგო უნდა შეცვალოს.

თვითონ დიეგო ახლა ბრაზილიაშია და ისვენებს, „ვოლფსბურგის“ თემას კი მშობლიურ ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა. „მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელთან გაუგებრობა მქონდა, გერმანიის ჩემპიონატს და „ვოლფსბურგს“ უდიდეს პატივს ვცემ. ფელიქს მაგათთან მას მერე არ მისაუბრია და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი,“ - უთხრა დიეგომ ბრაზილიურ გაზეთ „ესპორტეს“.

ბრაზილიაში კი მუსირებს ხმები, რომ დიეგოს გადაბირება მის ყოფილ კლუბ „სანტოსს“ უნდა. ხსენებულმა გამოცემამ „სანტოსის“ პრეზიდენტ ლუის ალვაროს კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს: „დიეგოს ყიდვა ძალიან გვინდა. მასთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. „სანტოსის“ კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.“

თავად ფეხბურთელმა კი „სანტოსთან“ მოლაპარაკებები უარყო, რაც სულაც არაა გასაკვირი - რაკი კონტრაქტით „ვოლფსბურგს“ ეკუთვნის, გუნდისთვის გვერდით ავლით სხვა კლუბებთან ლაპარაკის უფლება არ აქვს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული