იოახიმ ლიოვის დიდი არჩევანი, მძაფრი კონკურენცია

AutoSharing Option
მართალია, ამაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან მოგებული მატჩების შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში ფაქტობრივად გაინაღდა.

შესაბამისად, დროა, თვალი გადავავლოთ ბუნდესგუნდში არსებულ ვითარებას და გავაანალიზოთ, ვის აქვს განაღდებული ევრო 2012-ზე ასპარეზობა, ვის უნდა ეშინოდეს განაცხადიდან ამოვარდნის და რომელი ფეხბურთელები არიან მზად იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონტინენტის პირველობაზე გერმანიის დროშის ქვეშ იასპარეზონ.

მიუხედავად იდეალური შედეგებისა, გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ ფაქტია, რომ იოახიმ ლიოვის გუნდს პრობლემა არ შეექმნება. ოფიციალურობისთვის კი საჭიროა მხოლოდ
ერთი თამაშის მოგება (უახლოესი მატჩი გერმანიას 2 სექტემბერს ავსტრიასთან უწევს) და ბუნდესგუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე საბოლოოდ გარანტირებული ექნება. შესაბამისად, ბუნდესმწვრთნელ ლიოვს დაახლოებით ერთი წელი, ფაქტობრივად მთელი სეზონი ექნება იმისათვის, რომ ევრო 2012-ისთვის მოემზადოს, ყველაფერი აწონ-დაწონოს და ფეხბურთელები მშვიდად, ყოველგვარი ცაიტნოტის გარეშე შეარჩიოს. და რაც უფრო მეტი დრო გავა, ფეხბურთელები უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ მოექცევიან.

„გუნდი ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებში ცოტა არ იყოს, მოდუნებული მომეჩვენა, რის გამოც ძალიან გავბრაზდი. ფაქტია, რომ შეტევაში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ,“ - თქვა ლიოვმა აზერბაიჯანთან მატჩის შემდეგ და აქვე იმასაც გეტყვით, რომ მან მთელი სეზონის მანძილზე, გერმანიის ნაკრებში სულ 40 ფეხბურთელი ათამაშა.

ბალაკის როლი ნულის ტოლია
ცხადია, იოგი მომდევნო სეზონში კიდევ არაერთ ახალ ფეხბურთელს გამოცდის. დიდი შანსია, რომ გაფართოებული შემადგენლობის რაოდენობამ 50 ფეხბურთელსაც კი მიაღწიოს, ევროპის ჩემპიონატზე კი ჰერ ლიოვმა მხოლოდ 23 მოთამაშე უნდა იახლოს. შესაბამისად, თამამად უნდა ითქვას, რომ თითოეული პოზიციისთვის ბრძოლა დროთა განმავლობაში ძალიან გამძაფრდება.

ლიოვს კი ეს მხოლოდ ახარებს - იმედი მაქვს, გერმანიის ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელი იქნება, კონკურენცია ხომ ძალიან კარგი რამ არისო. ლიოვი არც იმას მალავს, რომ ბუნდესგუნდში დღეს გაცილებით დიდი კონკურენციაა, ვიდრე მაშინ, როცა გერმანიის ნაკრების მწვრთნელად მუშაობა დაიწყო - დღეს ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი კარგი ფეხბურთელი მყავსო.

გადაწყვეტილია, რომ მიხაელ ბალაკს ბუნდესნაკრებში არანაირი როლი აღარ ექნება. ლიოვი უახლოეს მომავალში გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს უნდა შეხვდეს და ესაუბროს, თუმცა უკვე ცხადია, რომ ბალაკი ნაკრებში აღარ ითამაშებს.

ახლა კი მივყვეთ თანმიმდევრობით, პოზიციების მიხედვით:

მეკარეები: ნოიერი ხელშეუხებელია
ორი აზრი არ არსებობს: გერმანიის ნაკრების კარს ევროპის ჩემპიონატზე ახლახან „შალკედან“ „ბაიერნში“ გადასული მანუელ ნოიერი დაიცავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ხელშეუხებელი პირველი ნომერია. მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი შემცვლელები რენე ადლერი (ლევერკუზენი) და ტიმ ვიზე (ვერდერი) იყვნენ, თუმცა ბუნდესლიგის გასულ სეზონში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი კიპერი გამოჩნდა, რომლებსაც ნაკრებში მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსები აქვთ - მაგალითად, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი), ჰანოვერელი რონ-რობერტ ცილერი და კაიზერსლაუტერნელი კევინ ტრაპი. სამივემ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და გამორიცხული არაა, რომ რომელიმე მათგანი ნაკრებში ვიზეს ან თუნდაც ადლერის ნაცვლად მოხვდეს. ლიოვის თვალთახედვის არეში რალფ ფერმანი (შალკე) და თომას კრაფტიც (ჰერტა) არიან.

მცველები: ლამი შეუცვლელია, ჰუმელსი ფეხს იკიდებს
მცველებიდან, გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ფილიპ ლამს აქვს გარანტირებული. 2010 წლის მუნდიალზე დაცვის ცენტრში პერ მერტეზაკერისა (ვერდერი) და არნე ფრიდრიხის (ვოლფსბურგი) ტანდემმა იასპარეზა, მაგრამ გასულ სეზონში ორივე ფეხბურთელი დიდ ხანს იყო ტრავმირებული. პერი და არნე დღესაც არ არიან საუკეთესო ფორმაში და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ერთი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე გერმანია დაცვის სულ სხვა ცენტრით წარსდგეს. მერტეზაკერი და ფრიდრიხი ძირითადი შემადგენლობის წევრებად კი მიიჩნევიან, მაგრამ უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები. მათი უპირველესი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსიას“ დაცვის ბურჯი, ახალგაზრდა მატს ჰუმელსია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის განაცხადში შტუტგარტელი სერდარ ტასკიც იყო, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, თუ მომავალ სეზონში რაიმე სასწაული არ მოხდა, ლიოვი მას ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანს, რადგან მერტეზაკერის, ფრიდრიხისა და ჰუმელსის გარდა, ბუნდესგუნდის დაცვის ცენტრში ისედაც ძალიან დიდი კონკურენციაა: ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ამბიცია ჰოლგერ ბადშტუბერს (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგსა (მანჩესტერ სიტი) და ბენედიქტ ჰიოვედესსაც (შალკე) აქვთ. თანაც, ეს ფეხბურთელები ტასკიზე ორი თავით მაღლა დგანან.

დაცვაში ლიოვისთვის ყველაზე პრობლემატური ზონა ფლანგებია. ლამი ან მარცხნივ ითამაშებს, ანაც მარჯვნივ და თან გუნდის კაპიტანიც იქნება. და ვინ უნდა იყოს ფლანგის მეორე მცველი? მარსელ შმელცერმა დორტმუნდის „ბორუსიაში“ ბრწყინვალე სეზონი კი ჩაატარა, მაგრამ გერმანიის ნაკრებში იმედები მაინცდამაინც ვერ გაამართლა. თუმცა შმელცერი დაცვის მარცხენა ფლანგისთვის მაინც პირველი ალტერნატივაა - ასეთ შემთხვევაში, ლამი მარჯვნივ ითამაშებს. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ლიოვმა მარჯვენა მცველი აღმოაჩინა, ლამი მარცხნივ გადაინაცვლებს, შმელცერი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩება. თუმცა მარჯვენა მცველის პოზიციისთვის იოგის დიდი არჩევანი არ აქვს: ლამის გარდა, ამ ადგილზე ასპარეზობა ბოატენგს, ჰიოვედესს და კრისტიან ტრეშს შეუძლიათ. ფაქტია, რომ ლამი მარჯვნივ და შმელცერი მარცხნივ ამ ეტაპზე ყველაზე გამართლებული ვარიანტია.

არის კიდევ ერთი ვარიანტი: ანდრეას ბეკი. თუ ეს უკანასკნელი ტურინის „იუვენტუსში“ გადავა და „ბებერ ქალბატონში“ ადგილს დაიმკვიდრებს, ცხადია, რომ ლიოვისთვის ერთერთი ალტერნატივა იქნება.

ნახევარმცველები: შვაინშტაიგერი ცენტრში შეფია
რაკი ლიოვი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას არ ღალატობს და ამბობს, არც ვუღალატებო, მას ძირითად შემადგენლობაში 5 შუამარბი სჭირდება. საყრდენების პოზიციებზე თამაში ბასტიან შვაინშტაიგერს (ბაიერნი) და სამი ხედირას (რეალი) განაღდებული აქვთ. ახალგაზრდა ტონი კროოსმა ბოლო დროს დაამტკიცა, რომ ერთერთი ალტერნატივაა, მაგრამ არა ისეთი, რომ სასტარტოში თამაში ვუწინასწარმეტყველოთ.

სიმონ როლფესი ხშირად იღებს ტრავმებს, თუმცა უკვე ძალიან გამოცდილია და როცა ჯანმრთელია, გერმანიის ნაკრებში ყოველთვის უხმობენ ხოლმე. სვენ ბენდერმა „დორტმუნდში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ტრეშის მთავარი კოზირი კი ისაა, რომ არა მარტო საყრდენი ნახევარმცველის, არამედ მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა.

ლიოვს შემტევი ნახევარმცველების სამ პოზიციაზეც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, გადაწყვეტილი კი მხოლოდ ისაა, რომ „რეალის“ ფლეიმეიქერი მესუთ იოზილი აუცილებლად სასტარტოში ითამაშებს. თომას მიულერი (ბაიერნი) და ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) უპირველეს ვარიანტებად კი რჩებიან, მაგრამ ამ სეზონში ანდრე შიურლემ (მაინცი) უდიდესი პროგრესი განიცადა, ურუგვაისთან და აზერბაიჯანთან მატჩებში კი დაამტკიცა, რომ პოდოლსკის ღირსეული კონკურენტია.
სამაგიეროდ, თითქმის უშანსოდ არიან მარკო მარინი და პიოტრ ტროხოვსკი, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ, მომავალ სეზონში კი, ნაკრებში დასაბრუნებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. დორტმუნდელ მარიო გიოტცეს კი არათუ ძალიან კარგი, არამედ გრანდიოზული სეზონი ჰქონდა. სხვა დორტმუნდელებისგან განსხვავებით, მარიომ თავისი შესაძლებლობები გერმანიის ნაკრებშიც დაამტკიცა და თამამად უნდა ვთქვათ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლიოვი გიოტცეს უკრაინასა და პოლონეთში აუცილებლად წაიყვანს.

თავდამსხმელები: გომესი და კლოზე! კიდევ?
თუ ჯანმრთელად იქნებიან, ლიოვი მარიო გომესსა (ბაიერნი) და მიროსლავ კლოზეს („ბაიერნიდან“ „ლაციოში“ გადავიდა) ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად იახლებს. მუნდიალზე გომესისა და კლოზეს შემცვლელები ლევერკუზენელი შტეფან კისლინგი და შტუტგარტელი კაკაუ იყვნენ, მაგრამ გასულ სეზონში უმეტესად ლაზარეთში იმყოფებოდნენ და ფორმიდან ამოვარდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი საქმე არც ისე კარგადაა - თანაც, კაკაუ უკვე 30 წლისაა.

სამაგიეროდ, ამ სეზონში თავი გამოიჩინა 22 წლის იულიან შიბერმა, რომელიც „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა, ახლა კი შტუტგარტში ბრუნდება. საკმარისია, შიბერმა მომავალი სეზონის მაღალ დონეზე ჩაატაროს, რომ იოგი მას უკრაინასა და პოლონეთში აუცილებლად იახლებს, ნაკრებს მიღმა კი უფრო კაკაუს დატოვებს, ვიდრე კისლინგს.

ვის როგორი შანსი აქვს
ნაკრებში ადგილი განაღდებული აქვთ: მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, პერ მერტეზაკერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, სამი ხედირა, მესუთ იოზილი, თომას მიულერი, ლუკას პოდოლსკი, მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე.

კარგი შანსი აქვთ: რენე ადლერი, ტიმ ვიზე, არნე ფრიდრიხი, მატს ჰუმელსი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, მარსელ შმელცერი, დენის აოგო, ბენედიქტ ჰიოვედესი, ტონი კროოსი, ანდრე შიურლე, მარიო გიოტცე, მარკო როისი, სვენ ბენდერი, კრისტიან ტრეში, სიმონ როლფესი, კევინ გროსკროიტცი.

დამატებით სიაში არიან: ოლივერ ბაუმანი, რონ-რობერტ ცილერი, მარსელ იანსენი, ლუის ჰოლტბი, სებასტიან რუდი, შტეფან კისლინგი, იულიან შიბერი.

თითქმის უშანსოდ არიან: კევინ ტრაპი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჰაიკო ვესტერმანი, სერდარ ტასკი, ანდრეას ბეკი, მიხაელ ბალაკი, მარკო მარინი, აარონ ჰანტი, პიოტრ ტროხოვსკი, კრისტიან გენტნერი, თომას ჰიტცლშპერგერი, კაკაუ.

გერმანიის ნაკრების ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა სადღეისოდ (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ფრიდრიხი, ჰუმელსი (ან მერტეზაკერი), შმელცერი - შვაინშტაიგერი, ხედირა - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - გომესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული